ინტერვიუები

16:44 | 22.06.2012 | ნანახია [] - ჯერ

ვიქტორ ლეონენკო: “პოლონელებს მსაჯები ეხმარებოდნენ, უკრაინელებს – არა”…

90-იანი წლების კიევის “დინამოს” ლეგენდარულმა თავდამსხმელმა, ვიქტორ ლეონენკომ, Goals-ს ერთობ ალალი და საინტერსო ინტერვიუ მისცა. მან გააკრიტიკა “ვარსკვლავური” უკრაინისა და “დიადი” რუსეთის ნაკრებების ევრო 2012-ზე გამოსვლა, თანაც დასძინა, რომ ფეხბურთელების დღევანდელ თაობას საკუთარ თავზე გადამეტებულად ზედმეტი წარმოდგენა აქვს.
- როგორ ფიქრობთ, რატომ ვერ გავიდა უკრაინა ჯგუფიდან?
- ჯერ კიდევ შემოდგომაზე ვამბობდი: რას უნდა ველოდოთ გუნდისგან, რომელიც, ფაქტობრივად, სათადარიგოებითაა დაკომპლექტებული. თანაც ბლოხინი ტურნირამდე ერთი წლით ადრე დანიშნეს მწვრთნელად. არადა, ნაკრების ჩამოყალიბებას დრო სჭირდება. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: იგივე ფრანგთა დამრიგებელი, ლორან ბლანი არჩევს ვინ ათამაშოს ნაკრებში, ბლოხინი კი ეძებს – აი, ესაა მთავარი სხვაობა. ცხადია, ჩემიანებს ვქომაგობდი, მაგრამ როცა ფრანგები საკუთარ საჯარიმოში ათ წუთს “გათრევენ”,… ტყუილად კი არ უსტვენდა მთელი სტადიონი. ამიტომაც ვლაპარაკობ ასე ხისტად. აი, რიბერი ყველგან იყო, ჩვენთან კი ყველა “ვარსკვლავია”, მაგრამ რაღაც არცერთის თამაში აღარ მახსოვს. საკმარისია მაისურზე გვარი წაშალო და კაცი ვერ გაიგებს, ვინ ვინაა. მხოლოდ ის აინტერესებთ, ვინ ვის დაარტყა მანქანა და ვინ უფრო ბევრი თრიაქი მოსწია. ასეთი ადამიანებისგან აღარაფერი გამოვა – უკვე გაფუჭებულები არიან. ისინი ძალიან მდიდრულად ცხოვრობენ, მაგრამ მაინც მეცოდებიან. ზოგიერთები ფეხბურთზე საერთოდ აღარ ლაპარაკობენ სულ სხვა რაღაც აინტერესებთ, ვთქვათ, ვის როგორი მანქანა ჰყავს, რამხელა სახლი აქვს და ასე შემდეგ.
- ნაკრების შესაძლებლობებისა თავიდანვე არ გჯეროდათ. შვედებთან გამარჯვების შემდეგაც კი...…
- ბლოხინი ამბობდა: ბიჭები ეიფორიაში არიანო. ნეტავ რის გამო? მესმის, “ეთრიათ” შვედები მთელი მატჩის განმავლობაში, მაგრამ ხომ ნახეთ, იტანჯებოდნენ. კიდევ კარგი “შევას” ორჯერ კარგი თავური გამოუვიდა, თორემ მომენტებიც არ ჰქონდათ. წაგებაც თავისუფლად შეეძლოთ. სამი ქულა აიღეს და ეიფორიას მიეცნენ? ბლოხინი ერთს მართალს ამბობს და მეც ვეთანხმები: ადრე ნაკრები არავის აინტერესებდა, ფეხბურთელები კი არა, ნახევარფეხბურთელები თამაშობდნენ, განურჩევლად ყველას იყვანდნენ, ახლა კი სიტუაცია ცოტა შეიცვალა. რაღაცას მაინც უნდა წარმოადგენდე, გუნდში რომ გათამაშონ. თუმცა, თუ კარგად დავუკვირდებით, არჩევანი მაინც ძალიან მწირია. ახლა ყველაფერს ბლოხინს დააბრალებენ, მაგრამ მას ყველაზე ნაკლები ბრალი მიუძღვის წარუმატებლობაში, ჩვენ ძალიან ბევრი “ვარსკვლავი” გვყავს, მაგრამ სამწუხაროდ მოედანზე ეს არ ჩანს.…
