მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი სიმაღლეზე ხტომაში ხორვატი ბლანკა ვლაშიჩი ტრავმით გამოწვეული ოცთვიანი პაუზის შემდეგ სარბიელს გამარჯვებით დაუბრუნდა.
შეგახსენებთ, რომ ვლაშიჩს აქილევსის მყესთან დაკავშირებით პრობლემები ორი წლის წინ შეექმნა. ამის გამო მან 2011 წლის დეგუს (სამხრეთ კორეა) მსოფლიო პირველობაზე საუკეთესო შედეგის ჩვენება ვერ შეძლო და მხოლოდ ვერცხლის მედალს დასჯერდა. 2012 წლის დასაწყისში კი ოპერაცია გაიკეთა და მთელი სეზონი გამოტოვა – ცხადია, ლონდონის ოლიმპიადის ჩათვლით.
მაგრამ 29 წლის ხორვატი ახლა უკვე მწყობრშია და, მიუხედავად იმისა, რომ ნაოპერაციევი ფეხი ვარჯიშისას თურმე ჯერაც აწუხებს, ამას მისთვის ასპარეზზე დაბრუნებისთანავე გამარჯვების მოპოვებაში ხელი არ შეუშლია.
მან ექვსივე სიმაღლე პირველსავე ცდაზე დაძლია და შვედ ემა გრინ ტრეგაროს მიერ დამყარებული ეტაპის რეკორდი გაიმეორა – 1,94. თავად ტრეგარომ თავისი საუკეთესო ნიუ-იორკული შედეგის გამეორება ვერ მოახერხა და მხოლოდ მეორე ადგილი დაიკავა – 1,91. მესამეზე შარშანდელი ოლიმპიადის ამერიკელი ვერცხლისმედალოსანი ბრიჯეტ ბარეტი გავიდა.
“ვერ აგიხსნით, თუ როგორ მეშინოდა ტურნირის წინ – თქვა შემდეგ ვლაშიჩმა – არ ვიცოდი, მზად ვიყავი, თუ არა. ვარჯიშებზე ფეხი ჯერაც მტკივა ხოლმე. მაგრამ დღეს ვიგრძენი, რომ ჯერ კიდევ შემიძლია წარმატებით გამოსვლა. მთავარია, მოთმინებით აღვიჭურვო – უკეთესი შედეგები აუცილებლად მოვა. უბრალოდ ბედნიერი ვარ, რომ ახლა აქ ვარ და არა შინ, და ყველაფერ ამას ტელევიზორით არ ვუყურებ.”
ნიუ-იორკის ეტაპზე წარმატებით იასპარეზა ვლაშიჩის თანამემამულემ – ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ორგზის ევროპის ჩემპიონმა ქალთა შორის ბადროს ტყორცნაში სანდრა პერკოვიჩმა.
პერკოვიჩმა, რომელსაც ერთ თვეში 23 წელი შეუსრულდება, ბადრო პირველ ცდაზე 64.00 მეტრზე ტყორცნა, რითიც 3 სმ-ით გააუმჯობესა ეტაპის აქამდელი რეკორდი, მეხუთეზე კი უკვე 68,48 მეტრს უწია და ორი კვირის წინ დოჰაში მის მიერვე ნაჩვენებ სეზონის საუკეთესო შედეგს 25 სმ-ით აღემატა.
ერთადერთი მძლეოსანი, რომელმაც პერკოვიჩის გარდა ცივ და წვიმიან ამინდში სეზონის საუკეთესო შედეგის ჩვენება შეძლო, ეთიოპელი სტაიერი ჰაგოს გებრჰივეტი გახლდათ, რომელმაც 5000 მეტრი 13 წუთსა და 10,03 დაფარა და მიმდინარე სეზონში ბრილიანტის ლიგაში უკვე მეორე გამარჯვება მიითვალა. პირველად მან ორი კვირის წინ, დოჰაში, 3000 მეტრზე რბენაში იმარჯვა.
