იმის კვალობაზე, რა ადგილიც ცხრილში “ვიტ ჯორჯიას” ეკავა, გუნდმა ხუთიანზე ითამაშა. 5:2 რუსთავის ‘მეტალურგთან” ხუმრობა არაა, მითუმეტეს მაშინ, როცა თვეზე მეტია, ერთი მატჩიც კი არ მოგიგია. კიდევ, ზურაბ ბერიძის გუნდი პირველია, რომელმაც ამ სეზონში ერთ მატჩში 5 გოლი გაიტანა.
ვიტელებმა თავიდანვე აქტიურად, შეტევებით დაიწყეს და მე-4 წუთზე ნიკა სიჭინავამ ანგარიში გახსნა: მარცხენა გარემარბმა საჯარიმოს გარეთ მიიღო ბურთი, ოდნავ წინ წაიწია და დაახლოებით 14-15 მეტრიდან ძლიერად და ზუსტად დაარტყა დაბალ კუთხეში - 1:0.
საწყის 15 წუთში “ვიტ ჯორჯია” დიდ უპირატესობას ფლობდა, თუმცა გოლს თავად გადაურჩა: გოგა ფიფიამ საჯარიმოში ჩააწოდა, იქ მეკარე ნიკა დაუშვილმა მოიგერია ბურთი, ლაშა ჯაფარიძე კი თავით ამატებდა და მასპინძლები ძელმა იხსნა. ერთ წუთში კი ვიტელებმა მშვენიერი კონტრშეტევა განახორციელეს, სიჭინავამ ელგუჯა ლობჯანიძეს გააყოლა ბურთი, რომელმაც წინ გამოსულ მეკარე გრიგოლ ბედიაშვილს დაასწრო, გვერდზე გიორგი კორიფაძეს გაუკეთა პასი და მასაც ცარიელ კარში გატანა არ გასჭირვებია - 2:0.
სიჭინავა ყველაზე აქტიური იყო პირველ ტაიმში და ერთხელ ხარიხასაც მოარტყა ბურთი, თუმცა ამ მომენტში აშკარად აწვდიდა და არა კარში ურტყამდა. “მეტალურგი’ დაახლოებით მე-20 წუთიდან გამოფხიზლდა, თუმცა საგოლე მომენტამდე საქმე ვერ მიჰყავდა და მესამედაც გაუშვა: გიორგი ჯანელიძემ რუსთაველთა საჯარიმოში ორ მცველს შორის მოახერხა ბურთის შენარჩუნება, კარგ პაუზას ჩაწოდება მიაყოლა და ლობჯანიძემაც დაუფასა, რომელმაც რთულ მდგომარეობაში ბურთი ერთი შეხებით დაიმორჩილა, მეორეთი კი რბილად გადაგზავნა კარში - 3:0.
“მეტალურგმა” ტაიმის ბოლოს მაინც დატოვა ინტრიგა, როცა რევაზ გეწაძის პასის შემდეგ, დავით საჯაიამ საჯარიმოში ერთი მცველი ჩამოიტოვა და ახლოდან მაღალ კუთხეში დარტყმით ანგარიში 3:1 გახადა.
საერთოდ, უნდა ითქვას, რომ ტემპი მაღალი იყო და ასევე, პერიოდულად გუნდები ავანტიურას მიმართავდნენ: მაგალითად, როგორც გააკეთა “მეტალურგმა” მეორე გოლის შემდეგ, როცა ანგარიშის გასათანაბრებლად თითქმის მთელი გუნდით წინ წავიდა.
ეს მეორე გოლი, რომელმაც თამაში დაძაბა, 67-ე წუთზე გავიდა: ლაშა ჯაფარიძემ საჯარიმოში შეიგდო ბურთი, რომელიც ოთარ ჯავაშვილს ხელზე მოხვდა და სირიელმა მსაჯმა ბასლეჰლომ პენალტი დანიშნა, რომელიც ლუკა რაზმაძემ ზუსტად შეასრულა - 3:2.
ამას მოჰყვა რუსთაველთა დიდი ძალებით წარმოებული შეტევები და ჯერ საჯაიას აუღო მეკარემ, 77-ე წუთზე კი ფიფიამ საჯარიმოს მისადგომებიდან ძელს მოარტყა ბურთი - აი, საკვანძო მომენტიც. არადა, 3:3 გახდებოდა.
ავანტიურამ არ გაამართლა და “ვიტ ჯორჯიამ” მეტოქე კონტრშეტევებზე 2 გოლით დასაჯა: ჯანელიძემ მარცხნიდან დრიბლინგი წამოიწყო, მცველს გასცდა და ცარიელ კართან გაუკეთა პასი კორიფაძეს - 4:2. ჯანელიძე ისევ მოგვევლინა ვიტელთა ლიდერად და ეს განსაკუთრებით მეორე ტაიმზე ითქმის.
