ფეხბურთი

23:28 | 21.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

"ვიტ ჯორჯიას" დამსახურებული სამი ქულა

ისე მოხდა, რომ ორივე გუნდმა გასულ ტურში ქუთაისში იასპარეზა და ორივემ დამარცხებულმა დატოვა იმერეთის მთავარი ქალაქი. სანაკრებო პაუზის გამო ეროვნული ჩემპიონატის გამოტოვებულ IV ტურის შეხვედრაში, ზუგდიდლებმა მათთვის საშინაო არენად ქცეულ ,,ცენტრალურზე” გორის ,,დილა” მიიღეს და დიდი ანგარიშით დამარცხდნენ. რაც შეეხებათ ვეტერინარებს, ისინი მატჩის ბოლომდე ტოლ-სწორად ეომნენ რიონისპირელებს. ,,ტორპედოელებმა”  მხოლოდ უკანასკნელ წუთზე გატანილი გოლით მოახერხეს მინიმალური ანგარიშით გამარჯვება. აქედან გამომდინარე, წარმატებით გამოსვლა ორივე გუნდს სჭირდებოდა, განსაკუთრებით მძიმე დღეში პირობითი მასპინძლები გახლდნენ, რომლებიც სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილზე იმყოფებოდნენ.

შეხვედრა საკმაოდ მოულოდნელად დაიწყო. ზუგდიდლებმა თავიდანვე გააფრთებით შეუტიეს და მათ პირველივე იერიშს შედეგი მოჰყვა. მე-3 წუთზე კვარაცხელია მარჯვენა ფლანგზე გაიჭრა და გამიზნული გადაცემით, საჯარიმოში შეჭრილი შოთა ლომია მონახა. კაპიტანმა თანაგუნდელს ამაგი დაუფასა და შეუჩერებელი, ძლიერი დარტყმით ბურთი თბილისელთა კარის ბადეში მოათავსა - 1:0. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე ეროვნულ ჩემპიონატში, ეს ზუგდიდელთა მიერ გატანილი პირველი ,,საშინაო” გოლი გახლდათ. სამი წუთის შემდეგ, პირობით მასპინძლებს ანგარიშის გაზრდაც შეეძლოთ. შოთა ლომიას მოწოდებულ კუთხურზე, მირცხულავა ყველაზე მაღლა ახტა და ბურთი მეტოქის კარისკენ გაგზავნა. გოლი გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ მცველებმა იყოჩაღეს და ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანეს.  

ამის შემდეგ, შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით გაგრძელდა და სანახაობრივადაც მიმზიდველი გამოდგა.

მე-8 წუთზე საბაძე მარჯვენა ფრთიდან შეტევაში ჩაერთო და საჯარიმოში მყოფ კვირკვიას მისამართით მაღალი გადაცემა განახორციელა. თბილისელთა შემტევმა მცველებს დაასწრო და თავით ბურთი ზუგდიდელთა კარისკენ გაგზავნა, თუმცა მისი დარტყმული ოდნავ გადასცდა ხარიხას.

ოთხი წუთის შემდეგ, დედაქალაქელთა ტანდემის მომდევნო მცდელობა შედეგიანი გამოდგა. ვეტერინარებმა პრაქტიკულად იგივე კომბინაცია გაითამაშეს. საბაძის ჩაწოდებულს კვირკვია საჭირო ადგილზე დაუხვდა და ვარდნაში შესრულებული ეფექტური თავური დარტყმით, ზუგდიდელთა კარის ბადე შეარხია - 1:1.

გაშვებული გოლის შემდეგ, ,,მასპინძლები“ უფრო გააქტიურდნენ და ზედიზედ რამდენიმე სახიფათო შეტევა განახორციელეს. სხვებზე მეტად ლომია გამოირჩეოდა. ზუგდიდელთა კაპიტანი ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ ორივე გუნდის შემადგენლობაში.

