ერთეულთა და წყვილთა შორის სადიდსლემო ტურნირებისა და ოლიმპიური თამაშების 24-გზის ტრიუმფატორმა ვინუს უილიამსმა ყატარის დედაქალაქ დოჰაში Qatar Total Open-ის პირველ წრეში მსოფლიო რეიტინგსიის 104-ე ნომერს, 23 წლის ხორვატ პეტრა მარიჩს 6:2, 6:2 მოუგო. მომდევნო სტადიაზე უილიამს-უფროსი კლასიფიკაციის მეექვსე ნომერ ჩეხ პეტრა კვიტოვას შეხვდება.
მარიჩთან მატჩს რაც შეეხება, ბალკანელის დასამარცხებლად ვინუსს საათი და 4 წუთი ეყო. 33 წლის უილიამსმა 5 ბრეიკი და 2 ეისი შეასრულა. დღევანდელი მეტოქეები ერთმანეთს პირველად შეხვდნენ.
მომავალ კვირას ვინუს უილიამსი დუბაის ტურნირში ჩაებმება. ამ შეჯიბრების ორგანიზატორებმა ვინუსს წილდ ცარდ გამოუყვეს.
წესითა და რიგით, დოჰაში ბელარუს ვიკტორია აზარენკასაც უნდა ეასპარეზა, მაგრამ მან სერენა უილიამსის მსგავსად, ყატარში ასპარეზობა ტრავმის გამო იუარა. აზარენკას დოჰაში გერმანელი ანიკა ბეკი შეცვლის.