ფეხბურთი

14:07 | 20.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმერ ხაჩიძე: "შესაძლოა, მხოლოდ უმაღლესში დარჩენაზე არ ვიფიქროთ"

ცხინვალის "სპარტაკმა" ვარჯიში უკვე დაიწყო. რამდენიმე დღეა, ვლადიმერ ხაჩიძის გუნდი "ნორჩი დინამოელის" (ყოფილი "შრომითი რეზერვები") მინდორზე ემზადება. როგორც "მსოფლიო სპორტი" უკვე წერდა, "სპარტაკს" შეუერთდნენ ნიკა კვეკვესკირი, ლაშა ჩაფიძე, გიორგი თექთურმანიძე (თბილისის "დინამოდან" განათხოვრებით), ბესიკ ჩიმაკაძე (ბათუმის "დინამოდან"), ვახტანგ ფანცხავა ("სამგურალიდან").

"მსოფლიო სპორტი" ხაჩიძეს ესაუბრა:

- უცხოურ შეკრებაზე წასვლას ახერხებთ?

- 25 ივნისს ბაკურიანში წავალთ შეკრებაზე, უცხოეთზე კი ჯერ ვერაფერს გეტყვით. არაა ცნობილი.

- კლუბს აქვს საკმარისი ბიუჯეტი, რათა სხვა გუნდებივით პრობლემა არ შეექმნას?

- ამ ეტაპზე უკმაყოფილონი არ ვართ, მაგრამ შემდეგ თუ არ დაგვიმატეს, გაგვიჭირდება.

- საშინაო მატჩებს სად ჩაატარებთ? წინა სეზონში "ბენდელაზე" თამაშობდით.

- სავარაუდოდ, "მიხეილ მესხზე" ვითამაშებთ. არაა გამორიცხული, გორში ჩავატაროთ, "თენგიზ ბურჯანაძეზე".

- შემადგენლობაზე რას იტყვით? კიდევ იქნებიან ახალწვეულები?

- რამდენიმე ფეხბურთელი გასინჯვაზეა. როგორც იცით, თექთურმანიძე, კვეკვესკირი და ჩაფიძე დაგვემატნენ. ჩიმაკაძის საკითხი ჯერ გასარკვევია. ფანცხავა კი გასინჯვაზეა. გუნდიდან ჯერ მხოლოდ მცველი ლემონჯავაა წასული, დანარჩენები ადგილზე არიან.

- მიზანი უმაღლესში ადგილის შენარჩუნება იქნება თუ ექვსეულზეც იფიქრებთ?

- შარშანდელ სეზონში, პირველი ლიგის კვალობაზე, კარგი შემადგენლობა გვყავდა. რა თქმა უნდა, უმაღლესი ლიგა სხვა დონეა და კარგია, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ფეხბურთელების დამატება მოხერხდა. გამოუცდელებმა წინ რომ წაიწიონ, მათ კარგი ფეხბურთელების თანადგომა სჭირდებათ. ასე რომ, შესაძლოა, მხოლოდ ადგილის შენარჩუნებაზე არ ვიფიქროთ.  

 

 

თეგებიხაჩიძე
0.130604