ჭადრაკი

1:01 | 30.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

წარმატებული ტური ჰაიდარაბადში

ინდოეთის ქალაქ ჰაიდარაბადში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის მე-6 ტური წარმატებული გამოდგა ქართველი მოჭადრაკეებისთვის: ლევან ფანცულაიამ (2595) და თორნიკე სანიკიძემ (2553) გამარჯვებები იზეიმეს, მერაბ გაგუნაშვილმა კი ყაიმი გააფორმა.

ფანცულაიამ სომეხი ლევონ ბაბუჯიანი (2510) დაამარცხა და 5.0 ქულით მე-2 ადგილი უკავია, სანიკიძემ კი ინდოელ სვამინატან სოუმიას (2348) სძლია და 4.5 ქულით მეათეა. ასეთივე მონაგარი გააჩნია და მე-5 პოზიციაზე გადაინაცვლა გაგუნაშვილმა, რომელიც ინდოელვე სანტოშ გუჯრატი ვიდიტს (2582) დაუზავდა.

მე-7 ტურში ხსენებულ ვიდიტს შავი ფიგურებით ფანცულაია ეთამაშება, სანიკიძე თეთრებით სომეხ სამველ ტერ-სააკიანს (2568) გაეჯიბრება, ხოლო გაგუნაშვილი შავებით რუს მიხაილ მოჟაროვს (2508) დაუპირისპირდება.

ამ დროისთვის ინდური ტურნირის ერთპიროვნული ლიდერი ინდოელი სეტურამანი (2553) გახლავთ, რომლის აქტივშიც 5.5 ქულაა.

ცნობისთვის, ტურნირი შვეიცარული სისტემით 11 ტურად მიმდინარეობს და 3 დეკემბერს დასრულდება. პირველ ნომრად რუსი ივან პოპოვია (2652) განთესილი, ფანცულაია რეიტინგით მეორეა, გაგუნაშვილი – მე-9, ხოლო სანიკიძე – მე-10.

0.119925