იტალიის სერია A-ს ბოლო 3 ტურში ფლორენციის “ფიორენტინამ” ერთადერთი ქულა აიღო და სატურნირო მდგომარეობა საგრძნობლად გაიუარესა. თუმცა, გასულ სეზონთან შედარებით, “ფიორეს” პროგრესი თვალნათელია, რაც ფლორენციელთა მთავარი მწვრთნელის ვინჩენცო მონტელას დამსახურებაა.
- “ფიორენტინას” შემადგენლობაში 18 ახალწვეულია. ზოგიერთი მათგანი უცხოელია. ამის მიუხედავად, პრაქტიკულად ყველამ გუნდთან ადაპტაცია შეძლო. ამას თქვენ დამსახურებად მიიჩნევთ თუ ფეხბურთელების? ოღონდ ტრაფარეტულად არ გვიპასუხოთ, ამაში მწვრთნელებსა და მოთამაშეებს თანაბარი წვლილი მიგვიძღვისო...
- მწვრთნელის პროფესია სწრაფად ავითვისე, თუმცა, სასწავლი კიდევ ბევრი მაქვს და ბევრს ვმუშაობ. ჩვენ დასახული გეგმის მიხედვით ვმოქმედებთ, ვშრომობთ, ვინდომებთ და ვფიქრობ, შედეგიც სახეზეა. ჩვენ კარგი კოლექტივი გვყავს, პროფესიონალებისგან შემდგარი. თუკი ჩემ საფეხბურთო კარიერასაც გავითვალისწინებთ, ასეთ კარგ გუნდში არასდროს მიმუშავია. წარმოიდგინეთ, საშობაო არდადეგებიდან დაბრუნებულ არცერთ მოთამაშეს გრამიც კი არ ჰქონია მომატებული.
- მაინც რა აკლია “ფიორენტინას” გრანდი რომ გახდეს? ახალი სტადიონის აშენებაა საჭირო, სპორტული ცენტრის თუ შემადგენლობაში სუპერვარსკვლავის დამატება?
- ზუსტად ის 60 მილიონი გვაკლია, რომელსაც ტურინის “იუვენტუსი” ტელეტრანსლაციების სანაცვლოდ იღებს.
- უწინ ჭკვიან ფეხბურთელად გიცნობდნენ, ახლა ამდაგვარ მწვრთნელად მოგიხსენიებენ. ხომ არ გეჩვენებათ, რომ იტალიურ ფეხბურთში ამგვარი ადამიანების ნაკლებობაა?
- არ მგონა, ჩვენთან ასეთი სურათი იყოს. მთავარია, ადამიანმა საკუთარ პრინციპებს არ უღალატოს.
- “ფიორენტინას” თამაშის სტილისა და მოკრძალებული ხასიათის გამო პეპ გვარდიოლას გადარებენ. ეთანხმებით ამ თვალსაზრისს?
- შესაძლოა, პეპთან პარალელს იმიტომ ავლებენ, მასთან ერთად თავის დროზე “რომაში” რომ ვთამაშობდი. მომწონს გვარდიოლას მუშაობის სტილი, ვაფასებ მოურინიოსაც, თუმცა, პორტუგალიელი კატალონელისგან რადიკალურად განსხვავდება. ჟოზე უფრო სწორხაზოვანია, იმას ამბობს, რასაც ფიქრობს, ხანდახან ზედმეტიც მოსდის, მაგრამ თვლის, რომ ამით გუნდს ეხმარება. მოურინიო არ იცვლება და საკუთარ სიტყვებზეც ყოველთვის პასუხს აგებს.
- თქვენც ამგვარად იქცევით?
- მე უფრო ხშირად ჩუმად ვარ. ზედმეტი საუბარი არ მიყვარს.
- ცხოვრებასა და პროფესიაში ვის ბაძავთ?
- მამას.
- მწვრთნელი ფეხბურთელის მეგობარი უნდა იყოს?
- არა, სრულიად განსხვავებული ამპლუებია.
- საკუთარ გადაწყვეტილებებს მოთამაშეებს თუ უხსნით?
- ეს დროის ფუჭი კარგვაა. რაც არ უნდა უთხრათ სათადარიგოთა სკამზე დარჩენილ ფეხბურთელს, ის მაინც თვლის, რომ დამრიგებელი უსამართლოდ მოექცა. ასე რომ, რაიმის ახსნას მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, როდესაც თავად მოთამაშე გთხოვს ამას.
