ინტერვიუები

16:54 | 10.12.2011 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმერ ხაჩიძე: "მთავარია, სწორად ითამაშო"

ცხინვალის ”სპარტაკის” თავკაცი ვლადიმერ ხაჩიძე ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქართველ მწვრთნელებს შორის, რომლებსაც უმაღლესი, PRO კატეგორიის სამწვრთნელო ლიცენზია გააჩნიათ. ხაჩიძემ, ვის ხელშიც ”სპარტაკმა” ადრე ყველაზე კარგი შედეგი (მე-5 ადგილი) აჩვენა, ცხინვალელთა გუნდი სექტემბრის შუაწელს ჩაიბარა. მის ხელში სპარტაკელებმა ქულათა მარაგი 2-დან 16-მდე გაზარდეს და ცხრილში პოზიცია გაიუმჯობესეს. გუნდმა, რომელმაც ბოლოს ორი გასვლითი მატჩი ზედიზედ მოიგო, მოწინავე 8 გუნდში მოხვედრის რეალური შანსი აქვს.
ამ და სხვა ფაქტორების გამო, ”სპარტაკის" თავკაცი ჩვენი ყურადღების სფეროში მოექცა...

- საუბარი ბოლოს, ზუგდიდში ჩატარებული მატჩით დავიწყოთ, რომელშიც ”სპარტაკმა” ”ბაია” სტუმრად უშანსოდ დატოვა და დამაჯერებლად დაამარცხა...
- ორ თვეზე მეტია, რაც ”სპარტაკში” ვარ და ფეხბურთელებმა უკვე გაიგეს, თუ რას ვითხოვ მათგან. გუნდური თამაში შედარებით გამოსწორდა და შედეგიც სახეზეა. ზუგდიდში მოგებაც უმთავრესად ამით იყო განპირობებული. გარდა ამისა, სათამაშო დისციპლინა და საგოლე მომენტების რეალიზაციაც კარგ დონეზე იყო და ”ბაიასთან” სტუმრად მოგებაში სწორედ ეს ფაქტორები იყო გადამწყვეტი.
- მიმდინარე სეზონში, ”სპარტაკის” ოთხივე მოგება თქვენმა მომზადებულმა გუნდმა მიითვალა. აღსანიშნავია, რომ ოთხიდან სამი მატჩი სტუმრად მოიგეთ...
- გუნდი შინ და გარეთ ერთნაირად კარგად უნდა თამაშობდეს, სწორედ ესაა ჩვენს მიერ არჩეული კურსი. ადრე აქსიომასავით იყო, სტუმარი გუნდი მსაჯობით იჩაგრებოდა. ახლა კი ასე აღარ არის, მსაჯობა საგრძნობლად გამოსწორდა და მნიშვნელობა აღარ აქვს, შინ თამაშობ თუ სტუმრად. შესაბამისად, მთავარია სწორად ითამაშო, ფეხბურთელებმა მწვრთნელის დავალება შეასრულონ, საგოლე მომენტები გამოიყენონ და სტუმრად მოგებაც არ უნდა იყოს პრობლემა.
- ამ გუნდს უკეთ შეუძლია თამაში და ცხრილშიც უკეთეს ადგილს იმსახურებს - ასეთი იყო თქვენი პირველი შთაბეჭდილება ”სპარტაკის” ჩაბარებისას. როგორც თავად აღნიშნეთ, უკვე ორ თვეზე მეტია, რაც ”სპარტაკს” წვრთნით. შესაბამისად, ახლა მეტის თქმა შეგიძლიათ...
- ალბათ გამოჩნდა, რომ ჩემი ის პირველი შეფასება სწორი იყო - ამ ბიჭებს უკეთ თამაში შეუძლიათ. მოწინავე ოქტეტში მოსახვედრად ვიბრძვით. საამისოდ ახლა უკეთესი შანსი გვაქვს და ცოტა ადრე რომ უკეთ ეთამაშა გუნდს, ეს პრობლემა უკვე გადაჭრილი იქნებოდა.
- ბოლოს, ზედიზედ ორი მოგების შემდეგ, მოწინავე 8 გუნდში ”სპარტაკის” მოხვედრის შანსი საგრძნობლად გაიზარდა. დღეს როგორ აფასებთ ამ შანსს?
- რა თქმა უნდა, შანსი გაიზარდა, მაგრამ ამით არ უნდა დავკმაყოფილდეთ. ახლა მთავარია, გუნდმა სტაბილურად ითამაშოს. ახლა ბევრი რამ ფეხბურთელებზეა დამოკიდებული. იმედი მაქვს, ბიჭები კარგად შეასრულებენ ჩემს დავალებებს. ასეთ შემთხვევაში უკეთესი შედეგი გვექნება. ასე რომ, მთავარია, სწორად ითამაშო.
- 11-დან 18 დეკემბრამდე, ამ მცირე პერიოდში სამი მატჩის ჩატარება მოგიწევთ...
- ყველა გუნდი ასეთ ვითარებაშია და ვფიქრობ, თანაბარ პირობებში ვართ. ასე რომ, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს.
- თქვენი ხელმძღვანელობით გუნდმა 4 მატჩი მოიგო და ქულათა მარაგი 2-დან 16-მდე გაზარდა. ამ შედეგში რომელმა ფეხბურთელებმა ან სათამაშო რგოლმა ითამაშა გადამწყვეტი როლი?
