საქართველოში ესპანელი სტუმრები ჩამოვიდნენ: მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი აგენტი ვიქტორ ონიატე და “ადიდასის” დირექტორი ესპანეთში ფერნანდო სოლანასი. ონიატეზე მარტო იმის თქმაც კმარა, რომ "ბარსელონას" ფორვარდის, ევრო-2008-ის საუკეთესო ბომბარდირისა და მუნდიალ-2010-ის ერთ-ერთ საუკეთესო მეგოლის, დავიდ ვილიას აგენტია.
ონიატეს საქართველოში მჭიდრო კავშირები აქვს, კერძოდ, გიორგი ქინქლაძისა და გოგა გახოკიძის სააგენტოსთან. "მსოფლიო სპორტს" ესპანელი სტუმრები სწორედ ამ სააგენტოს წარმომადგენელმა დავით ყენიამ შეახვედრა.
ესპანელ სტუმრებს ახლდათ გოჩა აბზიანიძე, რომელიც ესპანეთში ცხოვრობს და საფეხბურთო კავშირებიც აქვს - როგორც ესპანელ საქმოსნებთან, ასევე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთანაც. ერთიც: საქართველოში ახლახან დაარსდა ქართულ-ბასკური ფონდი და სწორედ მათი მოწვევით არიან ესპანელები ჩამოსულნი. ონიატემ პირდაპირ გვითხრა, რომ მათი ვიზიტი უშუალოდ ფეხბურთს არ უკავშირდება.
"შარშან საქართველო-ესპანეთის მატჩს ვუყურე და სიმართლე გითხრათ, არ მეგონა, ქართველები ასეთ წინააღმდეგობას თუ გაუწევდნენ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონებს. მომეწონა თქვენი ნაკრები, პერსპექტიული ფეხბურთელები ჰყავთ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სურვილის შემთხვევაში, შემიძლია ამხანაგური მატჩების ორგანიზებაში დავეხმარო თქვენს ნაკრებს და კლუბებსაც" - გვითხრა ონიატემ, რომელიც ვალენსიელია და "ღამურებში" მუშაობდა კიდეც.
"ვიცი, რომ ექსვალენსიელი ჩისკო თბილისის "დინამოში" თამაშობს და ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირიცაა. მაქვს ინფორმაცია, რომ ესპანელებმა ქართულ კლუბებში გაამართლეს და თქვენები ნამდვილად არ შეცდებიან, თუ ესპანელების ჩამოყვანას გააგრძელებენ".
ონიატემ თქვა, რომ ამჟამად არცერთი ესპანელის საქართველოს კლუბში ჩამოყვანაზე არ მუშაობს. უბრალოდ, აღნიშნა, რომ ეს სწორი ტენდენცია იქნებოდა ქართული კლუბების მხრიდან და თუ საჭირო გახდებოდა, თავადაც დაეხმარებოდა ქართველებს ამ საქმეში.
ვილიას გარდა, ონიატე "ლივერპულის" მეკარის, პეპე რეინას აგენტიცაა. ასევე, მასთან ხელშეკრულება აქვთ ვიქტორ ფერნანდესს (მან 34 წლის ასაკში "სარაგოსას" ააღებინა თასების თასი), "ვილიარეალის" ყოფილ თავკაც ხუან კარლოს გარიდოს, "სევილიას" მეკარე ანდრეს პალოპს, "ბრიუგეს" კოლუმბიელ ფორვარდ კარლოს ბაკას, "ვალენსიის" ყოფილ ვარსკვლავსა და ამჟამად ინგლისურ "ბრაიტონში" მოთამაშე ნახევარმცველ ვისენტეს. ონიატემ გვითხრა, რომ მჭიდრო კავშირი აქვს ჟერარდ პიკესთანაც.
რაც შეეხება ვილიას:
"მის "ბარსელონადან" წასვლაზე საუბარი არ წყდება, მაგრამ დღევანდელი ინფორმაციით გეუბნებით, რომ ვილია კატალონიაში რჩება. შესაძლოა, ვილიას კრიზისი დააბრალონ, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ მას ტრავმის გამო საკმაო პერიოდი გაუცდა. ხოლო ამ სეზონში, თავადაც იცით, რამდენი მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა. მათ შორის, "სევილიასთან" ბოლო წუთზე, "მილანთან" 4:0 მოგებულ თამაშში, ვილიას სათამაშო პრაქტიკა სჭირდება და მიიჩნევს, რომ ეს "ბარსელონაშიც" შეუძლია. მისი მიზანი მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშია".
ონიატეს ვკითხეთ, თუ რატომ შერჩა ვილია ამდენი ხნის განმავლობაში კრიზისში მყოფ "ვალენსიას", როცა სუპერფორვარდის სახელი უკვე დაგდებული ჰქონდა და ბევრი კლუბიც იწვევდა.
"ის ვალენსიაში ძალიან უყვარდათ, ქომაგების ფავორიტი იყო. ვილიამ ბევრი შესძინა "ვალენსიას" და ასევე, ბევრი მიიღო ამ კლუბისგან. ამიტომ უჭირდა სხვაგან გადასვლა თუმცა 2010