ჩოგბურთი

17:53 | 24.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

წყვილებში წარმატებული სტარტი აიღეს

ქალთა შორის საქართველოს პირველმა ჩოგანმა ანა ტატიშვილმა “ბაქოს თასზე” (საპრიზო ფონდი 235 ათასი დოლარი) ერთეულთა თანრიგში პირველივე მატჩი წააგო, წყვილებში კი წარმატებული სტარტი აიღო.

ტატიშვილმა და სერბმა ვესნა დოლონცმა “უაილდ ქარდის“ მქონე აზერბაიჯანელ კამილა ფარჰადს და უზბეკ საბინა შარიპოვას შანსი არ დაუტოვეს და 51 წუთში მხოლოდ 2 გეიმი დაუთმეს – 6:1, 6:1.

მეოთხედფინალში გასვლის წყალობით, ტატიშვილმა და დოლონცმა 70 სარეიტინგო ქულა მიიღეს, შემდეგ მატჩში კი მე-4 ნომრად განთესილ ჩეხურ (კაროლინ და კრისტინა პლისკოვები) და უზბეკურ-უკრაინულ (აბდურაიმოვა-კაპშაი) წყვილებს შორის უმჯობესს შეხვდებიან.

ბაქოს ტურნირზე მე-2 ნომრად განთესილმა ოქსანა კალაშნიკოვამ და უკრაინელმა ირინა ბურიაჩოკმა რუმინელ ალექსანდრა კადანტუს და ესპანელ ინეს სუარეს ფერერს 6:1, 6:2 მოუგეს და ასევე 70 ქულა მიიღეს.

კალაშნიკოვა და ბურიაჩოკი მეოთხედფინალში ბელარუს ილონა კრემენს და რუს მარინა მელნიკოვას ეთამაშებიან, რომელთაც საწყის შეხვედრაში “უაილდ ქარდის” მქონე თამარ ჭალაგანიძეს და აზერბაიჯანელ ნაზრინ ჯაფაროვას 6:2, 6:0 მოუგეს.

ასტანას 125-ათასიანი ტურნირის მერვედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი მე-4 რეიტინგის მქონე რუს კონსტანტინ კრავჩუკს გადაეყარა და 0:6, 4:6 წააგო.

სტამბულის 10-ათასიანი ტურნირის კვალიფიკაციაში მასპინძლებს – მერტ ალტინალევს და არდა უზუმჩუს, შესაბამისად, 6:0, 6:2 და 6:3, 7:6 (7:4) სძლია მიხეილ ხმიადაშვილმა, ძირითად ბადეში კი რუმინელ რობერტ კომანთან 6:2, 5:7, 5:7 წააგო. გიორგი ჯავახიშვილი მე-6 ნომრად განთესილ ფრანგ მეტიუ როისთან 6:7 (6:8), 2:6 დამარცხდა, ხოლო გიორგი ცივაძე ახალზელანდიელ ფინ ტირნის ვერ გაუმკლავდა – 2:6, 4:6.

ჯერჯერობით, ბრძოლას აგრძელებს ალექსანდრე მეტრეველი, რომელმაც პირველ წრეში მე-4 რეიტინგის მქონე ბრიტანელ ჯეკ კარპენტერს 6:3, 4:6, 6:1 სძლია და მერვედფინალში პუერტო რიკოელ ალექს ლომპარტს დაუპირისპირდება.

წყვილებში მეტრეველმა და ცივაძემ თურქები – ადანალი და ზინჩირლი 6:2, 5:7, 10:3 დაამარცხეს, მეოთხედფინალში კი ხსენებულ ლომპარტთან და ტირნისთან 3:6, 5:7 წააგეს.

0.137378