ფეხბურთი

10:25 | 20.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

"ვიტესის" სასწაული მოგება, კობიაშვილის 338-ე

არნემის "ვიტესმა" გასვლაზე 3:2 სძლია მარკო ვან ბასტენის გაწვრთნილ "ჰერენვენს" და მეხუთე ადგილზეა, თუმცა ლიდერს მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება. არადა, "ვიტესი" 55-ე წუთამდე ორი ბურთით აგებდა. გურამ კაშიამ შეუცვლელად ჩაატარა მატჩი, ერთ მომენტში ძელს მოარტყა ბურთი და ბოლოს, კონტრშეტევის ჩაშლისთვის გაფრთხილებაც მიიღო. ვაკო ყაზაიშვილმა ბოლო 25 წუთი ითამაშა, ხოლო გიორგი ჭანტურია 82-ე წუთზე შევიდა მინდორზე.

ჭანტურიამ დისკვალიფიკაცია მოიხადა, ხანგრძლივი შესვენების შემდეგ გამოჩნდა "ვიტესის" მაისურით და აქტიურიც გახლდათ. ბოლო, გადამწყვეტი გოლი, რომელიც 93-ე წუთზე ვან აანჰოლტმა გაიტანა, ქართველების დამსახურებაც იყო: ჭანტურიამ მეტოქეს აართვა ბურთი, შემდეგ ყაზაიშვილმა კარგად ითამაშა, პასი მისცა პიაზონს, რომელმაც ვან აანჰოლტს დაუტოვა და "ვიტესის" მარცხენა მცველმა ბრწყინვალე დარტყმით მოაგებინა არნემელებს.

თურქეთში შოთა არველაძის "ქასიმფაშამ" გასვლაზე 3:1 მოუგო "გენჩლერს" და მესამე ადგილზეა, თუმცა მდევრებს თავიანთი მატჩები ჩასატარებელი აქვთ.

ლევან კობიაშვილის "ჰერტამ" შინ 1:0 სძლია "გლადბახს" და მეოთხე პოზიციაზეა. "კობი" სასტარტოში გამოჩნდა და მე-60 წუთზე შეცვალეს. სხვათა შორის, ლევანი საყრდენ ნახევარმცველად ირჯებოდა. ეს მისი 338-ე მატჩი იყო ბუნდესლიგაში და კლაუდიო პიზაროს, სავარაუდოდ, ვეღარ დაეწევა – პერუელს 355 აქვს. საუბარია, ბუნდესლიგაში ლეგიონერთა მიერ ჩატარებული მატჩების რაოდენობაზე. პიზარო ამ მხრივ ყველა დროის რეკორდსმენია, კობიაშვილი კი მეორე ადგილზეა.

რუმინეთში "გაზ მეთანმა" გასვლაზე 1:1 ითამაშა "ოცელულთან" და მეშვიდე ადგილზეა. "გაზ მეთანის" განაცხადში გიორგი ალავერდაშვილი არ ყოფილა.

0.117231