ინტერვიუები

14:24 | 5.09.2012 | ნანახია [] - ჯერ

ვისენტე დელ ბოსკე: “ყველაზე დიდი სიყვარულით “რეალის” კანტერასთან მუშაობას ვიხსენებ”

29 აგვისტოს 25 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც მწვრთნელის რანგში ვისენტე დელ ბოსკემ პირველად გაიყვანა გუნდი სათამაშოდ. 1987 წელს დელ ბოსკე “კასტილიას” დამრიგებლობდა და მისმა დამოძღვრილმა გუნდმა სეგუნდა დივიზიონის მატჩში “ოვიედოსთან” 0:0 ითამაშა. მას შემდეგ მოყოლებული ვისენტე დელ ბოსკე ფეხბურთის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვანი მწვრთნელი გახდა, 11 სექტემბერს კი ესპანეთის ნაკრებს თბილისში, საქართველოს ეროვნული გუნდის წინააღმდეგ სათამაშოდ გაუძღვება.

- 25 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც მეტად რთულ პროფესიაში, საფეხბურთო მწვრთნელობაში პირველად გამოსცადეთ თავი. რამდენად გამოგადგათ მადრიდის “რეალში” მოთამაშის რანგში გატარებული წლები?
- საფეხბურთო კარიერის გარეშე მწვრთნელად ვერ ვივარგებდი. ისეთ აღიარებულ სპეციალისტებთან ერთად მომიწია მუშაობა, როგორებიც მიგელ მუნიოსი, ლუის მოლოვნი, მილან მილიანიჩი, ვუიადინ ბოშკოვი არიან. ჩემ თვალწინ გაიარა “რეალის” ისტორიის რამდენიმე ეტაპმა. არ დაგავიწყდეთ, “ბლანკოსს” ჩემი ცხოვრების თითქმის 50 წელიწადი უკავშირდება.
- თქვენ მწვრთნელად ჩამოყალიბებაზე, ყველაზე მეტად რომელმა სპეციალისტმა მოახდინა ზეგავლენა?
- ნებისმიერი მათგანისგან ბევრი რამ ავითვისე. მიგელ მუნიოსმა ეშმაკობა, საკუთარი თავისადმი და საქმისადმი ირონიული მიდგომა მასწავლა და მისი ხელმძღვანელობით ძალიან გამოვიწრთე, როგორც ფეხბურთელი. სერბი სპეციალისტების, მილიანიჩისა და ბოშკოვისგან მუშაობის ახალი მეთოდები ავითვისე. ყველაზე მეტად კი ლუის მოლოვნის ვუმადლი. დღესაც კი ვცდილობ მას მივბაძო. სენიორ ლუისი განსაკუთრებული ადამიანი გახლდათ – ნიჭიერი, თავდაჯერებული, ნებისმიერი მოთამაშისადმი პატივისცემით განმსჭვალული. ლეო ბეენჰაკერი, ჯონ ტოშაკი, იუპ ჰაინკესი “რეალში” მაშინ მუშაობდნენ, როდესაც მე საფეხბურთო კარიერას ვასრულებდი ან უკვე საკლუბო სტრუქტურაში გადავინაცვლე. მათაც ჩემი სამწვრთნელო ფილოსოფიის ჩამოყალიბებაში გარკვეული წვლილი შეიტანეს. ნებისმიერი სპეციალიოსტის საქმიანობას დიდი ყურადღებით ვაკვირდებოდი და მათგან ის გადმომქონდა, რაც საინტერესოდ და სასარგებლოდ მეჩვენებოდა. ღრუბელივით ვისრუტავდი მათ იდეებსა და საფეხბურთო ხედვას. ჯერ კიდევ მოთამაშეობის დროს მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი, მწვრთნელი რომ გამოვიდოდი და ადრეული ასაკიდან ვემზადებოდი სადამრიგებლო კარიერისთვის.
- მწვრთნელობა ყოველთვის სიამოვნებას განიჭებდათ?
- როდესაც სადამრიგებლო საქმიანობას ვიწყებდი, ჩემი მიზანი ოჯახის შენახვის მიზნით შეძლებისდაგვარად კარგი ხელფასის დამსახურება გახლდათ. ამასთან, ძალიან მსიამოვნებდა საფეხბურთო სამყაროში დარჩენა. ახალ პროფესიას გემო თავიდანვე გავუგე. “რეალთან” ერთად ჩემპიონთა ლიგა მაქვს მოგებული, “ფურია როხასთან” ერთად პლანეტისა და ევროპის ჩემპიონატები, მაგრამ ყველაზე დიდი სიყვარულით და სითბოთი “რეალის” კანტერასთან მუშაობის პერიოდს ვიხსენებ. როდესაც ხედავ, დამრიგებლობით ყოველდღიურად როგორ იზრდება და ოსტატდება ახალგაზრდა ფეხბურთელი, ამაზე დიდ სიამოვნებას ვერაფერი მომანიჭებს. საერთოდ “რეალში” ახალგაზრდულ გუნდებთან მუშაობა უმაღლეს დონეზეა დაყენებული. ამ კოლექტივებს თავიანთ საქმეზე უზომოდ შეყვარებული, კარგი სპეციალისტები წვრთნიან. სამწუხაროა, მათ სახელებს ფართო საფეხბურთო საზოგადოება რომ არ იცნობს.
- თქვენი აზრით, უპირველესად რა თვისებები უნდა ჰქონდეს საფეხბურთო მწვრთნელს?
- ერთი ან თუნდაც რამდენიმე სათანადო თვისების არსებობა წარმატებული კარიერის მისაღწევად საკმარისი არაა. დამრიგებლის კარიერაზე ერთდროულად უამრავი ფაქტორი მოქმედებს. მომავალი მწვრთნელისთვის, ჩემი აზრით, უმთავრესია დიდ კლუბში წლების განმავლობაში ასპარეზობა. თუმცა, ფეხბურთის ისტორიამ ისეთი მაგალითებიც იცის, როდესაც საეტაპო მნიშვნელობის დამრიგებლები სამოთამაშეო კარიერით ნამდვილად ვერ დაიკვეხნიდნენ. მწვრთნელს გუნდში ჯანსაღი ატმოსფეროს შექმნა უნდა შეეძლოს, კარგი და საქმიანი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს ფეხბურთელებთან, თანაშემწეებთან და სპორტულ ჟურნალისტებთან. ნებისმიერი მწვრთნელისთვის კი უმთავრესია წარმატების მიღწევა კარიერის საწყის ეტაპზე. თუკი დამრიგებელმა თავიდანვე კარგ შედეგს ვერ მიაღწია, მისი კონცეფცია ხუხულასავით დაინგრევა და შესაძლოა, ნდობაც სამუდამოდ დაკარგოს.


გოჩა კაჭარავა

0.118789