ესპანურმა მასმედიამ ნომინაციაში “კარიერა” საუკეთესოდ ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვისენტე დელ ბოსკე დაასახელა. არცაა საკამათო – დელ ბოსკე ხომ ერთადერთი საფეხბურთო სპეციალისტია, რომელსაც მსოფლიოსა და ევროპის პირველობები და ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული. ამ მოვლენასთან დაკავშირებით “ფურია როხას” მწვრთნელმა ესპანელ ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა.
- თქვენ ყველაზე ტიტულოვანი საფეხბურთო მწვრთნელი ხართ. ამის გამო გაზეთმა AS-მა სპეციალური პრემიით დაგაჯილდოვათ...
- ეს აღიარება ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. მადრიდში პროვინციიდან, 16 წლის ბიჭი ჩავედი და ჩემი ოცნება პროფესიონალურ დონეზე ფეხბურთის თამაში იყო. ახლა 61 წლის ვარ და ჩემი სიჭაბუკის ოცნება ამიხდა. ამაში კი დამსახურება იმ ადამიანებს მიუძღვით, რომლებიც “რეალსა” და ესპანეთის ნაკრებში ჩემ გვერდით იყვნენ.
- საფეხბურთო და სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში უამრავი ტიტული მოიხვეჭეთ. რომელია თქვენთვის ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი?
- ყველა წოდება ჩემთვის მნიშვნელოვანია. სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში კი საუკეთესოდ ის პერიოდი მასენდება, როდესაც 16 წლის წინათ მადრიდის “რეალის” კანტერასთან დავიწყე მუშაობა. კლუბში ენთუზიასტთა ჯგუფი საქმიანობდა. ისინი ფულის ან დიდების გულისთვის არ იღწვოდნენ – მათი მიზანი დამწყებ მოთამაშეთაგან მაღალი კლასის ფეხბურთელებისა და კარგი ადამიანების ჩამოყალიბება გახლდათ. მადრიდის “რეალი” ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მწვრთნელი 27 წლისა გავხდი და ეს ისეთი სპეციალისტების დამსახურებაა, როგორებიც ლუის მოლოვნი, მილან მილიანიჩი, ვუიადინ ბოშკოვი და მიგელ მუნიოსი იყვნენ. ესენი უდიდესი სპეციალისტები და უაღრესად დადებითი პიროვნებები გახლდნენ.
- მათგან რა ისწავლეთ?
- პრაქტიკულად ყველაფერი, რაც ამჟამად ვიცი. უპირველესად კი მათგან ადამიანებთან კეთილსინდისიერი მოპყრობა ვისწავლე. ამის გარეშე წარმატებაზე ფიქრი შეუძლებელია. მწვრთნელი არ უნდა იყოს ტირანი, რადგანაც ადამიანის ბუნებაში გამჯდარი ეს თვისება ენთუზიაზმსა და ინიციატივას სპობს. დიქტატურა განსაკუთრებით ახალგაზრდა ფეხბურთელებს თრგუნავს. მწვრთნელი მოთამაშეებს შორის ავტორიტეტით უნდა სარგებლობდეს და ურთიერთობაში შიშის ფაქტორი გამოსარიცხია. ფეხბურთელები დამრიგებლის ნებისმიერ გადაწყვეტილებას გაგებით უნდა ეკიდებოდნენ.
- ერთხელ განაცხადეთ, რომ ადამიანები რომ მართო, საამისოდ მაღალი თანამდებობის დაკავება კი არა, განსაკუთრებული ტალანტია საჭირო...
- ეს ნამდვილად ასეა. მაგალითისთვის დონ სანტიაგო ბერნაბეუს გავიხსენებ. მას მმართველის ტალანტი ღმერთმა დაანათლა. მიუხედავად იმისა, რომ მადრიდის “რეალის” დირექტორთა საბჭოში მეტად გავლენიანი ადამიანები იყვნენ, ბერნაბეუს მართვის სადავეები ხელიდან არასდროს გაქცევია. სიცოცხლის ბოლომდე იგი ერთპიროვნულად მართავდა “ბლანკოსს” და ამას ძალიან ეფექტურად ახერხებდა.
გოჩა კაჭარავა