- თუკი შეატყობთ, რომ რომელიმე მოთამაშე აღელვებულია ან ცუდ ხასიათზეა, მისი პირადი ცხოვრებით დაინტერესდებით?
- საამისოდ მთავარი მწვრთნელის თანაშემწეები არიან. მათ უკეთ შეუძლიათ ფეხბურთელთა პრობლემებში გარკვევა და თუ საჭირო გახდა, რჩევა-დახმარების გაწევა. ბევრი რამაა დამოკიდებული ფეხბურთელის ხასიათზე, თუმცა, ერთიცაა – თუკი მწვრთნელმა მისი პრობლემის სათავე იცის, სათანადო გადაწყვეტილების მიღება უადვილდება.
- როდესაც თავად მოთამაშე იყავით, რას უწუნებდით მწვრთნელებს?
- ლამის ყველაფერს! ფეხბურთელისთვის მწვრთნელი მტერია. მაგრამ ეს “მტრები” ახერხებდნენ, მინდორზე სფეხბურთო თვისებები სრულად წარმომეჩინა.
- ამჟამად დამრიგებლის პოზიციიდან უმზერთ მოვლენებს. რა არ მოსწონთ მწვრთნელებს მოთამაშეების?
- წუწუნი, რომელიც ძირითად შემადგენლობაში არდაყენებას მოჰყვება ხოლმე. არ მიყვარს ის მოთამაშეები, რომლებიც უკმაყოფილებას დემონსტარციულად გამოთქვამე და სატადარიგოთა სკამზე ჯდომისას ბუზღუნებენ.
- ამერიკელი მწერალი ჩად ჰარბახი თავის წიგნში “დაცვაში ყოფნის ხელოვნება” წერს, რომ კარგი მწვრთნელი ნებისმიერმ მოთამაშეს სხვადასხვაგვარად ექცევა, ერთნარად მოპყრობის შემთხვევაში კი ციხის ზედამხედველს დაემსგავსება. თქვენ ყველა ფეხბურთელთან ინდივიდუალური მიდგომა გაქვთ?
- ყოველ შემთხვევაში, ამას ვცდილობ. ყველას ერთნაირად რომ მოვექცე, ფეხბურთსა და პედაგოგიკაში არაფერი უნდა გამეგებოდეს.
- მატჩების მსვლელობისას სტადიონის იმ ტრიბუნისკენ გაგირბით თვალი, სადაც “ფიორენტინას” ფანკლუბის წარმომადგენლები სხედან. მათ თავყრილობებს თუ ესწრებით?
- არასდროს. ეს სნობიზმი არაა, უბრალოდ ასეთი ხასიათი მაქვს. ძალიან ცოტა თავისუფალი დრო მრჩება და მას მეუღლესა და შვილებთან ურთიერთობას ვახმარ.
- ფლორენციია კარგად გაცნობა მოასწარით?
- ქალაქის ცენტრში ვცხოვრობ და მისი სილამაზით მოხიბლული ვარ. მეჩვენება, რომ აქაურებსაც ვუგებ. ფლორენციელები ამაყი ადამიანები არიან. მათი ამგვარი ხასიათი ძნელი ასახსნელი არაა.
- თქვენ გამართულად და დალაგებულად საუბრობთ...
- ეს წიგნების დამსახურებაა. მწვრთნელის გარდა სხვა პროფესია არ მაქვს, თუმცა, უამრავი წიგნი წამიკითხავს. თანაც პრაქტიკულად ნებისმიერ ჟანრს ვეტანები, მათ შორის ფილოსოფიურ რომანებსაც.
- მშვიდი, გაწონასწორებული ადამიანი ხართ. ყოველთვის ასეთი იყავით?
- სულაც არა. ბავშვობაში აუტანელი ცელქი გახლდით. სახლში შესვლამდე მამას ველოდები, რომელიც საღამოობით სადურგლო სახელოსნოდან შინ ბრუნდებოდა. იგი დაღლილი მოდიოდა და ჩემთან ჩხუბის თავი არარ ჰქონდა. დედა კი მეტად მკაცრად მექცეოდა და ხშირად მტიქსავდა.
- ყველაზე მეტად რისთვის გეჩხუბებოდათ?
- ბევრ რამეზე, განსაკუთრებით კი იამზე ცოფდებოდა, როდესაც ახალი ფეხსაცმლით ფეხბურთს ვთამაშობდი და წინა დღით ნაყიდი გამოუსადეგარი ხდებოდა.
გოჩა კაჭარავა