ტაიმის მესამედის მიწურულს, მარცხენა ფრთიდან ლომიას ჩაწოდებულს კვარაცხელიამ თავური დარტყმა მოაყოლა. შეროზიამ სწორი პოზიცია დაიჭირა და ბურთს იოლად დაეუფლა. მე-20 წუთზე ლომიას მოწოდებულ კუთხურზე ტყემალაძემ მცველებს საჰაერო ბრძოლა მოუგო და თავით ბურთი ხელსაყრელ პოზიციაში მყოფ ღონღაძეს დაუგდო. უკანასკნელ წამს, ისევ მცველებმა იმარჯვეს და ღონღაძეს კარში დარტყმა არ დაანებეს.

ამის შემდეგ, ზუგდიდელთა კაპიტანი თვითონ ცდილობდა თავის გამოჩენას. 26-ე წუთზე იგი რამდენიმე მცველს დაუსხლტდა და მახვილი კუთხიდან საჯარიმოში შეჭრილმა ძლიერად გაისროლა. შეროზია ნახტომში მისწვდა ბურთს და კუთხურზე მოიგერია.

სავარაუდო იყო, რომ ზუგდიდლები თავიანთ უპირატესობას მალე ანგარიშში ასახავდნენ, თუმცა ყველაფერი პირიქით მოხდა. 29-ე წუთზე, მარჯვენა ფრთიდან კახაბრიშვილის ჩაწოდებული ბურთი მცველებმა გამოიტანეს, რომელსაც საჯარიმოს ხაზთან შეტევაში ჩართული მურუსიძე დაუხვდა და შეუჩერებელი დარტყმით, ბურთი ,,მასპინძელთა’’ კარის ცხრიანში მოათავსა -1:2.

ანგარიშში ჩამორჩენის შემდეგ, ზუგდიდლებმა გააფრთებით შეუტიეს და ტაიმის დარჩენილი დრო მათი სრული უპირატესობით წარიმართა. 41-ე წუთზე რიგვავამ მოედნის სიღრმიდან რეიდი წამოიწყო, მახვილი კუთხიდან საჯარიმოში შეიჭრა და გამიზნული დარტყმა  განახორციელა. შეროზია თითის წვერებით მისწვდა კარის ძელთან ბურთს და კუთხურზე მოიგერია. სამი წუთის შემდეგ, ლომიას დიაგონალურ გადაცემას შორეულ ძელთან კუკავა დაუხვდა, რომელმაც ბურთი მეკარის ბაქანზე მყოფ ჯავაშვილისკენ გადაამისამართა. ზუგდიდელთა მცველის ხელსაყრელი მდგომარეობიდან თავური დარტყმა, ოდნავ არაზუსტი გამოდგა

ტაიმის ბოლო წუთზე, მოვლენების ეპიცენტრში ისევ კუკავა აღმოჩნდა: სისწრაფის ხარჯზე რამდენიმე მეტოქეს დაუსხლტდა და მახვილი კუთხიდან მეკარესთან პირისპირ გაიჭრა. ზუგდიდელ ფეხბურთელს ხელს არავინ უშლიდა. მას დარტყმა თვითონაც შეეძლო, მაგრამ უკეთეს პოზიციაში მყოფ კვარაცხელიასკენ გადაცემის გაკეთება ამჯობინა. ჩანაფიქრს მცველები მიუხვდნენ, სიტუაცია განმუხტეს და ანგარიშის გათანაბრების შანსიც განიავდა.

შეხვედრის მეორე ნახევარი, სახიფათო მომენტების მხრივ უფრო მწირი გამოდგა. შესვენებაზე ორივე გუნდის დამრიგებლებმა შეცვლები განახორციელეს და თავიანთი სამოქმედო გეგმა დასახეს. წაგების საშიშროების წინაშე მდგარმა ზუგდიდლებმა, მთელი ძალები წინ გადაისროლეს, რითაც კარგად ისარგელეს ვეტერინარებმა და შედეგიანი კონტრშეტევა განახორციელეს.