ქალთა შორის სიგრძეზე ხტომაში მოულოდნელი გამარჯვება მოიპოვა შარშანდელი ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალოსანმა ამერიკელმა ჯენი დელოჩ სუკუპმა, რომელიც 6,79 მეტრზე გადახტა და 5 სმ-ით გააუმჯობესა ეტაპის რეკორდი. მოულოდნელი კი მის გამარჯვებას იმიტომ ეთქმის, რომ ასპარეზობაში მონაწილეობას იღებდა მოქმედი ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი და დოჰას ეტაპის გამარჯვებული, ამერიკელი ბრიტნი რიზი და, ცხადია, უმთავრეს ფავორიტადაც სწორედ ის მიიჩნეოდა. თუმცა კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ რიზს ცივ და სველ პირობებში ასპარეზობა უჭირს – 2010-ში მან იქ ასეთსავე ამინდში 6,35-ით მესამე ადგილი დაიკავა, ამჯერად კი სულაც 5,99 მ აჩვენა, სამი ცდიდან ორში შეცდომა დაუშვა და ეტაპი მე-8 ადგილზე დაასრულა.
ასევე მოულოდნელად დასრულდა ასპარეზობა კაცთა სამხტომშიც, სადაც ამერიკელ მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონსა და მოქმედ მსოფლიო ჩემპიონ კრისტიან ტეილორს (16,42) ფრანგმა ბენჟამენ კომპაორემ აჯობა (16,45).
ქალთა შორის 400 მეტრზე რბენაში ყველა მოუთმენლად ელოდა მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონის – ამერიკელ სანია რიჩარდს-როსისა და მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის – ბოტსვანელი ამანტლე მონტშოს დაპირისპირებას, მაგრამ ნანატრი დუელი არ შედგა – ამერიკელმა მორბენალმა, რომელმაც შარშან შემოდგომაზე ფეხის ოპერაცია გადაიტანა და სარბიელს სამი კვირის წინ დაუბრუნდა, სველ ბილიკზე რბენისაგან თავის შეკავება არჩია. მის არყოფნაში მონტშომ, ისევე როგორც დოჰაში, კვლავაც უებროდ ირბინა და რიჩარდს-როსის მიერ იქ დამყარებულ ეტაპის რეკორდს – 50,04 – 13 მეასედი ჩამოაკლო – 49,91.
წლეულს ლიგაში ასევე მეორედ იმარჯვეს ამერიკელმა ბირთვის მკვრელმა რაიან უაიტინგმა, ამერიკელმა მაიკლ ტინსლიმ, რომელმაც 400 მეტრზე თარჯრბენში პუერტო რიკოელ ხავიერ კულსონსა და თანამემამულე ჯონი დაჩს ფინიშის სწორზე გადაასწრო, მსოფლიოს რეკორდსმენმა, მოქმედმა ოლიმპიურმა და მსოფლიო ჩემპიონმა 800 მეტრზე რბენაში კენიელმა დევიდ რუდიშამ, ასევე ეთიოპელმა აბება არეგავიმ (1500 მ) და კენიელმა ლიდია ჩიპკურუიმ (3000 მ. სტიპლჩეიზი).
მომდევნო ეტაპი 1 ივნისს იუჯინში (აშშ, ორეგონი) გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ბრილიანტის ლიგაში შეჯიბრებები 32 დისციპლინაში 14 ეტაპად ტარდება - აქედან თითოეულ დისციპლინას 7 ეტაპი ეთმობა. რიგით ეტაპზე გამარჯვებულ სპორტსმენს 4 ქულა ერიცხება, მეორე და მესამე ადგილებზე გასულებს, შესაბამისად, 2 და 1. ხოლო დისციპლინის ფინალურ ეტაპზე ქულები ორმაგდება - 1. - 8, 2. - 4, 3. - 2. ლიგის გამარჯვებული ის სპორტსმენი ხდება, რომელიც ყველაზე მეტ ქულას აგროვებს. გამარჯვებულს 40 ათასი დოლარი და ბრილიანტის ჯილდო ერგება.
