ბაქოს “სერხაჯის” დარბაზში მიმდინარე ტურნირზე “აზერბაიჯანის ფედერაციის თასზე”, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრებმა სამივე სინჯის ორ-ორი მედალი მოიპოვა.
შაკო ბედინიდისის გაწვრთნილი გუნდიდან, ყველაზე შედეგიანად ალექსანდრე კილაძემ (42 კგ) და შმაგი თოდუამ (46 კგ) იჭიდავეს – შეჯიბრება ორივემ წაუგებლად ჩაამთავრა. ტურნირის მიმომხილველი ვებ-გვერდის ცნობით, კილაძემ მეოთხედფინალში ყაზახ სანიარბეკ ტურდუბაიევს აჯობა, ნახევარფინალში თურქ უტკუ დოგანს, ხოლო გადამწყვეტ ბრძოლაში, ყაზახეთის ნაკრების წევრ აიბეკ სულეიმანოვს.
თოდუამ ფინალის გზაზე ტურნირის მასპინძლები, ფაზილ ჰასანოვი და ოქსან აბასოვი ჩამოიცილა. ჩემპიონის ტიტული კი ყაზახი ნურიან სეიდოვის ძლევით გაინაღდა.
ედუარდ ნიკოლიშვილსა (63 კგ) და ტარიელ გაფრინდაშვილს (69 კგ), კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასასვლელად ბოლო შეხვედრის მოგებაღა დააკლდათ, ხოლო რამაზ ზოიძე (58 კგ) და გივი მაჭარაშვილი (100 კგ) ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.
ნიკოლიშვილმა მეოთხედფინალში თურქი ტოლგა აიდინი დაამარცხა, ნახევარფინალში რუსი აბდულა მაგომედალიევი, ფინალში კი აზერბაიჯანელ რუსტამ ქასიმოვთან წააგო. გაფრინდაშვილიც მასპინძელთან, მაჰამადრასულ მუხუტდინოვთან მარცხის შემდეგ დასჯერდა ვერცხლს. იქამდე, ქართველმა ჭაბუკმა ყაზახი იერნარ ამანგალდიევისა და აზერბაიჯანელი მურად მაჰამადსაიდოვის ძლევა მოასწრო.