56-ე წუთზე სტუმრებმა სწრაფი კომბინაცია გაითამაშეს - თანაგუნდელებმა ლობჯანიძე მარცხენა ფრთაზე გაიყვანეს, საიდანაც მან საჯარიმოს კუთხისკენ გადაინაცვლა და ხელსაყრელ პოზიციაში მყოფ დადიანს საგოლე გადაცემა გაუკეთა. შეცვლაზე შესულ თბილისელ ფეხბურთელს ხელს არავინ უშლიდა და მანაც ზუსტი დარტყმით, თევდორაძე კიდევ ერთხელ დაამწუხრა -1:3.

მატჩის ბედიც პრაქტიკულად აქ გადაწყდა. მართალია, ზუგდიდლებს ცდა არ დაუკლიათ და დარჩენილ დროში რამდენჯერმე სახიფათოდაც შეუტიეს, მაგრამ თამაშის შემობრუნება ვეღარ მოახერხეს. პირიქით, სტუმრებს მატჩის უკანასკნელ წუთებში ოდნავ მეტი სიზუსტე რომ გამოეჩინათ, ისინი უფრო დიდი ანგარიშით გაიმარჯვებდნენ.

არბიტრის საფინალო სასტვენმა, თბილისელთა დამსახურებული გამარჯვება დააფიქსირა.

მატჩის შემდეგ, ,,მსოფლიო სპორტმა” ორივე გუნდის მწვრთნელებს კომენტარი ჩამოართვა:

ნესტორ მუმლაძე (ზუგდიდი): ,,სანამ უშუალოდ მატჩზე ვისაუბრებდე, ერთ რამეს ვიტყვი -ჩვენნაირ გუნდებს აუცილებლად სახელმწიფო დაფინანსება სჭირდებათ. ეს რაც უფრო მალე იქნება, შედეგიც მით უკეთესი გვექნება. რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, პრაქტიკულად სტუმრად ვთამაშობთ. ბიჭების მონდომების მიუხედავად, მეტოქემ გვაჯობა და დამსახურებულად გაიმარჯვა”.

ზურაბ ბერიძე  (ვიტ ჯორჯია):  ,,ვიცოდით, რომ ძალიან ძნელი თამაში გვექნებოდა, მითუმეტეს ანგარიშში თავიდანვე ჩამოვრჩით. ბიჭებმა ყველა დავალება პირნათლად შეასრულეს. დიდი მადლობა მათ ამისთვის. ძალიან გახარებული ვარ. რაც შეეხება მეტოქეს, მას წარმატებას ვუსურვებ მომავალში’’.

ზუგდიდი  – ვიტ ჯორჯია (თბილისი) 1:3 (1:2)
21 სექტემბერი. 16.00. ქუთაისი. ცენტრალური. 200 მაყურებელი.

ზუგდიდი:  თევდორაძე, რიგვავა, მირცხულავა, ქურდაძე, ჯავაშვილი, ლ. ღონღაძე (წურწუმია 46), ტყემალაძე, ქირია, შ. ლომია(კ), კუკავა, (ეხვაია 67) ვ.კვარაცხელია (გულორდავა 60);

მთ. მწვრთნელი:  ნესტორ მუმლაძე

ვიტ ჯორჯია: ჯ. შეროზია, საბაძე (თათხაშვილი 46), კალანდია, გეთიაშვილი(კ), მურუსიძე, გახარია, დავლაშელიძე, კურდღელაშვილი, კვირკვია (ღიბრაძე 70), ლობჯანიძე, კახაბრიშვილი (დადიანი 46);

 

მთ. მწვრთნელი:  ზურაბ ბერიძე

ოლები:  1:0 შ. ლომია (3), 1:1 კვირკვია (12), 1:2 მურუსიძე (29),  1:3 დადიანი (56);

გაფრთხილება:  ქირია (36), ღიბრაძე (72), ჯავაშვილი (82);

არბიტრი: თორნიკე გვანცელაძე

0.126889