გასულ ზაფხულში “ბარსელონას” პირველი კიპერის, ვიქტორ ვალდესის შესახებ ბევრი საუბარი მიდიოდა და ძირითადად უარყოფით კონტექსტში. მაგრამ კატალონიელმა მეკარემ კლუბთან საბოლოოდ მაინც გააფორმა კონტრაქტი, რის შედეგადაც დღეს უპრობლემოდ ცხოვრობს და Sport-თან საუბრისას რთულ პერიოდზე უკვე წარსულში ლაპარაკობს.
- დავიწყოთ ყველაზე დელიკატური საკითხით. რამდენად უნდა ინერვიულოს ხალხმა “ბარსას” მიერ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დაძლევის თაობაზე?
- შესანიშნავად მესმის, რომ ხალხი ნერვიულობს. შექმნილი სიტუაცია ჩვენთვის მოულოდნელი არაა, რადგან მწვრთნელი გვაფრთხილებდა, რომ ჯგუფური ეტაპი რთული იქნებოდა. გულშემატკივრებმა უნდა იცოდნენ, რომ დარჩენილ ორ შეხვედრაში წარმატების მისაღწევად გუნდი ყველა შესაძლებელს და შეუძლებელსაც კი შეძლებს.
- სამწუხაროდ, ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვების შემდეგ სირთულეების წარმოქმნა ჩვეული რამაა...
- ასეთ დამთხვევებს დიდ ყურადღებას არ ვანიჭებ. მაგალითისთვის ავიღოთ "მანჩესტერ იუნაიტედი", რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ კავლავ გააღწია ფინალში.
- რას უპასუხებთ იმ ხალხს, რომელიც თვლის, რომ გუნდი ძველებურად ვეღარ თამაშობს და ფეხბურთელები საკუთარი თავის მიმართ მომთხოვნები აღარ ხართ?
- მათ ვეტყვი, რომ ცდებიან, რადგან ყველაფერი პირიქითაა. საკუთარი თავის მიმართ ჩვენი მოთხოვნები გაიზარდა. კარგად ვიცით, რომ წარმატების გასამეორებლად საჭიროა ბოლომდე დახარჯვა.
- ესპანეთის ჩემპიონატის ტიტულს ორი გუნდი გაითამაშებს. მიუხედავად არსებული პრობლემებისა, იქნება "რეალი" ბოლომდე თქვენი კონკურენტი?
- ისეთ ფეხბურთელთა კატეგორიას მივეკუთვნები, რომლებიც ამჯობინებენ აქცენტი საკუთარ თამაშზე გააკეთონ. “რეალზე” შემიძლია გითხრათ, რომ იგი ჩვენგან განსხვავებული გუნდია. მადრიდელებს ბევრი ახალი შენაძენი ჰყავთ და მათ ასათამაშებლად დროა საჭირო. აქამდე ისინი ინდივიდუალური ოსტატობის წყალობით ახერხებდნენ გამარჯვებას. დარწმუნებული ვარ “რეალი” ბოლომდე გაგვიწევს წინააღმდეგობას, თუმცა სხვა გუნდებიც შეგვიძლია კონკურენტებად მივიჩნიოთ.
- რას გვეტყვით რაულის გარშემო შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით?
- ასეთი ფეხბურთელები ყოველთვის უნდა გამოდიოდნენ მოედანზე. რაული თანაგუნდელებს საბრძოლო ჟინს მატებს. იგი კლუბისთვის ძალზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. სხვა საკითხია მწვრთნელის გადაწყვეტილება, ფეხბურთელის ფიზიკური მდგომარეობა, სათადარიგო ფეხბურთელები...
- ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ჩემპიონთა ლიგაზე და ესპანეთის ჩემპიონატზე. მაგრამ არსებობს კიდევ ერთი ტურნირი, რომელსაც ყველა კლუბი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს...
- იგი მართლაც განსაკუთრებულია. ალბათ, საუბარი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე გაქვთ.
- დიახ.
- მინდა დაგარწმუნოთ, რომ ამ ტურნირის მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ. არც მე და არც ჩემი თანაგუნდელების უმრავლესობას ეს ტიტული მოგებული არ აქვს. თავის დროზე, როდესაც მისი მოგების შანსი გვქონდა, შეცდომა დავუშვით და მისი გამეორება არ გვსურს.
- რა არის განსაკუთრებული ამ ტურნირში?
- იგი “ბარსელონას” არასდროს მოუგია. გარდა ამისა, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მოგება 2009 წლის შესანიშნავი დასასრული იქნებოდა.
- “ბარსელონას” მაისურით 324 მატჩი გაქვთ ჩატარებული. იცით, რომ ამ მაჩვენებლით კლუბის ისტორიაში მეოთხე მეკარე ხართ?
- ასეთი ფაქტების გახსენების დროს თავდაპირველად მახსენდება, რომ 27 წლის ვარ და იანვარში 28-ს ვხდები. ნელ-ნელა “ვბერდები”. სერიოზულად თუ გაინტერესებთ, რა თქმა უნდა რეკორდების დამყარება კარგია. ეს არის მიზეზი სიამაყისთვის.
