კალათბურთი

22:33 | 26.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვილი ისიანი: “ყველაფერს გავაკეთებ, რათა NBA-ში ვითამაშო”

 ვილი ისიანი პერსპექტიულ ქართველ კალათბურთელთა იმ კატეგორიას განეკუთვნება, რომლებიც საქართველოს ეროვნული ნაკრების წამყვანი წევრების ღირსეულ შემცვლელებად მოიაზრებიან.

ისიანით საქართველოს 16 წლამდელთა ნაკრებში თამაშის დროს ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მონაწილე კლუბ “გრან კანარიას” ხელმძღვანელობა დაინტერესდა. 2013-14 წლების საკალათბურთო სეზონის პირველი ნახევრის დასრულების შემდეგ ვილიმ “გრან კანარიას” მიწვევა მიიღო და ესპანეთში გაემგზავრა. კონტრაქტი თავიდან ისიანის “გრან კანარიაში” 2013-14 წლების სეზონის ბოლომდე თამაშს ითვალისწინებდა. ესპანელებმა ისიანს ორიოდ თვეში 2+2 წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს.

ამჟამად ვილი ისიანი თბილისში იმყოფება, საქართველოს 18 წლამდელთა ნაკრებთან ერთად ვარჯიშობს და აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის ემზადება, რომელსაც ივლისის მეორე ნახევარში ბულგარეთი უმასპინძლებს.

“მსოფლიო სპორტი” ისიანს დაუკავშირდა და ესპანეთში დასრულებულ სეზონსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

-      თუ შეიძლება მოკლედ გვიამბეთ “გრან კანარიაში” თქვენი თამაშის შესახებ.

-      “გრან კანარიას” 18 წლამდელთა გუნდის წევრი ვარ. პარალელურად დიდების გუნდის დუბლებშიც მიწევს თამაში.

-      მოედანზე ყოფნა დიდხანს გიწევთ?

-      თავიდან ცოტა დროს მითმობდნენ. ახლა გუნდის წამყვანი მოთამაშე ვარ და 30-35 წუთი მიწევს მოედანზე ყოფნა. შედარებით ცოტას, 10-15 წუთს ვთამაშობ დიდების დუბლების გუნდში.

-      ესპანელები შენი თამაშით კმაყოფილები არიან?

-      სეზონის დასრულების შემდეგ გუნდის საუკეთესო მოთამაშედ დამასახელეს.

-      თქვენს შედეგიანობაზე რას გვეტყვით?

-      ძალიან ხშირად ვაკეთებ ორმაგ დუბლებს. ყველაზე მეტი, 18 ქულა და 16 მოხსნა მაქვს გაკეთებული.

-      ესპანეთში გადასვლით კმაყოფილი ხართ?

-      რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ. პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ სიმაღლეში ორი სანტიმეტრი მოვიმატე და ახლა ზუსტად ორი მეტრი ვარ. მივიღე გამოცდილება, შედარებით დავხვეწე ტექნიკა და ფიზიკურადაც შედარებით უკეთ გამოვიყურები.

-      ჯერ თქვენ 18 წლისაც არ ხართ და თუ ასე გააგრძელეთ, შეიძლება 210 სანტიმეტრამდეც კი გაიზარდოთ.

-      ამხელა რომ გავიზარდო, ცენტრში მომიწევს თამაში და არ მინდა, მძიმე ფორვარდის პოზიციაზე ყოფნა მირჩევნია.

-      ესპანეთში დარჩენას დიდხანს აპირებთ?

-      არ ვიცი, ესპანეთში რამდენ ხანს დავრჩები. უმთავრესი მიზანი კი NBA-ში თამაშია.

-      საქართველოს 18 წლამდელთა ნაკრების შესახებ რას გვეტყვით?

-      ვემზადებით ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის, რომელსაც ივლისის მეორე ნახევარში ბულგარეთი უმასპინძლებს. კარგი გუნდი გვყავს და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ “ა” დივიზიონის საგზური მოვიპოვოთ.

0.177913