,,მსოფლიო სპორტისთვის” ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი, ფორვარდი ვიქტორ სანიკიძე კარიერას ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მონაწილე ,,სარაგოსაში” გააგრძელებს და ამ კლუბში 2013-14 წლების სეზონის ბოლომდე დარჩება.
“სარაგოსაში” სანიკიძის გადასვლა სანდო წყარომ დაგვიდასტურა, თუმცა, ზემოაღნიშნულთან დაკავშრებით რამდენჯერმე ვცადეთ თავად სანიკიძისგან კომენტარის მიღება, რაც ამ დროისთვის ვერ მოხერხდა.
შეგახსენებთ, რომ 2012-13 წლების სეზონში, ,,ვიკა” (სანიკიძის მეტსახელი) იტალიის მრავალგზის ჩემპიონ სიენის ,,მონტეპასკიში” თამაშობდა. მართალია, სანიკიძეს ,,მონტეპასკიში” კიდევ ერთი სეზონი უნდა გაეტარებინა, მაგრამ რადგან მცირე სათამაშო დრო ეძლეოდა, ურთიერთშეთანხმების შედეგად კლუბი დატოვა და თავისუფალი კალათბურთელი გახდა.
,,დიჟონის” (საფრანგეთი), ,,ესტუდიანტესის” (ესპანეთი), ,,როკის” (ესტონეთი), ,,ვირტუსისა” (იტალია) და ,,მონტეპასკის”(იტალია) შემდეგ, ,,სარაგოსა” მე-6 უცხოური კლუბი იქნება, სადაც სანიკიძე ითამაშებს.
ევრო 2013-ის ფინალურ ეტაპზე ჩატარებულ ხუთ შეხვედრაში, სანიკიძემ საშუალოდ 14,6 ქულა, 7,0 მოხსნა და 10 პასი დააგროვა, რაც ურიგო შედეგი ნამდვილად არაა.
,,სარაგოსაში” დებიუტი საქართველოს ეროვნული ნაკრების კიდევ ერთ წევრს, ცენტრალურ თავდამსხმელ გიორგი შერმადინს ექნება. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2013-14 წლების სეზონში, ქართველი გულშემატკივრებისთვის პრიმერა დივიზიონი კიდევ უფრო საინტერესო გახდება.