ბრილიანტის ლიგა. 2013
მე-3 ეტაპი. ნიუ-იორკი. 25 მაისი
მრ – მსოფლიო რეკორდი
სსშ – სეზონის საუკეთესო შედეგი
ერ – ეტაპის რეკორდი
კაცები
ბირთვის კვრა
1. რაიან უაიტინგი (აშშ) 21,27
2. რიიზ ჰოფა (აშშ) 20,69
3. კორი მარტინი (აშშ) 20,60
საერთო ჩათვლა
1. უაიტინგი – 8 ქულა
2. ჰოფა – 3 ქ
3. ხერმან ლუხან ლაურო (არგენტინა) - 2 ქ
4. მარტინი – 1 ქ
სამხტომი
1. ბენჟამენ კომპაორე (საფრანგეთი) 16,45
2. კრისტიან ტეილორი (აშშ) 16,42
3. გაეტან საკუ ბაფუანგა (საფრანგეთი) 16,15
საერთო ჩათვლა
1. კომპაორე – 6 ქულა
1. ტეილორი – 6 ქ
3. ალეკსეი ფიოდოროვი (რუსეთი) – 1 ქ
3. საკუა ბაფუანგა – 1 ქ
100 მ.
1. ტაისონ გეი (აშშ) 10,02
2. რაიან ბეილი (აშშ) 10,15
3. კესტონ ბლედმენი (ტრინიდადი) 10,16
საერთო ჩათვლა
1. ჯასტინ გეტლინი (აშშ) – 4 ქულა
1. გეი – 4 ქულა
3. ბეილი – 2 ქ
3. მაიკლ როჯერსი (აშშ) – 2 ქ
5. ბლედმენი – 1 ქ
5. ნესტა კარტერი (იამაიკა) – 1
110 მ. თარჯრბენი
1. რაიან ბრეტუეიტი (ბარბადოსი) 13,19
2. ორლანდო ორტეგა (კუბა) 13,24
3. სერგეი შუბენკოვი (რუსეთი) 13,29
საერთო ჩათვლა
1. ბრეტუეიტი – 4 ქულა
1. ჯეისონ რიჩარდსონი (აშშ) – 4 ქ
3. ორტეგა – 2 ქ
3. რაიან უილსონი (აშშ) – 2 ქ
5. შუბენკოვი – 1 ქ
5. ვენჩუნ შიე (ჩინეთი) – 1 ქ
400 მ. თარჯრბენი
1. მაიკლ ტინსლი (აშშ) 48,43
2. ხავიერ კულსონი (პუერტო რიკო) 48,53
3. ჯონი დაჩი (აშშ) 48,78
საერთო ჩათვლა
1. ტინსლი – 8 ქულა
2. კულსონი – 2 ქ
2. ბერშონ ჯეკსონი (აშშ) – 2 ქ
4. დაჩი – 1 ქ
4. კორნელ ფრედერიკსი (სარ) – 1 ქ
800 მ.
1. დევიდ რუდიშა (კენია) 1.45,14
2. ენდრიუ ოსაგი (ბრიტანეთი) 1.46,44
3. ტიმოთი კიტუმი (კენია) 1.46,93
საერთო ჩათვლა
1. რუდიშა – 8 ქულა
2. მოჰამედ ამანი (ეთიოპია) – 2 ქ
2. ოსაგი – 2 ქ
4. ჯობ კინიორი (კენია) – 1 ქ
4. კიტუმი – 1 ქ
5000 მ.