- ცალკეული ფეხბურთელების გამოყოფა არ მინდა. ფეხბურთი გუნდური თამაშია და ეს შედეგი მთელი გუნდის დამსახურებაა. ყველა ფეხბურთელი მონდომებულია და თითოეულ თამაშში ბოლომდე იხარჯება. მეორე საკითხია, ვის როგორ გამოსდის. კიდევ დროა საჭირო საიმისოდ, რომ ”სპარტაკმა” სტაბილურად სწორი ფეხბურთი ითამაშოს. გუნდში ჩემი მისვლის დღიდან ერთი სათამაშო სტრატეგია ავირჩიეთ, რომელსაც სხვადასხვა ვარიანტებს ვარგებთ. ბიჭები ამას ნელ-ნელა ეჩვევიან და გუნდის ხელწერაც იკვეთება.
- ადრეც იყავით ცხინვალის ”სპარტაკში” მთავარი მწვრთნელი. რა პარალელს გაავლებდით მაშინდელ და ახლანდელ ვითარებას შორის?
- მაშინ გუნდი ჩემი შეხედულებით, თავადვე დავაკომპლექტე და უფრო შედეგიანად ვითამაშეთ. ყველა მწვრთნელისთვის ძნელია მუშაობა, როცა გუნდი მისი დაკომპლექტებული და მომზადებული არაა.
- მალე ზამთრის პაუზა და სატრანსფერო პერიოდი დაიწყება. თუ აპირებთ გუნდის თქვენს ”თარგზე მოჭრას” ანუ მოსალოდნელია თუ არა ”სპარტაკში” ცვლილებები?
- დიახ, ასე იქნება. დუბლებში არაერთი კარგი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს და მათაც მიეცემათ თავის გამოჩენის შანსი. ასე რომ, ზამთარში ფაქტობრივად ახალი გუნდის შენებას დავიწყებთ.
- ანუ, ”სპარტაკი” იქნება ახაგაზრდული, თუ, ასე ვთქვათ, შერეული გუნდი?
- რა თქმა უნდა, შერეული გუნდი იქნება, რომლის ბირთვს გამოცდილი ფეხბურთელები შეადგენენ, დანარჩენი კი ახალგაზრდები იქნებიან. გამოცდილი მოთამაშის გვერდით ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელი უფრო სწრაფად იზრდება და სწორადაც ვითარდება.
- ზამთრის პაუზამდე სამი ტურია დარჩენილი. მინიმუმ რამდენი ქულის მოპოვება დაგაკმაყოფილებთ?
- ჩვენ სამივე თამაშის მოსაგებად ვიბრძოლებთ, ეს იქნება ჩვენი მინიმუმიც და მაქსიმუმიც.
- მოწინავე 8 გუნდში დარჩენისთვის ბრძოლაში კონკურენტებად ვის მიიჩნევთ და მათზე რას გვეტყოდით?
- ჩვენი კონკურენტები ”გაგრა”, ”ვიტ ჯორჯია”, ”კოლხეთი” და ”დილა” არიან. ვინც წლის ბოლო მატჩებს უკეთ ჩაატარებს, მოწინავე 8 გუნდშიც ის მოხვდება. ვფიქრობ, თანაბარი დონის გუნდები ვართ და გადამწყვეტი იქნება, თუ ვინ გამოიყენებს დროსა და თავის შესაძლებლობებს მაქსიმალურად.
- მიმდინარე სეზონი ახალი სისტემით ტარდება. ჩემპიონატის ამ ახალ სქემას როგორ შეაფასებდით?
- ეს ექსპერიმენტული სისტემაა და თავისი პლუს-მინუსები აქვს. ალბათ, უპრიანი იქნება, შეფასება მაისისთვის გადავდოთ. მანამდე კი, აღსანიშნავია ის, რომ სტადიონები კეთდება და ინფრასტრუქტურა ვითარდება. რა თქმა უნდა, ეს მისასალმებელი ფაქტია. ”მიხეილ მესხის”, ეროვნული სტადიონისა და ”ტორპედოს” არენების რეკონსტრუქცია უკვე ჩატარდა. გორის, ფოთის სტადიონებზე ახლა მიდის რეკონსტრუქცია, ამას სხვა სტადიონებიც დაემატება, ეს კი ფეხბურთის ხარისხზეც აისახება, მომავალი თაობაც უკეთ ათამაშდება და იმედი მაქვს, ნელ-ნელა მივალთ 16-გუნდიან ჩემპიონატამდე, რომელიც, ჩემი აზრით, ქართული ფეხბურთისთვის ოპტიმალურია.
- ”სპარტაკი” ”საბურთალოს” ახალ სტადიონზე ვარჯიშობს. რამდენად კარგი პირობებია სრულფასოვანი მომზადებისთვის?
- პირობები მართლაც კარგია და მადლობა მინდა ვუთხრა ”საბურთალოს“ ხელმძღვანელობას. იმედია, ტრიბუნაც მოეწყობა და უმაღლესი ლიგის მატჩების ჩატარებაც შესაძლებელი გახდება. თუ ასე იქნება, ჩვენ ამ არენაზე ჩავატარებთ საშინაო მატჩებს.


 

0.126601