ფეხბურთი

10:43 | 28.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვინ შეცვლის ვილაშ-ბოაშს: ლუის ენრიკე თუ მიქაელ ლაუდრუპი?

ინგლისური პრემიერლიგის გასულ ტურში “ტოტენჰემმა” 0:6 წააგო “მანჩესტერ სიტისთან” და მას შემდეგ არ წყდება ლაპარაკი მათი დამრიგებლის, ანდრე ვილაშ-ბოაშის გათავისუფლების შესახებ. პორტუგალიელს აშკარად “წყალი შეუდგა” და აუახლოეს მატჩებში თუ ვითარება არ გამოასწორა, ალბათ ქუდის დახურვა და გაცლა მოუწევს. ზაფხულში “დეზებმა” სარეკორდო 100 მილიონ ევროდ გაყიდეს გარეთ ბეილი მადრიდის “რეალში”, თავად კი ამ ფულს კიდევ 7 მილიონი დაუმატეს და 7 ახალი ფეხბურთელი შეიძინეს. კლუბის თავმჯდომარეს, დანიელ ლევის ეგონა, რომ ამ ტრანსფრების წყალობით “ტოტენჰემი” გიგანტებს (“მანჩესტერ იუნაიტედი”, “მანჩესტერ სიტი,” “არსენალი” და “ჩელსი”) რეალურ კონკურენციას გაუწევდა და 1961 წლის შემდეგ პირველად მოიპოვებდა ჩემპიონობას. მაგრამ, ჯერჯერობით ისინი მე-9 ადგილზე არიან და 8 ქულით ჩამორჩებიან ლიდერ “არსენალს,” ამ 0:6-მა ხომ ნავთზე ცეცხლი დაასხა. Daily mail-ის ცნობით, თუ ვილაშ-ბოაში გაუშვეს მის ყველაზე რეალურ შემცვლელებად ლუის ენრიკესა და მიქაელ ლაუდრუპს ასახელებენ.

”ბარსელონას” ყოფილი ვარსკვლავი, ლუის ენრიკე, სამი წლის განმავლობაში წვრთნიდა ამ კლუბის მეორე გუნდს და ერთი ხანი მას “ბარსას” მთავარი მწვრთნელის კანდიდატადაც მოიაზრებდნენ, მაგრამ ის სერია A-ში წავიდა და “რომა” ჩაიბარა. სწორედ იქ მუშაობდა “ტოტენჰემის” ახლანდელ სპორტულ დირექტორ ფრანკო ბალდინისთან ერთად. ამჟამად კი ვიგოს “სელტას” წვრთნის. მას “ბარსელონას” ფილოსოფიის გამტარებლად მოიაზრებენ.

მეორე ვარიანტი კი დანიელი მიქაელ ლაუდრუპია, რომელიც კარგად მუშაობს უელსურ “სუონსიში” და პრემიერლიგაში ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მწვრთნელის სახელი აქვს.

0.117554