საქართველოს მოკრივეთა ეროვნული ნაკრების წევრები წარმატებულად გამოვიდნენ ევროკავშირის ქვეყნების ღია ჩემპიონატზე.
ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ქართველმა სპორტსმენებმა 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ვერცხლის პრიზიორები ლევან გულედანი (90 კგ) და ოთარ ერანოსიანი (60 კგ) გახდნენ, ბრინჯაო კი 2011 წლის ევროპის ჩემპიონატის მე-3 პრიზიორმა მიხეილ ბახტიძემ (+91კგ) მოიპოვა.
ნაკრები ჯამში 7 წევრით იყო დაკომპლექტებული, საქართველომ 23 ქვეყანას შორის გუნდური მეექვსე ადგილი დაიკავა. ჩვენი გუნდის მონაწილეობა ევროკავშირის ჩემპიონატზე მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება გააფორმა (27 ივნისს). ტურნირის საორგანიზაციო კომიტეტმა საქართველოს ნაკრები ფინალურ ეტაპზე ამ ფაქტის გათვალისწინებით დაუშვა.
60კგ წონით კატეგორიაში ოთარ ერანოსიანი ფინალში ირლანდიელ ოლივერ დევიდ იოკესთან დამარცხდა. 91კგ-ში ლევან გულედანმა ნახევარფინალში ლიტველ ტადას ტამასკაუსკასს ტექნიკური ნოკაუტით სძლია, ფინალში გასულს კი პოლონელ იოგ იაკუბოსკისთან მოეცარა ხელი.
ბულგარეთიდან დაბრუნების შემდეგ, კრივის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელთა პრესკონფერენცია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გაიმართა, სადაც ტურნირის შედეგები შეჯამდა.
პრესკონფერენციაზე მედიასთან კრივის ფედერაციის პრეზიდენტმა – დავით კვაჭაძემ, ფედერაციის გენერალურმა მდივანმა – ვლადიმერ ახალკაცმა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსმა – ირაკლი დოლაბერიძემ ისაუბრეს.
www.msy.gov.ge