უმაღლეს ლიგაში დარჩენისთვის მებრძოლმა “ზუგდიდმა” ქვედა ექვსეულის პირველ ტურში მეტად საჭირო ქულები აიღო. გიორგი დარასელიას გაწვრთნილებმა სტუმრად თბილისის “ვიტ ჯორჯია” დაამარცხეს და სატურნირო ცხრილში ერთი საფეხურით მაღლა მყოფ “სპარტაკს” გატანილ-გაშვებული ბურთების უარესი სხვაობით ჩამორჩებიან. სტუმართა გამარჯვებაში ლომის წვლილი კლიმენტი წიტაიშვილმა შეიტანა, რომელმაც მოედანზე საათი დაჰყო და ჯერ გოლი გაიტანა, ხოლო შემდეგ საგოლე პასი მიითვალა.
თამაში სტუმართა ტერიტორიული უპირატესობით დაიწყო და მათ უკვე მე-4 წუთზე ანგარიშის გახსნა შეეძლოთ. ზვიად სიხარულიამ მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმო დარტყმა სახიფათოდ შეასრულა და კლიმენტი წიტაიშვილი შორეულ ძელთან ბურთს ნახტომში ვერ მიწვდა. მე-10 წუთზე, ზუგდიდელებმა მარცხენა ფლანგიდან შეუტიეს და მეტოქის მცველების შეცდომის შემდეგ, თბილისელთა საჯარიმოში შესულმა სიხარულიამ კარს მარცხენა მახვილი კუთხიდან ააცდინა. ამ ეპიზოდიდან ერთ წუთში, ჯორჯე კრკელიჩი მასპინძელთა საჯარიმოში მარჯვნიდან შეიჭრა, ორ მოწინააღმდეგეს გასცდა და ბურთი ოთარ ჯავაშვილს გადააწოდა, რომლის დარტყმული ჯონი შეროზიამ მოიგერია.
ტაიმის შუაწელში, “ვიტ ჯორჯიას” პირველი გააზრებული შეტევის დროს, მარჯვნიდან ლევან საბაძის ჩამოწოდების მერე, “ზუგდიდის” საჯარიმოში მყოფმა ნიკა სიჭინავამ შეუჩერებლად დაარტყა და ბურთი მოედანმა აისხლიტა, რის შემდეგ, კარს უკან ჩაეშვა. 32-ე წუთზე, სტუმართა შეტევა სიხარულიამ წამოიწყო, რომელმაც მარცხენა ფრთაზე ოთარ ჯავაშვილი მოძებნა, ხოლო ამ უკანასკნელის ჩამოწოდების შემდეგ, ცოტნე სამუშიამ თავით კარგი პასი გაუკეთა წიტაიშვილს და “წიემაც” ახლო მანძილიდან ვარდნაში დარტყმით ანგარიში გახსნა.
39-ე წუთზე, გიორგი კორიფაძისგან ბურთი გიორგი გეთიაშვილმა მიიღო და “ზუგდიდის” საჯარიმოს ხაზიდან მცირედ არაზუსტად “გაისროლა”. ტაიმის მიწურულს, ირაკლი ღიბრაძემ დაახლოებით 22 მეტრიდან “საჯარიმო” დაარტყა და მაქსიმე ქვილითაიას ბურთი გაუვარდა, მაგრამ ელგუჯა ლობჯანიძემ დამატებაზე ახლოა მანძილიდან ვერ იხეირა.
მეორე ტაიმი 10 წუთის განახლებული იყო, რომ ნიკა მაისურაძემ საუცხოო პასი მისცა მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან “გახსნილ” კორიფაძეს, რომლის გადაცემის მერე, ბაქარ მირცხულავა ხელსაყრელ პოზიციაში მყოფ ლობჯანიძეს ფეხებში ჩაუვარდა და არ დაარტყმევინა.
58-ე წუთზე, “ვიტ ჯორჯიას” დაცვის ხაზი შეცდა, ხოლო დავით კირკიტაძემ დროულად მოძებნა წიტაიშვილი, რომელმაც უკეთეს პოზიციაში მყოფი გურამ სამუშიასთვის ბურთი არ დაინანა და შეროზიასთან მარტო დარჩენილმა ზუგდიდელმა თავისი შანსი ხელიდან არ გაუშვა.
მეორე გოლის გატანის შემდეგ, “ზუგდიდი” აშკარად მოეშვა და თამაშის დასრულებამდე უპირატესობას “ვიტ ჯორჯია” ფლობდა. 64-ე წუთზე, თბილისელებმა კუთხური მოაწოდეს და ლობჯანიძის თავურის შემდეგ, კარისკენ მიმავალი ბურთი ნიკა აფაქიძემ მოიგერია. ამ ეპიზოდში მასპინძელი ფეხბურთელები, მწვრთნელი და ლოჟაში მყოფი კლუბის ხელმძღვანელობა ირწმუნებოდა, რომ აფაქიძემ ხელით ითამაშა, მაგრამ არბიტრმა პენალტი არ დანიშნა. ამის შემდეგ, “ვიტ ჯორჯიას” ფეხბურთელების პრეტენზიები როგორც მთავარი, ასევე, გვერდითი არბიტრების მიმართ გახშირდა.
