თბილისის “დინამოს” ლეგენდარულმა ფორვარდმა ვლადიმერ გუცაევმა ბელარუსულ Goals-თან საუბარში მოახლოებულ შესარჩევ მატჩზე ისაუბრა. როგორც იცით, 7 სექტემბერს თემურ ქეცბაიას გუნდი ბელარუსებს მასპინძლობს. შეხვედრა “დინამო არენაზე” 19 საათზე დაიწყება.
- თამაშს დაესწრებით?
- ალბათ, კი. ჩვენი ნაკრები თამაშობს და მეტოქეც არაა სუსტი. საინტერესო საყურებელი იქნება.
- როგორ ფიქრობთ, ვინ მოიგებს?
- ძნელი სათქმელია. ეს შესარჩევის პირველი მატჩია და მოგებით დაწყება ორივე გუნდს ძალიან სურს. თუმცა, ბელარუსები ეცდებიან, ქულა აიღონ. ან, თუნდაც 3 ქულა. შანსები თანაბარია, მაგრამ ჩვენ საკუთარი მოედნის ფაქტორი დაგვეხმარება. ვფიქრობ, თბილისში სტადიონი გაივსება – 56000 კაცი მოვა.
- დიდი ხანია, ბელარუსის ნაკრების თამაში არ გინახავთ?
- წინა შესარჩევის ფრაგმენტები ვნახე. შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, კარგი, მებრძოლი გუნდია. აგვისტოში სომხებს მოუგეს, არადა, სომხეთს ახლა ძლიერი გუნდი ჰყავს. მწვრთნელიც კარგი ჰყავს ბელარუსს – ვიქტორ კონდრატიევი.
- გეორგი...
- აჰ, მაპატიეთ. რა თქმა უნდა, გეორგი. ჩვენ ხშირად გვითამაშია ერთმანეთის წინააღმდეგ. ვერ გეტყვით, რომ ახლოს ვიცნობ, მაგრამ ურთიერთობა გვქონია. როგორც კოლეგას, წარმატებას ვუსურვებ.
მოამზადა ილია ნანობაშვილმა