ბოლო გოლიც ლამაზი გამოვიდა: კორიფაძემ მარჯვნიდან ჩააწოდა და ლობჯანიძემ ვარდნაში თავით გაიტანა - 5:2.
ვიტელთა თითოეულმა ფეხბურთელმა კარგად ითამაშა, განსაკუთრებით კი შემტევმა ოთხეულმა (კორიფაძე-ჯანელიძე-სიჭინავა-ლობჯანიძე). ასევე კარგად ერთვებოდნენ შეტევებში განაპირა მცველები, გიორგი მჭედლიშვილი და ოთარ ჯავაშვილი.
სტუმართაგან კი, მომენტებიდანაც ჩანს, აქტიური იყო ფიფია და ერთი გოლი ნამდვილად ალალი იქნებოდა მასზე, თუმცა ძელზე ვთქვით და ბოლოს მეკარე ნიკა დაუშვილმაც ურთულესი ბურთი აუღო.
“მეტალურგს” ტრავმის გამო არ ჰყავდა რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი: ლევან კაკუბავა, ლევან კორღალიძე, გიორგი ბერიაშვილი და გიორგი ქავთარაძე ტრიბუნიდან უყურებდნენ თამაშს. ამას გარდა, დისკვალიფიკაცია ჰქონდა დავით კირკიტაძეს. თუმცა, გუნდისთვის, რომელმაც კარგი შეკრება გაიარა, ასეთი ანგარიშით მარცხი მეტისმეტია.
ვიტ ჯორჯია (
6.10. 15:00. მცხეთა. “მცხეთა პარკი”. 150 მაყურებელი
ვიტ ჯორჯია: დაუშვილი, მჭედლიშვილი, ადამაძე, კასრაძე, ჯავაშვილი, დავლაშელიძე (ნიკოლოზ მაისურაძე 80), წყაროზია (ღიბრაძე 57), კორიფაძე, ჯანელიძე, ნიკა სიჭინავა (პავლიაშვილი 77), ლობჯანიძე.
მწვრთნელი: ზურაბ ბერიძე.
მეტალურგი: ბედიაშვილი, ჯაფარიძე, მაისაშვილი, მახვილაძე, კაკულია (სუხიაშვილი 46), გურეშიძე, დობროვოლსკი (რაზმაძე 63), გეწაძე, საჯაია (გოგინაშვიილი 75), ფიფია, სიხარულიძე.
მწვრთნელი:
გოლები: 1:0 სიჭინავა (4), 2:0 კორიფაძე (16), 3:0 ლობჯანიძე (41), 3:1 საჯაია (45), 3:2 რაზმაძე (67 პენ), 4:2 კორიფაძე (80), 5:2 ლობჯანიძე (86).
გაფრთხილება: წყაროზია (14), დავლაშელიძე (22), დობროვოლსკი (37), მაისაშვილი (40), გურეშიძე (45), ჯავაშვილი (67).
მსაჯი: აბდულა ბასლეჰლო (სირია).
1. | დინამო | 8 | 6 | 1 | 1 | 19:7 | 19 | |
2. | ტორპედო | 8 | 5 | 3 | 0 | 13:4 | 18 | |
3. | ჩიხურა | 8 | 5 | 1 | 2 | 17:11 | 16 | |
4. | გურია | 8 | 4 | 0 | 4 | 8:9 | 12 | |
5. | მერანი | 8 | 4 | 0 | 4 | 11:14 | 12 | |
6. | ვიტ ჯორჯია | 8 | 3 | 2 | 3 | 13:11 | 11 | |
7. | დილა | 8 | 3 | 2 | 3 | 10:10 | 11 | |
8. | მეტალურგი | 8 | 3 | 2 | 3 | 9:14 | 11 | |
9. | ზესტაფონი | 8 | 3 | 1 | 4 | 9:7 | 10 | |
10. | სიონი | 8 | 2 | 2 | 4 | 10:13 | 8 | |
11. | ზუგდიდი | 8 | 1 | 2 | 5 | 3:13 | 5 | |
12. | სპარტაკი | 8 | 1 | 0 | 7 | 4:13 | 3 |
ბომბარდირები:
7 - დიმიტრი ტატანაშვილი (“ჩიხურა”), 6 - დორინ გოგა (დინამო), 5 - ირაკლი მოდებაძე (დილა), 4 - ირაკლი ქობალია (ზესტაფონი), თორნიკე კაპანაძე (ტორპედო), ელგუჯა ლობჯანიძე (ვიტ ჯორჯია), გიორგი კორიფაძე (ვიტ ჯორჯია).
შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:
- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.