25-ე ეროვნული ჩემპიონატის პირველი ეტაპის ბოლო მატჩი ორივე გუნდისთვის პრინციპული მნიშვნელობისა იყო. სტუმარ გურულებს ზედა ექვსეულში კუთვნილი ადგილი კი გაენაღდებინათ, მაგრამ იმის გამო, რომ გუნდებს დაგროვილი ქულები მეორე ეტაპზეც გადაჰყვებათ, ნაკლებად მოტივირებულნი სულაც არ უნდა ყოფილიყვნენ. მით უფრო, ცხრილის ზედა ნაწილში ქულათა სხვაობა ისეთია, საევროტურნირო ადგილისთვის ბრძოლაში “ზემოთ” მყოფთაგან ყველა მოტივირებულნი არიან.
ლანჩხუთელთაგან განსხვავებით “ზუგდიდს” უფრო მოკრძალებული მიზანი აქვს. გიორგი დარასელიას გაწვრთნილები უმაღლეს ლიგაში სპორტული პრინციპით ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვიან და მათთვის ყველა ქულას, მით უფრო შინ მოპოვებულს, ოქროს ფასი აქვს.
თამაში მასპინძელთათვის იღბლიანად დაიწყო. პირველივე რეალური მომენტი გოლად იქცა. თავი ზუგდიდელთა მარცხენა მცველმა ოთარ ჯავაშვილმა ისახელა, რომელმაც მე-5 წუთზე საკუთარი გუნდის შეტევა საჯარიმოს სიახლოვიდან მძლავრი დარტყმით დააგვირგვინა.
სტუმრები გაშვებულ გოლს არ შეუშინებია. ისინი პანიკას არ მისცემიან და დროგამოშვებით ცდილობდნენ “ზუგდიდის” ნახევარზე ხიფათის შექმნას. აღნიშვნის ღირსია, მასპინძელი მცველების დამაჯერებელი თამაში, რითაც ისინი წინახაზელთათვის სტიმულის მიცემას ახერხებდნენ.
მასპინძელთა თავკაცმა ცხინვალის “სპარტაკთან” მარცხიანი (0:2) მატჩის შემდეგ შემადგენლობაში ერთგვარი კორექტივები შეიტანა. ძირითადში ადგილი დაიბრუნა გამოცდილმა მეკარე მაქსიმე ქვილითაიამ. მოულოდნელი, თუმცა საბოლოოდ გამართლებული ნაბიჯი გამოდგა 19 წლის ცოტნე სამუშიას მთავარ გუნდში დაბრუნება. თუმცა, ამ დღეს იყო კიდევ ერთი, ქართული ფეხბურთის სტატისტიკის მოყვარულთათვის უფრო მნიშვნელოვანი დაბრუნება.
35 წლის კლიმენტი წიტაიშვილი, ეროვნულ ჩემპიონატს ფეხბურთელის რანგში 11-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. ბოლოს მან აქ ფოთის “კოლხეთში” ითამაშა. სულ კი, მდიდარი სათამაშო კარიერის განმავლობაში 5 ქართული და 7 უცხოური კლუბის მაისური მოურგია. მოკლედ, წიტაიშვილი დაბრუნდა და როგორც არაერთხელ უთქვამს პრესის წარმომადგენლებთან საუბრისას, ბევრი გოლის გატანით სურს მშობლიური გუნდისთვის (მისი ოფიციალირი დებიუტი, შორეულ 1993 წელს სწორედ ზუგდიდურ გუნდში შედგა) ხელშეწყობა. აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ წიტაიშვილს “ზუგდიდში” მთავარი მწვრთნელის ასისტენტის პოსტიც უკავია.
გამოცდილმა ფორვარდმა აქტიურ ფეხბურთში დაბრუნება გატანილი გოლით ვერა, მაგრამ ეფექტურ ვარდნაში შესრულებული დარტყმით აღნიშნა. მასვე პირველ ტაიმში თავური დარტყმით შეეძლო ლანჩხუთელთა კარის აღება, მაგრამ სიზუსტემ დააღალატა.
გოლით თავის გამოჩენა შეეძლო მასპინძელთა უცხოელ შემტევ ჯორჯე კრკელიჩს. მეორე ტაიმის შუაგულში, ჩერნოგორიელი ფორვარდი დათო კირკიტაძემ შესანიშნავი პასით დატოვა ხელსაყრელ პოზიციაში. ბალკანელის დარტყმული ცარიელი კარიდან “გურიას” მცველმა გამოიტანა, თუმცა ყველას “ზუგდიდის” კაპიტანმა ზვიად სიხარულიამ დაასწრო და სეზონში თავისი მე-3 გოლი გაიტანა – 2:0.
არბიტრის საფინალო სასტვენამდე დარასელიას გაწვრთნილებს კარის “მშრალად” შენახვა არ გასჭირვებიათ. ეს გუნდში ამ სპეციალისტის მოსვლის შემდეგ მე-4 (სეზონში მე-5) გამარჯვებაა.
მალე ჩემპიონატის დასკვნითი ეტაპის კალენდარი გამოქვეყნდება. ზედა და ქვედა ექვსეულები ერთმანეთში ორწრიანი გათამაშების შემდეგ გამოავლენენ სეზონის წარმატებულ ოთხეულს და იმ 2 გუნდს, რომლებიც ჩემპიონატის ჩატარების არსებული დებულებით უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლებას 2 დაბალლიგელს დაუთმობენ.
ზუგდიდი – გურია 2:0 (1:0)
16 მარტი. 15:00. განმუხური, ცენტრალური, 2000 მაყურებელი.
“ზუგდიდი”: ქვილითაია, ჯავაშვილი, მირცხულავა, აფაქიძე, ქათამაძე, კირკიტაძე, სიხარულია (კაპ.), ქებაძე, ც. სამუშია (შ. ლომია, 59), წიტაიშვილი (გუგუჩია, 50), კრკელიჩი (ნ. ქირია, 79).
მთავარი მწვრთნელი: გიორგი დარასელია.
“გურია”: ბობღიაშვილი, ვ. ხორგუაშვილი, ნ. კილაძე, ქურდაძე, მეგრელიშვილი, გაჩეჩილაძე, ძამსაშვილი (ი. კილაძე, 79), შენგელია, კვერენჩხილაძე (ე. კილაძე, 71), გ. გაგნიძე (ნიქაბაძე, 46), ისიანი.
მთავარი მწვრთნელი: დავით მახარაძე.
გოლები: 1:0 ჯავაშვილი (5), 2:0 სიხარულია (76).
გაფრთხილებები: ნ. კილაძე (59), ძამსაშვილი (68).
მსაჯი: ხვიჩა გაგნიძე (გორი).
ბახვა ლომჯარია