ინტერვიუები

9:59 | 20.04.2010 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმერ ხაჩიძე: "მუდმივად მაშველის როლში ყოფნისგან, დავიღალე"

ცხინვალის “სპარტაკის” მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გადამდგარი ვლადიმერ ხაჩიძე, მისი ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზად, მოტივაციის არქონას ასახელებს.  ცხინვალელთა აწ უკვე ყოფილმა თავკაცმა, “მსოფლიო სპორტთან” საუბრისას აღნიშნა, რომ მზად არ იყო გუნდის თავიდან შესაქმნელად, რასაც მას კლუბის ხელმძღვანელობა სთხოვდა.
ვლადიმერ ხაჩიძე: “გუნდი საკუთარი სურვილით დავტოვე, რადგან ჩავთვალე, რომ საბრძოლველი მეტი არაფერი იყო. ჩვენ ვერც წინ წავიდოდით და ვერც უკან. ხელმძღვანელობამ მთხოვა, რომ მომავალი სეზონისთვის ახალი გუნდის მშენებლობა დამეწყო და აქცენტი ახალგაზრდებზე გამეკეთებინა. თუმცა, წელიწადში სამჯერ გუნდის თავიდან შექმნა იოლი ნამდვილად არაა. მითუმეტეს, გადაღლილი ვარ. კლუბთან კონტრაქტი ივნისამდე მაკავშირებს და ხელფასს ჩვეულებრივ მივიღებ “.
- გამოდის, “სპარტაკში” საკუთარი თავი ამოწურეთ?
- ამ ეტაპზე, “სპარტაკში” მუშაობა ჩემთვის საინტერესო აღარაა, რადგან მოტივაცია არ მაქვს. საქართველოს თასის 1/2-ფინალისთვის ამდენი ხანი ვემზადებოდით და თამაში ნახევარ საათში “დაგვიმთავრეს”. აქედან გამომდინარე, ფეხბურთელებისთვისაც უკეთესი იყო გუნდში ახალი მთავარი მწვრთნელის მისვლა.  
- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
- ჯერჯერობით, კლუბში ვრჩები და სეზონის დასრულების შემდეგ, კლუბის მეპატრონეებს შევხვდები. თუ ისინი მომავალში ევროტურნირების საგზურისთვის მებრძოლი გუნდის ჩამოყალიბებას დააპირებენ, მაშინ შევთანხმდებით. თორემ, მუდმივად მაშველის როლში ყოფნისგან, დავიღალე.
- თვლით, რომ მიმდინარე სეზონში ცხინვალელებმა მაქსიმუმი გააკეთეს?
- სეზონის წინ, ხელმძღვანელობამ გვითხრა, რომ შარშანდელის მსგავს სიტუაციაში არ აღმოვჩენილიყავით, ანუ, ლიგაში დასარჩენად ბრძოლა არ დაგვჭირვებოდა. ჩემპიონატის პირველ ეტაპზე საკმაო რაოდენობის ქულები დავაგროვეთ, ზამთარში კი ახალი გუნდის შექმნა მოგვიწია, რადგან 16 ფეხბურთელი გავუშვით. საბოლოო ჯამში, “სპარტაკს” უმაღლესი ლიგის დატოვება არ ემუქრება და თასის 1/2-ფინალიც ითამაშა.
- თქვენს შემცვლელ გოჩა ჩიქოვანს როგორ დაახასიათებთ?
- ჩიქოვანთან ერთად დიდი ხანია ვმუშაობ და ვთვლი, რომ ნიჭიერი კაცია. ახალგაზრდაა და მისთვისაც კარგია, რომ საკუთარი შესაძლებლობები გამოსცადოს. მაინც სულ სხვაა, როდესაც მოვლენებს გვერდიდან უყურებ და სხვაა, როცა მთავარი მწვრთნელი ხარ.
- გიორგი დემეტრაძისა და ლადო ბურდულის დამატება, გუნდს რამდენად წაადგა?
- ძალიან მადლობელი ვარ ამ ბიჭების. მართალია, ისინი საუკეთესო სათამაშო ფორმაში არ არიან, მაგრამ ახალგაზრდებს აჩვენეს, თუ რას ნიშნავს პროფესიონალიზმი. ორივე მათგანი ვარჯიშებზე სამაგალითო იყო.

 

ლაშა თაბაგარი
 

0.113814