კალათბურთი

21:49 | 10.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმერ სტეფანია: “არჩევნებში მონაწილეობას არ ვაპირებ, მაგრამ ერთ-ერთ კანდიდატს მხარს დავუჭერ”

 

10 მაისს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სააქტო დარბაზში აღნიშნული უწყების მინისტრმა ლევან ყიფიანმა და ვეტერანმა კალათბურთელმა ვლადიმერ სტეფანიამ (რომელიც ქართველი კალათბურთელებიდან პირველი იყო, ვინც ნბა-ში ითამაშა) მასმედიისთვის პრესკონფერენცია გამართეს.

სტეფანია საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მრჩეველთა საბჭოში გაერთიანდა და ამიერიდან თავის გამოცდილებას სწორედ ამ უწყების მინისტრს გაუზიარებს.

ლევან ყიფიანი: “უპირველესად, გილოცავთ აღდგომას და გიორგობას, რომლებიც ამ რამდენიმე დღის წინ ვიზეიმეთ. ვეტერანმა კალათბურთელმა ვლადიმერ სტეფანიამ თანამშრომლობა შემოგვთავაზა, რაზეც სიამოვნებით დავთანხმდით. სტეფანიას ჩვენს გუნდში ყოფნა მნიშვნელოვანია. იგი თავის გამოცდილებას ქართულ სპორტს მოახმარს. ვოვა გაწევრიანდა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მრჩეველთა საბჭოში, სადაც საქართველოს გამოჩენილი ადამიანები იმყოფებიან. იმედი მაქვს, ჩვენი თანამშრომლობა ქართულ სპორტს მნიშვნელოვნად წაადგება.

კალათბურთი სპორტის იმ სახეობათა რიცხვს განეკუთვნება, რომლებიც საქართველოში პოპულარულია. ჯერჯერობით, ყველაზე დიდი წარმატება ჭიდაობაში გვაქვს მოპოვებული, რომელიც ინდივიდუალური სახეობაა. შედარებით მეტი სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი გუნდურ სახეობებში, მათ შორის კალათბურთში. სტეფანია ძირითადად ამ მხრივ გაგვიზიარებს თავის გამოცდილებას”.

ვლადიმერ სტეფანია: აქტიურ სპორტს თავი 7 წლის წინათ დავანებე. დავამთავრე ამერიკის ერთ-ერთი უნივერსიტეტი. ამჟამად მაქვს სამედიცინო ბიზნესი. აღნიშნული ბიზნესის გარდა, კავკასიის რეგიონიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში ვაწარმოებ საკვები პროდუქტების გატანას.

- ადრე თუ გიცდიათ თქვენი გამოცდილება ქართული სპორტის ხელმძღვანელობისთვის გაგეზიარებინათ?

- რა თქმა უნდა, ვეცადე, მაგრამ ყურადღება არავინ მომაქცია.

- ახლა, როცა თქვენს გამოცდილებას სხვა ფასი დაედო, რა გაქვთ დაგეგმილი?

- მყავს ჩემი გუნდი, რომელსაც ბიზნესში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. ქართული სპორტი განვითარებისთვის, უპირველესად, აუცილებელია ფუნდამენტი. ქართულ კალათბურთში მხოლოდ 5-6 სპორტსმენია, რომლებსაც შეუძლიათ სერიოზული წარმატებები მოიპოვონ. არადა, თავისუფლად შეიძლება მინიმუმ 3 სანიკიძის, 3 მარკოიშვილის, 3 ფაჩულიას და იმდენი კალათბურთელის აღზრდა, რომლებისგან რამდენიმე ძლიერი გუნდი გაკეთდება.

- თქვენ ხომ არ აპირებთ ასეთი ანგარიშგასაწევი გუნდის გაკეთებას?

- გამორიცხული არაფერია.

- მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაგეგმილია საქართველოს კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები. აღნიშნულ არჩევნებში თქვენც ხომ არ აპირებთ მონაწილეობის მიღებას?

- პირადად არ ვაპირებ არჩევნებში მონაწილეობას, მაგრამ ერთ-ერთ კანდიდატს მხარს დავუჭერ.

- თუ საიდუმლო არაა, პრეზიდენტობის რომელ კანდიდატს უჭერთ მხარს?

- ამას მალე შეიტყობთ.

- თქვენი აზრით, ქართული კალათბურთი ცვლილებას თუ საჭიროებს?

- რა თქმა უნდა, ცვლილება აუცილებელია. სხვანაირად ქართული კალათბურთი ვერ განვითარდება.

 

 

0.138232