თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარე ევროპის პირველობის ბრინჯაოსმედალოსანი, 60 კგ წონით კატეგორიაში თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩაგაშვილი ნახევარფინალში მარცხს საკუთარი შეცდომით ხსნის.
როგორც ხინჩეგაშვილმა “მსოფლიო სპორტს” განუცხადა, ის დარწმუნებულია, რომ მომავალში ახალ წონაშიც (ხინჩეგაშვილი ადრე 55 კგ-ში გამოდიოდა – რ.ლ.) უფრო კარგ შედეგებს აჩვენებს.
- ბრინჯაოს მედლით კმაყოფილი ხართ?
- მე მაქსიმალისტი ვარ და უფრო მეტ შედეგს ველოდი. პირველი ადგილი მქონდა დაგეგმილი.
- რით ახსნით თქვენს მარცხს ნახევარფინალში, სადაც თქვენი მეტოქე რუსეთის წარმომადგენელი ოპან სატი იყო.
- დიდი შეცდომა დავუშვი პირველ პერიოდში, შემეძლო ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ უფრო მომგებიანი ქულის გაკეთება მოვინდომე, მეტოქის ილეთზე წამოვეგე და ჩემი შეცდომის გამო დავმარცხდი. ახალ წონაში გამოვდივარ და მიჭირს შეგუება. მერწმუნეთ, მომავალში უფრო კარგ შედეგებს ვაჩვენებ.