10 დეკემბერს, ესპანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა საქართველოს ერთ-ერთი პერსპექტიული კალათბურთელი, მძიმე ფორვარდი ვილი ისიანი (11.08.97, 202სმ), რომელმაც პრიმერა დივიზიონის მონაწილე “გრან კანარიასთან” ერთად, 17-18 წლამდელთა 6 გუნდა ტურნირში მიიღო მონაწილეობა.
შეგახსენებთ, რომ ისიანმა ესპანეთში ყურადღება დაიმსახურა 16 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მსვლელობის დროს, რომელსაც “გრან კანარიას” მთავარი მწვრთნელიც ესწრებოდა.
ვილი ისიანს “მსოფლიო სპორტი” ესპანეთიდან დაბრუნების შემდეგ ესაუბრა.
- თუ შეიძლება, გვიამბეთ ესპანეთში ჩატარებული იმ ტურნირის შესახებ, სადაც თქვენ მონაწილეობდით...
- ესპანური ტურნირის სულ სამ შეხვედრაში მივიღე მონაწილეობა. პირველ შეხვედრაში 10 წუთი ვითამაშე და დროის ამ მონაკვეთში 8 ქულაც (2 სამქულიანი, 2 საჯარიმო) გავაკეთე. მეორე შეხვედრაში 18 წუთი დავყავი მოედანზე და 15 ქულა (4-დან 4 სამქულიანი, 2-დან 1 ორქულიანი, 2-დან 1 საჯარიმო) დავაგროვე. მე-3 შეხვედრაში 10 წუთი გავატარე მოედანზე, 2-დან ერთი სამქულიანი ჩავაგდე და სამი ქულით დავკმაყოფილდი.
- როგორი შეფასება მიიღეთ ესპანელებისგან?
- ჩემი თამაშის შემდეგ ესპანელები კმაყოფილი დარჩნენ სროლებითა და დაცვაში გარჯით. მოსამატებელი მაქვს ტექნიკასა და ფიზმომზადებაში.
- ესპანელებისგან პასუხს გუნდში დარჩენა-არდარჩენის შესახებ როდის ელოდებით?
- ზუსტი პასუხი მიმდინარე კვირაში მეცოდინება.
- თქვენი ვარაუდით, როგორი პასუხი იქნება?
- ჩემი კარიერის “გრან კანარიაში” გაგრძელება თითქმის გადაწყვეტილია.
- ესპანელები რა სახის კონტრაქტს გთავაზობენ?
- “გრან კანარიადან” დადებითი პასუხის შემთხვევაში, გუნდში 2013-14 წლების სეზონის ბოლომდე დავრჩები. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.