ინტერვიუები

13:24 | 14.06.2012 | ნანახია [] - ჯერ

ვისენტე დელ ბოსკე: “ახალბედა არ გახლავართ და მშვენივრად ვხვდები, რომ კრიტიკა სასარგებლოა”

ვისენტე დელ ბოსკემ მიანიშნა, რომ ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგაც სურს ესპანეთის ნაკრებში მუშაობა. რა თქმა უნდა, ულვაშა მწვრთნელმა კარგად იცის, რომ ეს დიდწილად ევროპაზე ნაჩვენები შედეგებით გადაწყდება – ამიტომაც მხოლოდ მიანიშნებს და გადაწყვეტით არაფერს ამბობს.
დელ ბოსკემ სათამაშო ნიუანსებზე უფრო ისაუბრა – ესპანურ AS-თან.   
- ყველაფერი კარგად მიდის. იტალიასთან მატჩმა ჩაიარა და წინ ირლანდიასთან შეხვედრაა. იმედია, ბრწყინვალე თამაში იქნება.
- ირლანდიელებს სურთ, რომ მატჩამდე გდანსკის სტადიონის მინდორი მოირწყას. რას იტყვით?
- მთავარია, ეს თამაშის ხარისხზე აისახოს, რომელიც გულშემატკივარს მოეწონება.
- ევრო-2012-ის შემდეგ, კონტრაქტის გაგრძელებას აპირებთ?
- ეს ჩემპიონატის შემდეგ გადაწყდება. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაში მტრები არ მყავს, ასე რომ, პრობლემა არ უნდა იყოს.
- იტალიასთან არჩეული ტაქტიკის გამო, ბევრმა გაგაკრიტიკათ. რამდენად იმოქმედებს ეს გუნდის თამაშზე?
- ახალბედა არ გახლავართ და მშვენივრად ვხვდები, რომ კრიტიკა სასარგებლოა. აზრის გამოთქმა ყველას შეუძლია და ეს ნორმალურია. ნაკრებში ყველაფერზე პასუხისმგებელი მე ვარ.
- სასტარტო შემადგენლობაში ცვლილებები იქნება?
- რა თქმა უნდა, იქნება.
- არ გაშინებთ ირლანდიელთა სტილი? ისინი მეორე სართულზე არიან ძლიერები.
- მოდით, ასე ვთქვათ – კი არ ვშიშობ, ვფრთხილობ. ირლანდიელებს სხვა დადებითი მხარეებიც აქვთ. მათ ხარისხიანი ფეხბურთელები ჰყავთ, რომლებიც პრემიერლიგაში თამაშობენ. გამოვარჩევდი კევინ დოილს. ის საკმაოდ აგრესიული და მიზანდასახული ფორვარდია, თვალი უნდა გვეჭიროს.
- რა სარგებლობა მოაქვს გუნდისთვის დავიდ სილვას?
- სილვა ბრწყინვალე მოთამაშეა. შესაძლოა, მას გასულ მუნდიალზე თავის გამოჩენის შანსი ვერ მივეცი, მაგრამ ამჟამად უკეთეს ფორმაშია. მისი გვჯერა და ვამხნევებთ.
- ტრაპატონიმ განაცხადა, რომ ირლანდია კონტრშეტევაზე ითამაშებს.
- მზად ვართ. ირლანდიას მართლაც კარგი გუნდი ჰყავს. გადახედეთ ურთიერთსეხვედრების სტატისტიკას: ადრეულ წლებს თუ არ ჩავთვლით, მათ ვერასოდეს ვანადგურებდით. ასე რომ, რთულ მატჩს ველი.
- ვნახეთ, რომ ორმხრივ მატჩში ალვარო ნეგრედომ ბრწყინვალე გოლი შეაგდო. გვითხარით, რის საფუძველზე არჩევთ სასტარტო შემადგენლობას?
- ბევრი ფაქტორია, რომლებსაც ყურადღებას ვაქცევ. გააქვს თუ არა ფეხბურთელს ვარჯიშზე, ამას არ აქვს მნიშვნელობა. მყავს 23 კაცი და ვარჩევ 11-ს.
- არბელოასა და ალბას ყვითელი ბარათი აქვთ მიღებული. ეს არ იმოქმედებს მათ თამაშზე?
- მეორე ყვითელს თუ მიიღებენ, მაშინ იძულებულნი გავხდებით, შემცვლელები მოვუძებნოთ.
- ტრაპატონის მიაჩნია, რომ სასტარტოში ტორესს, ან ლორენტეს დააყენებთ.
- ტრაპატონი მშვენივრად ერკვევა ფეხბურთში და თქვენ არ გაქვთ საფუძველი, რომ მას არ დაუჯეროთ.
- ტორესს არაფერი უთხარით იტალიასთან გაცუდებული მომენტების გამო?
- გარდა მინდორზე მყოფი ფეხბურთელებისა, სკამზე კიდევ 12 კაცია. ყველას რაღაცას ვეუბნები.
- როგორია ჩავის მდგომარეობა?
- არ მიკითხავს. არანაირი ინფორმაცია არ მაქვს იმის შესახებ, თითქოს ჩავის რაიმე პრობლემა ჰქონდეს.

 

ილია ნანობაშვილი
 

0.119488