საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, სპორტის სასახლეში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩი პორტუგალიასთან 71:59 მოიგო და როგორც შემდგომში გაირკვა, E ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.
მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე მთელი გუნდი იმყოფებოდა და საქართველოს ნაკრების წევრებმა ქართულ კალათბურთში არსებულ კრიტიკულ სიტუაციაზე განცხადება გააკეთეს.
ზაზა ფაჩულია: "ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მესამედ გავედით, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ტრავმირებული კალათბურთელი გვაკლდა. აქ იმისთვის ვართ, რომ ერთ მნიშვნელოვან პრობლემას ხაზი გავუსვათ. მინდა მთავრობას თხოვნით მივმართო: საქართველოს ჩემპიონატის ჩატარებას საფრთხე ემუქრება. გუნდებს ძალიან უჭირთ და ამ საქმეში მთავრობას მეტი ყურადღება მართებს. საქართველო კარგ ჩემპიონატს იმსახურებს. აგვისტოს ბოლოა და როგორც ვიცით, ეროვნული პირველობა შეიძლება არ გაიმართოს. თხოვნა გვაქვს მთავრობასთან, რათა კალათბურთს მიხედოს. ეროვნული ჩემპიონატი უკვე კარსაა მომდგარი და ნაკრების ბევრი კალათბურთელი უგუნდოდაა დარჩენილი. მხოლოდ "ქუთაისი" და რუსთავის გუნდია მზად და ეს ძალიან დიდი პრობლემაა. მთავრობამ და საკალათბურთო სამყარომ ხელი უნდა შეუწყოს ჩემპიონატის ჩატარებას, რათა მომავალში, შიდა ჩემპიონატში მოთამაშეები ნაკრებს გამოადგნენ."
ვიქტორ სანიკიძე: “უკვე მესამედ გავედით ევროპის ჩემპიონატზე და ზაზას დავეთანხმები, უკეთესობისკენ უნდა შეიცვალოს ყველაფერი. შედეგი გვაქვს, ასე რომ, ეროვნული ჩემპიონატის ჩატარება ყველას გამოადგება”.
თორნიკე შენგელია: “ნაკრებში 12 ლეგიონერი ფიზიკურად ვერ ითამაშებს. ამიტომაც უნდა იყოს ძლიერი ჩემპიონატი და თუ ვინმე ლეგიონერი ვერ ჩამოვა ნაკრებში, კონტიგენტი შიდა პირველობიდანაც უნდა შეივსოს. აი ამაზე გვაქვს აქცენტი გაკეთებული”.
კოტე ტუღუში: “კარიერის განმავლობაში არ მქონია შემთხვევა, აგვისტოს ბოლოს მხოლოდ ორი გუნდი იყოს დარჩენილი. სხვა ქვეყნებში კალათბურთი ფინანსდება. წლების განმავლობაში წარმატებას ვაღწევთ და აღნიშნული პრობლემა აშკარად მისახედია”.
პრესკონფერენციის დიდმა ნაწილმა ეროვნული ჩემპიონატის ვერ ჩატარების წუხილზე საუბარში გასტანა და გასაგებიცაა. პრობლემა პრობლემად რჩება, საქართველოს ნაკრები ზედიზედ მესამედ იასპარეზებს ევრობასკეტზე და უკეთესი იქნებოდა, ჟურნალისტებთან შეხვედრის უმეტესი დრო, მხოლოდ წარმატებაზე საუბარში გალეულიყო.
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა და ნაკრების კაპიტანმა პორტუგალიასთან მატჩი მოკლედ შეაფასეს.
კოტე ტუღუში: “დამთავრდა შესარჩევი ციკლი. ხვალიდან უკვე ევროპის ჩემპიონატზე ფიქრს დავიწყებთ. ყველაზე მთავარი ისაა, რომ ევრობასკეტისთვის ყველა კალათბურთელი ჯანმრთელად იყოს და ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, უფრო ამბიციურადაც ვითამაშებთ”.
ზაზა ფაჩულია: "რთული მატჩი გამოგვივიდა. დღეს აუცილებლად უნდა მოგვეგო და შედეგსაც მივაღწიეთ. ბედნიერი ვარ იმით, რომ ყველაფერი ისე დამთავრდა, როგორც ჩვენ და გულშემატკივრებს გვსურდა. უნგრეთთან და პორტუგალიასთან აქცენტი დაცვაზე გავაკეთეთ და შეხვედრების მოგება არ გაგვჭირვებია.
გიორგი ბალახაძე