გერმანულ ბუნდესლიგას ინტრიგა თითქმის არასდროს აკლია. შორს რომ არ წავიდეთ, შარშანდელი გათამაშების მაგალითიც კმარა, როდესაც “ვოლფსბურგმა” ყველა წინასაჩემპიონატო პროგნოზი თავდაყირა დააყენა და საკუთარ ისტორიაში პირველად მოახერხა პირველობის მოპოვება. მიმდინარე სეზონში კი, “სიმშვიდის უპირველეს დამრღვევად” ლევერკუზენის “ბაიერი” გვევლინება. 20 ტურის შემდეგ “ფარმაცევტები” გათამაშების ცხრილს სათავეში უდგანან და ჩემპიონობის ერთ-ერთ კანდიდატად მოიაზრებიან. არადა, ბუნდესლიგის სტარტის წინ ამას ლევერკუზენელი ქომაგებიც ნაკლებად ვარაუდობდნენ - მათი საყვარელი გუნდი ხომ ბოლო 3 სეზონის განმავლობაში 2-2 საფეხურით უკან იხევდა. 2007 წლის მაისში “ბაიერი” მეხუთე იყო, 2008-ში ჩემპიონატი მეშვიდეზე დაასრულა, შარშან კი სულაც მეცხრე გახლდათ.
მოვლენათა ამგვარი განვითარება ლევერკუზენში არ აწყობდათ. კლუბის პრეზიდენტმა ვოლფგანგ ჰოლცჰოიზერმა რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო (უმთავრესი მთავარ მწვრთნელად იუპ ჰაინკესის მიწვევაა), რაც გუნდის თამაშსა და შედეგზე სასიკეთოდ აისახა. “ბაიერის” ვებ-გვერდზე კლუბის თავკაცთან საინტერესო ინტერვიუ წავიკითხეთ და მისი ჩვენი გაზეთის მკითხველისთვის გაცნობაც უპრიანად ჩავთვალეთ.
- ჰერ ჰოლცჰოიზერ, გულის სიღრმეში თუ ელოდით “ბაიერის” ამგვარ მაღალ შედეგს სეზონის სტარტის წინ?
- ეს ჩემთვის სასიამოვნო მოულოდნელობაა. 2009 წლის მაისში გუნდმა ბუნდესლიგა მეცხრე ადგილზე დაასრულა, რაც, ცხადია, არ გვაკმაყოფილებდა. ახალი მწვრთნელი ამიტომაც მოვიწვიეთ. თუმცა, ისე ნუ გამიგებთ, მიღწეულით ტკბობას ვაპირებდეთ. 20 ტურის წაუგებლად ჩატარება და ლიდერობა მშვენიერი რამაა, მაგრამ კარგად გვესმის უმთავრესი ბრძოლები წინ რომ გველის.
- უპირველესად რომელ ფაქტორებს უკავშირებთ “ბაიერის” წარმატებულ გამოსვლას?
- გასულ ზაფხულს კარგი სასელექციო მუშაობა გავწიეთ. ისეთმა ახალწვეულებმა, როგორებიც დანიელ შვააბი, სამი ჰიუპია და ერენ დერდიოკი არიან, ძალიან გაგვიმართლეს. თუნდაც, “ფრაიბურგთან” უკანასკნელი ტურის შეხვედრა ავიღოთ, რომლის მსვლელობის დროს გოლები ჰიუპიამ და დერდიოკმა გაიტანეს. ამასთან, გუნდის სხვა ფეხბურთელებმაც მოუმატეს. მათ სათანადო გამოცდილება თანდათან დააგროვეს, რაც ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში სასიკეთოდ წაადგათ.
- ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში თქვენს გუნდს ევროთასებზე მონაწილეობის უფლების მოსაპოვებლად ბრძოლა აქვს დასახული მიზნად. წესითა და რიგით, მომავალი შემოდგომიდან ეს უნდა მოახერხოთ. რამდენად მნიშვნელოვანია ლევერკუზენელთათვის კონტინენტურ საკლუბო ტურნირში მონაწილეობა?
- 2004 წლიდან მოყოლებული გუნდი ბუნდესლიგის სამეულში დამკვიდრებას ვერ ახერხებდა. მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, კონკრეტული გეგმა შევიმუშავეთ. მისი მიხედვით ახალი გუნდი უნდა ჩამოგვეყალიბებინა და აქცენტი პერსპექტიულ, ახალგაზრდა ფეხბურთელებზე გავაკეთეთ, რომელთაც მწვრთნელთა აზრით დიდი პოტენციალი აქვთ. ამ მიმართულებით მუშაობა იუპ ჰაინკესის წინამორბედებმა მიხაელ სკიბემ და ბრუნო ლაბადიამ დაიწყეს. სადღეისოდ კი, გაწეული გარჯის შედეგს ვიმკით. თუკი სეზონის დასრულების შემდეგ საევროთასო ზონაში მოვხვდით, კიდევ უფრო მეტი სერიოზულობით მივუდგებით საქმეს. მოგვიწევს სტრატეგიის შეცვლა. გულშემატკივრებს მოვახსენებ, რომ ცვლილებებს აქტიურად განვაგრძობთ და ჩანაფიქრის ბოლომდე მისაყვანად კიდევ დროის გარკვეული პერიოდი დაგვჭირდება.
