კალათბურთი

21:35 | 24.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვიქტორ სანიკიძე: “ვეცდებით, ნაკრებს ფაჩულიას არყოფნა არ ვაგრძნობინოთ”

საქართველოს ეროვნული ნაკრების, ევროპისა და იტალიის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბის, ქვეყნის ჩემპიონ სიენის “მონტეპასკის” ფორვარდ ვიქტორ სანიკიძეს გულშემატკივართა წინაშე წარდგენა არ სჭირდება. “ვიკამ” (ვიქტორის მეტსახელი) დიდი ხანია დაამტკიცა, რომ თავის საქმე კარგად იცის. არც შემთხვევითი ყოფილა, როცა იგი ერთ-ერთ კემპზე, NBA-ს ერთ-ერთმა საუკეთესო გუნდმა “სან ანტონიო სპურსმა” აიყვანა და დღემდე მისი საკუთრებაა. მართალია, 2012-13 წლების სეზონში “მონტეპასკის” აწ უკვე ყოფილ მთავარ მწვრთნელს ლუკა ბანკის ხანდახან არ გამოყავდა, მაგრამ როცა ენდობოდა, ვიქტორი ხშირად მოედნიდან ორმაგი დუბლით გადიოდა.

“ვიკა” სტაბილურია და ამიტომაცაა საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი. ის კალათბურთელთა იმ იშვიათ სიას განეკუთვნება, რომლებსაც თითქმის ყველა პოზიციაზე შეუძლიათ ითამაშონ, ანუ უნივერსალურია. თუ გავითვალისწინებთ, რომ ევრო-2013-ზე ცენტრალურ თავდამსხმელ ზაზა ფაჩულიას თამაში გამორიცხულია, ხოლო მძიმე ფორვარდის თორნიკე შენგელიას თამაში სათუო, სანიკიძის კარგ თამაშზე ბევრად იქნება დამოკიდებული საქართველოს ნაკრების წარმატებით გამოსვლა.

- ფაჩულიას გამოკლების შემდეგ (კითხვის ნიშნის ქვეშაა თორნიკე შენგელიას თამაშიც), თქვენ და ჩვენი გუნდის კიდევ რამდენიმე წამყვან კალათბურთელს გაორმაგებული შრომა მოგიწევთ, ევრო-2013-ზე კარგი შედეგის საჩვენებლად...

- არავინ იცის თორნიკეს ოპერაცია როგორ დასრულდება და მას კიდევ აქვს ევრო-2013-ზე გამოსვლის შანსი. ნებისმიერ შემთხვევაში, მე ყველაფერს გავაკეთებ, რათა კარგად ვითამაშოთ და ჩვენი გულშემატკივრებისთვის სასურველი შედეგი ვაჩვენოთ. ვეცდებით, ნაკრებს ფაჩულიას არყოფნა არ ვაგრძნობინოთ.

- ჩვენი ჯგუფიდან (ესპანეთი, სლოვენია, ხორვატია, პოლონეთი, ჩეხეთი) ვის თვლით უშუალო კონკურენტად?

- ყველა სერიოზული მეტოქეა და მოდუნების უფლება არავინ მოგვცემს.

- 2012-13 წლების სეზონი თქვენთვის იღბლიანი გამოდგა, რადგან “მონტეპასკისთან” ერთად იტალიის ჩემპიონი გახდით. მართალია, კარგად თამაშობდით, მაგრამ ბიანკი ხანდახან მაინც არ გენდობოდათ. თქვენს მიმართ ბიანკის ასეთი დამოკიდებულებას რით ხსნით?

- ბიანკი ისე წავიდა გუნდიდან, რომ მისი ჩემს მიმართ დამოკიდებულება აუხსნელი დარჩა. “მონტეპასკის” მთავარ მწვრთნელად ბიანკის თანაშემწე მარკო კრესპი დაინიშნა.

- კრესპისთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?

- კარგი, ცუდი ურთიერთობა არც ბიანკისთან მქონდა, მაგრამ მაინც ვერაფერი გავუგე.

- ევროპაში თამაშის უფლებით, თქვენ ჯერ კიდევ “სან ანტონიო სპურსის” საკუთრება ხართ. NBA-ში თამაშის შანსი როდის გექნებათ?

- შემიძლია NBA-ს ვეტერანთა კემპში მივიღო მონაწილეობა, რომელიც სექტემბერში ტარდება, მაგრამ თავს ვიკავებ, რადგან ამ დროს ევროპაში გუნდები ახალი სეზონისთვის მზადებაში არიან და NBA-ში რომ ვერ მოვხვდე, არ მინდა კლუბთან, სადაც ფიზიკურად ვიმყოფები, პრობლემები შევიქმნა.

0.133037