- მარკესმა განაცხადა, რომ სურს შევიდეს კლუბის ისტორიაში. თქვენც გამოძრავებთ ასეთი სურვილი?
- ჩემთვის ეს ამდენად მნიშვნელოვანი არაა. მთავარია ჩემი თანაგუნდელების და მწვრთნელის მიერ აღიარება. გარდა ამისა, რა თქმა უნდა ყველა შესაძლო ტიტულის მოგება.
- გასულ ზაფხულში თქვენს გარშემო არსებული საუბრები წარსულს ჩაბარდა?
- შექმნილი სიტუაციით კმაყოფილი ვარ. ჩემზე ისეთ დროს ლაპარაკობდნენ, როდესაც მიზეზი არ ჰქონდათ. ამჟამად ნაკლებად მაკრიტიკებენ და ეს იმის გამო ხდება, რომ ჟურნალისტები უფრო იშვიათად მახსენებენ. როდესაც რაღაცას ვამბობდი, ამას იმიტომ ვაკეთებდი, რომ კლუბში დარჩენის სურვილი გამომეხატა, მეტი არაფერი.
- ჩიკი ბეგირისტაინმა განაცხადა, რომ ყველაზე რთული სწორედ თქვენთან კონტრაქტის გახანგრძლივება იყო...
- ხელშეკრულების გახანგრძლივების დროს ყველა მხარე ცდილობს საკუთარი ინტერესების დაცვას. მართალია, აქ ჩემზე ხშირად მიდიოდა უარყოფითი საუბრები, მაგრამ არასდროს მიჩვენებია, რომ კლუბის დატოვება მსურს. როდესაც სიტუაცია დამშვიდდა კლუბთან შეთანხმებასაც მივაღწიე.
- ამ ყველაფერმა უარყოფით შედეგამდე მიგიყვანათ?
-არა. კარგად მესმის, რომ კონტრაქტის ყოველი გახანგრძლივება სირთულეებთანაა დაკავშირებული. ამას უკვე მივეჩვიე. როდესაც საქმე გადაწყვეტილია, იგი უკვე წარსულია.
- ვიქტორ ვალდესს აფასებენ, მაგრამ იქმნება შთაბეჭდილება, რომ მას პუბლიკის აღიარება აკლია. მაგალითად, არსებობს არაერთი ინდივიდუალური ჯილდო, რომელიც თქვენ არ მოგიპოვებიათ...
- იმისათვის საკმარისად კარგად მიცნობთ, რომ იცოდეთ ეს ჩემთვის ბევრს არაფერს ნიშნავს. ამგვარ საკითხებზე არც კი ვფიქრობ. ჯერჯერობით “ბარსელონაში” ყველაფერი მაკმაყოფილებს. კლუბი ტიტულებს იგებს და მეც ბედნიერი ვარ. ნორმალურია, რომ დაცვითი ფუნქციებით დატვირთულ ფეხბურთელებს დიდი ყურადღება არ ექცევათ. ფეხბურთი სანახაობაა და მთავარი მოვლენები მოედნის ცენტრში და შეტევაში ვითარდება. ჩემთვის საკამრისია მწვრთნელის და თანაგუნდელების მხარდაჭერა.
- და ნაკრები?
- ნაკრებში არასდროს მითამაშია გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც იკერი ტრავმირებული იყო. პატივი უნდა ვცეთ ნაკრების მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებას. მე მხოლოდ შემიძლია “ბარსელონაში” კარგი თამაშით ყურადღების მიქცევა.
- სამხრეთ აფრიკაში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატი ძალზე ახლოსაა.
- ძალიან მინდა მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში და ყველაფერს გავაკეთებ საკუთარი შანსების გამოსაყენებლად.
- ინტერვიუს დასრულებამდე გაგვიმხილეთ ერთი საიდუმლო – იბრაჰიმოვიჩი მართლა ისე ძლიერად ურტყამს ბურთს, როგორც ამბობენ?
- დიახ, ეს სიმართლეა. ზლატანი არის ძალზე ძლიერი დარტყმის მქონე თავდამსხმელი. იგი “ბარსასთვის” მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. მან ეს ჩვენთან გადმოსვლის პირველივე თვეებში დაამტკიცა. შვედმა ჩვენს თავდასხმას დამატებითი ძალები შემატა. იგი ნამდვილი პროფესიონალია.
- “ბარსას” ახლა უკეთ შეუძლია “მეორე სართულზე” თამაში...
- პეპ გვარდიოლას აქვს საკუთარი მეთოდები იმ ეპიზოდებთან გასამკლავებლად, როდესაც მეტოქე ჩვენზე პრესინგს ახორციელებს. რთულ მომენტებში საჰაერო ორთაბრძოლების მოსაგებად ჩვენ ვიყენებთ იბრაჰიმოვიჩის სიმაღლეს.
მიშა ზაქარეიშვილი