კოლუმბიური საფეხბურთო კლუბების "ატლეტიკო ხუნიორსისა" და "დეპორტივო პარეირას" შეხვედრაში ინციდენტი მოხდა. მატჩის მეორე ტაიმში მოედნის საფარზე მოულოდნელად ბუ დაეშვა. მსაჯმა თამაში შეაჩერა, რათა ფრინველი მოედნის გარეთ გაეყვანა სტადიონის მომსახურე პერსონალს. მსაჯს გადაწყვეტილების შესრულება არ აცალა "დეპორტივო პარეირას" მცველმა ლუის მორენომ, რომელმაც წიხლი ისე დაარტყა საცოდავ ფრინველს, რომ სამ მეტრ მანძილზე მოისროლა. ფეხბურთელის ასეთმა ქმედებამ მაყურებელთა მწვავე რეაქცია გამოიწვია - გამაყრუებელი სტვენით აიკლეს მორენო, მას "ატლეტიკოს" ფეხბურთელებმაც უსაყვედურეს, მით უმეტეს, რომ ბუ მათი გუნდის თილისმად ითვლება.
მატჩის შემდეგ ლუის მორენომ ბოდიში მოიხადა, უბრალოდ ფეხი მკოვიქნიე, მეგონა აფრინდებოდაო... კადრში კარგად ჩანს, მოიქნია თუ დაარტყა. კოლუმბიაში არ არსებობს კანონი ცხოველთა და ფრინველთა მიმართ სადისტურ მოპყრობასთან დაკავშირებით, თუმცა ცხოველთა და ფრინველთა დაცვის ადგილობრივმა საზოგადოებამ "დეპორტივოს" ხელმძღვანელობას ლუის მორენოს წინააღმდეგ სანქციის მიღებისკენ მიუთითეს.
როგორ აღმოჩნდა ბუ საფეხბურთო მოედანზე? სპეციალისტთა განმარტებით, ფრინველმა სტადიონის სიახლოვის ფრენისას დიდი ხმაურის გამო ორიენტაცია დაკარგა. ლუის მორენოს წიხლის კვრის შემდეგ ფრინველს დაზიანებული აქვს ორგანოები, თუმცა, ექიმების აზრით, მალე გამოჯანმრთელდება...
P.S. ბოლო ინფორმაციით, ბუ გარდაიცვალა...