საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკარების წევრმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა სტამბოლში დღეს დაწყებული იაშარ დოგუს სახელობის ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი წაუგებლად ჩაამთავრა და ჩემპიონი გახდა. 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველმა გადამწყვეტ ბრძოლაში პეკინის ოლიმპიური თამაშების ბულგარელი პრიზიორი, რადოსლავ ველიკოვი დაამარცხა.
დღესვე, მედლები 74 კილოგრამშიც გათამაშდა, მაგრამ სამეული ქართველი მოჭიდავის გარეშე შეივსო. დავით ხუციშვილმა ოქრო-ვერცხლის შანსი მეოთხედფინალში, რუსეთის სახელით მოჭიდავე მახაჩ მურთაზალიევთან, 3-პერიოდიან შეხვედრაში დაკარგა. ხოლო მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი ნახევარფინალში, ძმასთან – სომხეთის სახელით მოჭიდავე მუსა მურთაზალიევთან დამარცხდა, ხუციშვილს ბრინჯაოსკენ მიმავალი გზაც ჩაეკეტა.
ხვალ ჩემპიონ-პრიზიორები 60, 84 და 120 კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოვლინდებიან. საქართველოს დროშის ქვეშ მალხაზ ზარქუა (60 კგ), დავით მარსაგიშვილი (84 კგ) და დავით მოძმანაშვილი (120 კგ) იჭიდავებენ, ზეგ კი ხალიჩაზე კობა კაკალაძე, ილია ხუციშვილი (ორივე 66 კგ) და ბელდუხ გავაშელიშვილი (96 კგ) გავლენ.
ოთარ მაღლაკელიძე