- “ბაიერის” რომელ შეხვედრას გამოარჩევდით ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში?
- ზამთრის შესვენებამდე ძალიან მომეწონა და გამახარა ჩვენი გუნდის მიერ “შალკესა” და “ბაიერნის” წინააღმდეგ ჩატარებულმა პირველმა ტაიმებმა. ბუნდესლიგის განახლების შემდეგ კი, “ჰოფენჰაიმთან” დაპირისპირებას გამოვარჩევდი, რომელიც 3:0 მოვიგეთ და მიუნხენელთათვის ერთი დღით “დათმობილი” ლიდერობა დავიბრუნეთ.
- თქვენი აქტიური მონაწილეობით დასრულდა ლევერკუზენის “ბაიარენას” რეკონსტრუქცია. რამდენად კმაყოფილი ხართ გუნდის განახლებული საშინაო არენით?
- ყველაზე მეტად ის ამბავი მახარებს, კვლავ მშობლიურ გარემოში რომ გვიხდება თამაში. მნიშვნელოვანია მაყურებელთა დასასწრები ადგილების ზრდაც. “ბაიერის” ყოველ საშინაო მატჩზე ყველა 30 210 ბილეთი გაყიდულია. ეს ფანტასტიკური მაჩვენებელია იმის გათვალისწინებით, ლევერკუზენის მოსახლეობა მხოლოდ 160 ათასს რომ შეადგენს. გულშემატკივრებს და ცხადია, უფრო მეტად ფეხბურთელებს, კიდევ ერთი სიურპრიზი შევთავაზეთ. “ფრაიბურგთან” შეხვედრის დასრულებისთანავე მინდვრის საფარის განახლება დავიწყეთ. გაზონი ცოტათი მოძველებული იყო და მასზე მოთამაშეებს თავიანთი სრული შესაძლებლობების გამოვლენა უჭირდათ. ძველი გაზონი მოვხსენით, ახალი ბალახი ჰოლანდიაში შევუკვეთეთ და 20 კვალიფიცირებული ადამიანი მონდომებით მუშაობს. “ვოლფსბურგთან” მატჩს “ბაიერი” ახალ გაზონზე ჩაატარებს. სამუშაოთა ხელმძღვანელი დიტერ პრალი გვარწმუნებს, ამ დროისთვის ყველაფერს მოვასწრებთო. იგი უკვე 30 წელია, რაც “ბაიარენაზე” მუშაობს და რა უფლება გვაქვს, ასეთი გამოცდილი ადამიანის სიტყვებს არ ვერწმუნოთ. მთავარია, ხელი თოვლმა არ შეგვიშალოს.
- თქვენივე ინიციატივით დაარსდა “ბაიერის” ქალთა გუნდიც, რომელიც სულ რაღაც მეორე სეზონია რაც გერმანიის პირველობაში ჩაება, მაგრამ უკვე სერიოზული განაცხადის გაკეთება მოასწრო ბუნდესლიგაში გადასასვლელად...
- ნამდვილად არ ველოდით გოგონებისგან ასეთ კარგ ასპარეზობას. ქალთა გუნდს ზუსტად იგივე პრინციპებით ვმართავთ, როგორც ვაჟებისას. ორივე გუნდში პრიორიტეტი ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენა და დაწინაურებაა.
- დავუბრუნდეთ მამაკაცთა “ბაიერს”. რა მიზანს უსახავს კლუბის ხელმძღვანელობა გუნდს სეზონის მიწურულამდე?
- ძალიან დიდი სურვილი მაქვს მაისში კონცერნ “ბაიერის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს ბუნდესლიგის ჩემპიონობისთვის განკუთვნილი ვერცხლის სინი გადავცე. ვიმეორებ, ეს ჩემი ოცნებაა და რამდენად აგვიხდება წადილი, ამას ყველანი ერთად მხოლოდ პირველობის დასრულების შემდეგ შევიტყობთ.
- “ბაიერის” სპორტული დირექტორი რუდი ფიოლერი აცხადებს, რომ თუკი “ბაიერნმა” თავისი პოტენციალი სრულად გამოავლინა, მიუნხენელებს საჩემპიონო რბოლაში ვერ დაეწევით...
- ეს ფიოლერის პირადი მოსაზრებაა, რომელსაც კლუბში ბევრი არ ეთანხმება. “ბაიერი” ბოლომდე იბრძოლებს და ჩემპიონობის ბედი მხოლოდ ბავარიელთა ხელთ ნაღდად არაა.
მოამზადა გოჩა კაჭარავამ