ჰოლანდიის დედაქალაქ ამსტერდამში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე წყალში ხტომაში წარმატებას მიაღწია ქართულმა წყვილმა.
“ამსტერდამის თასი 2014”-ზე წყალში ხტომაში სინქრონულმა წყვილმა სანდრო მელიქიძისა და ჭოლა ჭანტურიას შემადგენლობით, 3-მეტრიანი ტრამპლინიდან ხტომებში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ქართულმა წყვილმა 311 ქულა მოაგროვა და მხოლოდ 6 ქულით ჩამორჩა მეორეადგილოსან ჰოლანდიას. ტურნირის გამარჯვებულები შვედეთის წარმომადგენლები გახდნენ 355 ქულით.
აღსანიშნავია, რომ სანდრო მელიქიძე-ჭოლა ჭანტურიას წყვილს ამსტერდამში სადებიუტო გამოსვლა ჰქონდა. შეჯიბრში 14 ქვეყნის 110 სპორტსმენი მონაწილეობდა.
სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური