ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, გერმანულმა “ვოლფსბურგმა” და ვეტერანმა ნახევარმცველმა ჟოსუემ კონტრაქტი გაწყვიტეს. ვოლფსბურგელთა ოფიციალური საიტის ცნობით, ბრაზილიელი სამშობლოში დაბრუნდება და “ატლეტიკო მინეიროში” განაგრძობს კარიერას.
“ჟოსუე “ვოლფსბურგის” ისტორიაში ერთ-ერთი წარმატებული ფეხბურთელია. დიდ მადლობას ვუხდით იმისთვის, რაც ჩვენი კლუბისთვის გააკეთა. ჟოსუესთან მეგობრობას ვაგრძელებთ და წარმატებებს ვუსურვებთ”, - განაცხადა “მგლების” სპორტულმა დირექტორმა კლაუს ალოფსმა.
ეს კი, თავად ჟოსუეს სიტყვებია: “კლუბს განსხვავებული გრძნობებით ვტოვებ. ერთი მხრივ, მიხარია, რომ “ვოლფსბურგი” დათმობაზე წავიდა, მაგრამ წასვლა ძალიან მიჭირს. “ატლეტიკო მინეიროში” გადასვლა ჩემთვის დიდი გამოწვევაა”.
ჟოსუე ბრაზილიურ კლუბთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.