საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ლევან წიკლაურმა (81 კგ), შეიძლება, 26 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე ბრაზილიაში ჩასატარებელი მსოფლიოს ჩემპიონატი გამოტოვოს. ევროპის პრიზიორმა და გუნდური ევროპირველობის ჩემპიონმა სპორტსმენმა, გასულ კვირას, მოსკოვში, “დიდი სლემისთვის” მოსამზადებელი ერთ-ერთი ვარჯიშისას მუხლი დაიზიანა და ტურნირზე ვერ იჭიდავა.
“როგორც გამოკვლევამ აჩვენა, წიკლაურს მენისკის ოპერაცია სჭირდება. თუ პრობლემა ქირურგიული ჩარევის გარეშე არ მოგვარდა, მაშინ მსოფლიოს ჩემპიონატის გამოტოვება მოუწევს, მაგრამ ჯერ კიდევ არის იმედი, რომ ექიმები მის ბრაზილიურ ტატამზე გაყვანას მაინც მოახერხებენ. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ანალოგიური ტრავმის დროს, სპორტსმენებს მკურნალობის პარალელურად ვარჯიშიც გაუგრძელებიათ და დიდ ტურნირებზეც უჭიდავიათ. იმედია, ლევან წიკლაურის შემთხვევაშიც ასე იქნება”, – აცხადებს საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი.
საქართველოს ნაკრები უახლოეს ერთ კვირას სოჭში გაატარებს, სადაც ერთობლივი სანაკრებო შეკრება გაიმართება. ლევან წიკლაური კი ამ ეტაპზე ვერ ვარჯიშობს. შეძლებს თუ ვერა ბრაზილიურ ტატამზე გასვლას, უახლოეს მომავალში გამოჩნდება.