- თქვენ იცავთ ბლოხინს, მაგრამ ამავდროულად აცხადებთ, რომ ამ მწვრთნელთან ერთად ნაკრებს მომავალი არ აქვს...…
- ეს თავად ბლოხინმაც კარგად იცის. ერთადერთი, რის გამოც შეიძლება უკრაინა ჯგუფიდან გასულიყო, ბლოხინის ყისმათი გახლდათ.  ოლეგ ვლადიმიროვიჩს ვუთხარი კიდეც ამის შესახებ. ერთ წელიწადში გუნდის გაკეთება არ გამოდის, ჩვენი მოთამაშეების გადამკიდე ხომ, ეს საერთოდ შეუძლებელი რამაა. აბა, დავითვალოთ, ძირითად გუნდში რამდენი სათადარიგო თამაშობდა ევროზე: ვორონინი, შევჩენკო, ხაჩერიდი, გარმაში,…თუმცა “შევას” კიდევ რა უშავდა. ამიტომაც არ გამკვირვებია ჩავარდნა. თუმცა, ჯგუფიც ძალიან ძლიერი შეგვხვდა. აბა რუსების იყო? როცა აუცილებლად მოსაგებია, რუსები ვერასოდეს თამაშობენ. ახლა, ალბათ, ჩეხები დასცინიან მათ. რუსებმა ჩემპიონატამდე ამხანაგურში იტალია 3:0 გაანადგურეს, მერე ჩეხებს 4:1 გადაუარეს, მაგრამ სად არიან დღეს? სად და, სახლში. ჩეხები კი მეოთხედფინალში გავიდნენ. საერთოდ, ბოლო დროს, იოლად ხდებიან “ვარსკვლავები”. ცოტა რაღაც გამოუვათ და მაშინვე ცხვირს იბზუებენ. ხასიათის ამბავია. ახლანდელ თაობას სირცხვილის გრძნობა არ გააჩნია. სამაგიეროდ, ფული აქვთ. ადრე სულ სხვაგვარად იყო. ხომ დაგვპირდა ტიმოშჩუკი, რიბერის მინდორზე საერთოდ ვერ დაინახავთო, სინამდვილეში კი, ტიმოშჩუკიც და მისი მეგობრებიც მხოლოდ რიბერის გვარის წაკითხვას ასწრებდნენ მის მაისურზე.…
- ზოგი სპეციალისტის აზრით, ევროზე უკრაინამ რუსებზე გაცილებით ღირსეულად ითამაშა...
- რა თქმა უნდა. შეადარეთ მათი და ჩვენი მეტოქეები. Uთუმცა, უკრაინელ და რუს ფეხბურთელებს მსგავსი მენტალიტეტი აქვთ: ერთხელ მოიგე, ვარსკვლავი ხარ, ფული გაქვს – სუპერვარსკვლავი ხდები.…ევროზე რუსეთს ყველაზე სასაცილო და სუსტი ჯგუფი ჰყავდა.
- ერთხელ A ჯგუფს “სულელურიც” უწოდეთ...…
- აბა რა, “ჭკვიანური” იყო? პოლონელებს მსაჯები ეხმარებოდნენ, უკრაინელებს – არა.
- ინგლისთან არჩათვლილ გოლზე რას იტყვით?
- მსაჯებიც ადამიანები არიან. ზოგჯერ ყველა ცდება. ეს პრობლემა ყოველთვის იქნება, ამიტომ, მსაჯებზე ნუღარ ვილაპარაკებთ.

 

მოამზადა სოლომონ გულისაშვილმა
 

0.10989