68-ე წუთზე, “ვიტ ჯორჯიამ” ანგარიშის შემცირების რეალური შანსი გაუშვა, როდესაც ლობჯანიძემ ახლო მანძილიდან თავით ბურთი კარს ააცილა. 74-ე წუთზე, შორი მანძილიდან ერეკლე ხვისტანმა დაარტყა და ბურთმა გვერდით ძელს ახლოს ჩაუარა. მალევე, თბილისელთა მორიგი შეტევის დროს, “ზუგდიდის” მცველები კვლავ შეცდნენ, მაგრამ შოთა დავლაშელიძის “მაკრატელაც” უზუსტო აღმოჩნდა. ცოტა ხანში, სტუმართა დაცვა ისევ “ჩავარდა” და ლობჯანიძემ მარჯვენა მახვილი კუთხიდან ვერ გაიტანა.
82-ე წუთზე, გიორგი მჭედლიშვილთან ორთაბრძოლის დროს კირკიტაძე დაჯარიმდა და მსაჯს სტუმართა ნახევარმცველის მიერ უკმაყოფილების გამოთქმის ფორმა არ მოეწონა, რისთვისაც მეორე ყვითელი ბარათი აჩვენა, რომელიც ავტომატურად “გაწითლდა”.
84-ე წუთზე, კორიფაძემ მარცხენა ფლანგიდან კუთხური მოაწოდა და ქვილითაიას ბურთი ხელიდან გაუვარდა, ხოლო გეთიაშვილმა თითქმის კარის ხაზიდან ერთი გოლი გაქვითა. 89-ე წუთზე, კორიფაძის მორიგი კუთხურის შემდეგ, გეთიაშვილის მარჯვენა მახვილი კუთხიდან თავით ანგარიშის გასათანაბრებლად ცოტა დააკლდა. 93-ე წუთზე, კორიფაძემ უკვე “საჯარიმო” შეასრულა და ლობჯანიძის თავურის მერე, ბურთს, რომელმაც გვერდით ძელს სანტიმეტრებით ჩაუარა, მაისურაძეც ვერ მისწვდა.
ვიტ ჯორჯია (თბილისი) – ზუგდიდი 1:2 (0:1)
ვიტ ჯორჯია: შეროზია, საბაძე, გეთიაშვილი (კ), კალანდია, გიორგი მჭედლიშვილი, ღიბრაძე (ხვისტანი, 63), წყაროზია (მაისურაძე, 46), დავლაშელიძე, კორიფაძე, სიჭინავა, ელგუჯა ლობჯანიძე.
მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ბერიძე.
ზუგდიდი: მაქსიმე ქვილითაია, მირცხულავა, აფაქიძე, ქათამაძე, ჯავაშვილი, სიხარულია (კ), ქებაძე, კირკიტაძე, ცოტნე სამუშია (გურამ სამუშია, 46), კრკელიჩი (ქირია, 80), წიტაიშვილი (გუგუჩია, 60).
მთავარი მწვრთნელი: გიორგი დარასელია.
გოლები: 0:1 წიტაიშვილი (33), 0:2 გურამ სამუშია (58), 1:2 გეთიაშვილი (84).
გაფრთხილება: კირკიტაძე (34), ღიბრაძე (59), საბაძე (62), მირცხულავა (72), კირკიტაძე (82).
გაძევება: კირკიტაძე (82).
მთავარი მსაჯი: გოგა კიკაჩეიშვილი.
დილა (გორი) – მერანი (მარტვილი) 1:2 (0:0)
გოლები: 1:0 კობა შალმბერიძე (53), 1:1 დათა ციცხვაია (67), 1:2 კიჭი მელიავა (72)
ტორპედო (ქუთაისი) – სპარტაკი (ცხინვალი) 0:2 (0:0)
გოლები: 0:1 კემუხტაშვილი (52), 0:2 პარუნაშვილი (84).
1 | დილა | 23 | 8 | 8 | 7 | 29:24 | 32 |
2 | ვიტ ჯორჯია | 23 | 8 | 5 | 10 | 29:31 | 29 |
3 | ტორპედო | 23 | 8 | 5 | 10 | 24:32 | 29 |
4 | სპარტაკი | 23 | 7 | 2 | 14 | 21:32 | 23 |
5 | ზუგდიდი | 23 | 6 | 5 | 12 | 14:31 | 23 |
6 | მერანი | 23 | 5 | 3 | 15 | 18:41 | 18 |
მეგოლეები:
14 – დიმიტრი ტატანაშვილი (“ზესტაფონი”)
13 - ჩისკო მუნიოსი (“დინამო”)
9 – დორინ გოგა, ირაკლი მოდებაძე (2, “დინამო”)
8 - ნიკა საბანაძე (“ზესტაფონი”)
7 - ვილი ისიანი (“გურია”), გიორგი მერებაშვილი (“დინამო”)
6 – თორნიკე კაპანაძე (“ზესტაფონი”), ელგუჯა ლობჯანიძე, გიორგი კორიფაძე, გიორგი გაბედავა (“ვიტ ჯორჯია”)
5 – გრიგოლ დოლიძე (“ზესტაფონი”), ჯაბა ჯიღაური, ბესიკ დეკანოიძე (“ჩიხურა”), ლუკა რაზმაძე (“დილა”), ჯაბა დვალი (“დინამო” / “ყარაბახი” აზერბაიჯანი)
შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:
-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;