ტურინის “იუვენტუსის” ჩილელმა ნახევარმცველმა არტურო ვიდალმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურში “კოპენჰაგენთან” მოპოვებული გამარჯვების შემდეგ გაკეთებულ კომენტარში კლუბთან თანამშრომლობის შესაძლო გახანგრძლივების შესახებაც ისაუბრა. შეგახსენებთ, “ბებერმა ქალბატონმა” 3:1 მოიგო და დანიელთა კარში სამივე გოლი ვიდალმა გაიტანა.
“ვალდებულნი ვიყავით მოგვეგო და მოვიგეთ კიდეც. ახლა წინ მთავარი ბრძოლა დაგვრჩა, სტუმრად “გალათასარაის” წინააღმდეგ და იქაც სასურველ შედეგს უნდა მივაღწიოთ. რაც შეეხება ჩემს სამომავლო გეგმებს, გაგიმხელთ, რომ “იუვენტუსთან” კონტრაქტის გახანგრძლივება თითქმის გადაწყვეტილი ამბავია” – უთხრა არტურო ვიდალმა ჟურნალისტებს.