1. ჰაგოს გებრჰივეტი (ეთიოპია) 13.10,03 (სსშ)
2. ვინსენტ კიპროპ ჩეპკოკი (კენია) 13.15,51
3. იბრაჰიმ ჯეილანი (ეთიოპია) 13.16,46
საერთო ჩათვლა
1. გებრჰივეტი - 8 ქულა
2. ჩეპკოკი – 2 ქ
2. თომას პკემეი ლონგოსივა (კენია) – 2 ქ
4. იენიუ ალამირიუ (ეთიოპია) – 1 ქ
4. ჯეილანი – 1 ქ
ქალები
ბადროს ტყორცნა
1. სანდრა პერკოვიჩი (ხორვატია) 68,48 (სსშ, ერ)
2. ჯია ლიუის-სმოლვუდი (აშშ) 61,86
3. მელინა რობერ-მიშონი (საფრანგეთი) 61,45
საერთო ჩათვლა
1. პერკოვიჩი – 8 ქულა
2. ლიუის-სმოლვუდი – 2 ქ
2. ზინაიდა სენდრიუტე (ლიტვა) – 2 ქ
4. რობერ-მიშონი – 1 ქ
4. ანა რიუ (გერმანია) – 1 ქ
შუბის ტყორცნა
1. კრისტინა ობერგფიოლი (გერმანია) 65,33
2. მარია აბაკუმოვა (რუსეთი) 64,25
3. კიმბერლი მაიკლი (ავსტრალია) 63,93
ჭოკით ხტომა
1. ჯენიფერ სური (აშშ) 4,63
2. ფაბიანა მურერი (ბრაზილია) 4,53
3. იარისლეი სილვა (კუბა) 4,53
საერთო ჩათვლა
1. ელენა ისინბაევა (რუსეთი) – 4 ქულა
1. სური (აშშ) – 4 ქ
3. მიურერი – 2 ქ
3. მერი საქსერი (აშშ) – 2 ქ
5. სილვა – 1 ქ
5. სილკე შპიგელბურგი (გერმანია) – 1 ქ
სიგრძეზე ხტომა
1. ჯენი დელოჩ სუკუპი (აშშ) 6,79 (ერ)
2. შარა პროქტორი (ბრიტანეთი) 6,72
3. ელოიზ ლეზიუორი (საფრანგეთი) 6,67
საერთო ჩათვლა
1. დელოუჩ სუკუპი – 5 ქულა
2. ბრიტნი რიზი (აშშ) – 4 ქ
3. ბლესინგ ოკაგბარე (ნიგერია) – 2 ქ
3. პროქტორი – 2 ქ
5. ლეზიუორი – 1 ქ
სიმაღლეზე ხტომა
1. ბლანკა ვლაშიჩი (ხორვატია) 1,94 (ერ)
2. ემა გრინ ტრეგარო (შვედეთი) 1,91
3. ბრიჯეტ ბარეტი (აშშ) 1,91
200 მ.
1. ვერონიკა კემპბელ ბრაუნი (იამაიკა) 22,53
2. ანიშა მაკლაფლინი (იამაიკა) 22,63
3. შალონდა სოლომონი (აშშ) 22,91
საერთო ჩათვლა
1. კემპბელ ბრაუნი - 4 ქულა
1. შელი-ენ ფრეიზერ-პრაისი (იამაიკა) – 4 ქ
3. მაკლაფლინი – 2 ქ
3. შერონ სიმპსონი (იამაიკა) – 2 ქ
5. სოლომონი – 1 ქ
5. მირიამ სუმარი (საფრანგეთი) – 1 ქ
400 მ.
1. ამანტლე მონტშო (ბოტსვანა) 49.91 (ერ)
2. ნატაშა ჰასტინგსი (აშშ) 50.24
3. ფრანსინა მაკორორი (აშშ) 51,06
საერთო ჩათვლა
1. მონტშო – 8 ქულა
2. ელისონ ფელიქსი (აშშ) – 2 ქ
2. ჰასტინგსი – 2 ქ
4. მაკორორი – 1 ქ
4. კრისტინ ოჰურუგუ (ბრიტანეთი) – 1 ქ
1500 მ.
1. აბება არეგავი (ეთიოპია) 4.03,69
2. ჰელენ ობირი (კენია) 4.04,84
3. ბრენდა მარტინესი (აშშ) 4.06,25
საერთო ჩათვლა
1. არეგავი – 8 ქულა
2. ფაით ჩეპნგეტიჩ კიპიეგონი (კენია) – 2 ქ
2. ობირი – 2 ქ
4. გენზებე დიბაბა (ეთიოპია) - 1 ქ
4. მარტინესი – 1 ქ
3000 მ. სტიპლჩეიზი
1. ლიდია ჩეპკურუი (კენია) 9.30,82
2. ეტენეშ დირო ნედა (ეთიოპია) 9.33,76
3. სოფია ასეფა (ეთიოპია) 9.33,84
საერთო ჩათვლა
1. ჩეპკურუი – 8 ქულა
2. ასეფა – 3 ქ
3. დირო ნედა – 2 ქ
4. ჰიუოტ აიალიუ (ეთიოპია) – 1 ქ