მართლმორწმუნე ქრისტიანებისთვის პირველად იყო სიტყვა... დიდი მნიშვნელობა აქვს სიტყვას ჩვენს დროშიც და worldsport-მაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არა მარტო სპორტულ, არამედ მთლიანად ქართულ საქმეს ემსახურება. გახსოვთ ამა წლის იანვარში ნარკვევი ოს ფეხბურთელებზე-დიდი ძმობის ახალი დასაწყისი?
ჰოდა ვლადიკავკაზელ ოსებს ისე მოსწონებიათ ის სტატია - გაზეთ “სევერნაია ოსეტიაში” გადაუბეჭდავთ, გაზეთ „მსოფლიო სპორტის“ ის ნომრები კი, დათო ბაკურაძემ რომ აჩუქა პატარა ოს ფეხბურთელებს, ხელიდან ხელში გადადიოდა ვლადიკავკაზში. არაერთხელ შემეხმიანა ოსი ქველმოქმედი ჰასან ალბეგონოვიც, რომელმაც ქართული სკოლის გადახურვაში მიიღო მონაწილეობა. ქართველებისა და ოსების შერიგების საკითხს უეფას ოფიციალურმა გამოცემამ, uefa direct-მაც დაუთმო საკმაო ყურადღება... მაშინ ჩაეყარა საფუძველი ერთ დიდი საქმეს, რომელიც ამ რამდენიმე დღის წინ წარმატებით დაგვირგვინდა. 35-ე სკოლისა და ოსეთის “ავტოდორის” მატჩზე გავიცანი კარგი ქართველები - ვაჟა მარსაგიშვილი და ვანო ლეჟავა, რომლებიც იმდენად გულიანი ბიჭები აღმოჩნდნენ, მოვკიდეთ ამ საქმეს ხელი, მოვიარეთ განათლების, რეინტეგრაციის, დიასპორის სამინისტროებში და მინისტრების მხარდაჭერით მათმა მოადგილეებმა, ალუდა გოგლიჩიძემ, ქეთევან ციხელაშვილმა და თეიმურაზ ტარტარაშვილმა მიაღწიეს იმას, რომ ვლადიკავკაზის აკაკი წერეთლის სახელობის მეცხრამეტე სკოლის კურსდამთავრებულები უფასოდ ისწავლიან საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში და ქართულ-ოსური ძმობის ჩატეხილ ხიდს გაამთელებენ. წელს სამი ლამაზი გოგონა შეეცდება ჩვენს უნივერსიტეტებში მოხვედრას: ქეთევან ჩქარეული, მარინა წიკლაური და გვანცა დეკანოსიძე მეცხრამეტე სკოლის ფრიადოსნები არიან და მიუხედავად იმისა, რომ კვირაში მხოლოდ სამჯერ აქვთ ინგლისურის გაკვეთილი, ვლადიკავკაზის სხვა სკოლებში გაძლიერებულ ინგლისურად მომეცადინე მოსწავლეებს ტოლს არ უდებენ ოლიმპიადებზე!
დღეს მეცხრამეტე სკოლის დირექტორმა ეთერ ფიცხელაურმა საქართველოში ექსკურსიაზე ჩამოიყვანა სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები, რომლებიც საკუთარ რეზიდენციაში, საპატრიარქოში მიიღო ბავშვობაში სწორედ ვლადიკავკაზის მეცხრამეტე სკოლაში მონათლულმა, ჩვენმა სულიერმა მამამ, საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ილია მეორემ. ვლადიკავკაზელებმა რუსული ქრისტიანული ხატების წიგნი უსახსოვრეს პატრიარქს, რომელმაც ჩვეული გულუხვობით დაასაჩუქრა პატარა ქართველები და ოსები, დალოცა ისინი და მალევე მათ სკოლაში ჩასვლას დაჰპირდა. სკოლის დირექტორის, ეთერ ფიცხელაურის თქმით, ოსებიც ძალიან დაინტერესებულნი არიან შეიტანონ წვლილი იმ სამლოცველოს განახლებაში, სადაც ჩვენი პატრიარქი მოინათლა და იმედია ვლადიკავკაზში ჩაბრძანებულ სრულიად საქართველოს სულიერ მამას განახლებულ სკოლის ეკლესიას დაახვედრებენ...
მამუკა კვარაცხელია