ფლორენციის ”ფიორენტინას” მწვრთნელისა და წარსულში ”რომას” ბომბარდირის, ვინჩენცო მონტელას ოჯახური პრობლემები კიდევ ერთხელ გახდა საყოველთაო განსჯის საგანი. ”აეროპლანო” ერთი წელიც არაა, რაც ცოლს გაშორდა, მაგრამ ამ განშორებას ფეხბურთელსიათვის სიმშვიდე არ მოუტანია.
ფლორენციული კლუბის მწვრთნელის ყოფილი ცოლი, რიტა მონტელა (რიტას ქალიშვილობის გვარი სკარუზოა) სასამართლოში ვინჩენცოს წინააღმდეგ საჩივარს-საჩივარზე აგზავნის და ისეთი ტემპი აქვს აღებული, ალბათ მონტელების მთელი საგვარეულოს ქონების ხელში ჩაგდება აქვს მიზნად დასახული.
ვინჩენცო და რიტა მონტელებს ერთი შვილი ჰყავთ. ამის გამო, ყოფილი ფეხბურთელი ქონების გაყოფაზე თავიდანვე იყო ყაბულს. ვინჩენცო ასევე თანახმა იყო, რომ შვილის სრულწლოვნებამდე გვარიანი ალიმენტი ეხადა. მაგრამ, მის ნაცოლარს მადა ნამეტანი გახსნია და თუკი რიტას მიერ სასამართლოში შეტანილი საჩივრებით ვიმსჯელებთ, ვინჩენცო მონტელას ქონების 60% სურს. ეს კი, ნებისმიერ შემთხვევაში, ზედმეტად ბევრია.