ასეთი ამბები დანიაშიც ხდება - ცხოვრების დონით მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ქვეყანაში. სასლიგაში (დანიის რანგით მეორე) მოასპარეზე “ვიბორგი” ფინანსურმა კრიზისმა ისე გააწამა, რომ დიდი შანსია, მალე გაკოტრებულად გამოცხადდეს.
“ვიბორგის” ქართველ მცველს, 23 წლის გიორგი ფოფხაძეს “მსოფლიო სპორტი” დაუკავშირდა და ასეთი სენსაციური ამბავიც მისგან შევიტყვეთ.
გიორგი ფოფხაძე: ახლა “ვიბორგში” აქციებს ჰყიდიან. სპონსორები გაიქცნენ კლუბიდან და ძალიან არეული სიტუაციაა. ბოლო 4 მატჩი მოვიგეთ და ფიქრობენ, ეგებ, ამან მოაბრუნოს სპონსორებიო, მაგრამ ძალიან მეპარება ეჭვი.
- კი, მაგრამ რატომ შეიქმნა ასეთი მდგომარეობა?
- ორი წლის წინათ, “ვიბორგი” დანიის სუპერლიგიდან გავარდა, მაგრამ კლუბმა წამყვანი ფეხბურთელები შეინარჩუნა და თანაც, საკმაოდ მაღალი სახელფასო ფონდი დატოვა. ფინანსური კრიზისი მთელ დანიაში იგრძნობა. ლამის ყველა მაღაზიაში 70-80 პროცენტიანი ფასდაკლებებია, რომ რამე გაიყიდოს. ეს ყველაფერი კლუბებსაც შეეხო. სუპერლიგაშიც ისეთი ამბები მოხდა, ვინ ვის უგებდა, ვერ გაიგებდი. ისეთმა კლუბებმა, როგორებიც “ბრონდბიუ” და “კოპენჰაგენი” არიან, ერთი ტრანსფერიც კი ვერ განახორციელეს. ფინანსურად ცუდად წაუვიდა საქმე დავით დევდარიანის “ორჰუსსაც”, რომელიც გავარდა. არადა, “ორჰუსი” ზამთარში 21 ქულით იყო დაშორებული გასავარდნი ზონიდან.
- შენი საკითხი როგორ იქნება? “ვიბორგიდან” ისედაც აპირებდი ამ ზაფხულს წასვლას.
- ეს გადაწყვეტილია. საკითხავი ისაა, სად წავალ. რამდენიმე დღეში გაირკვევა “ვიბორგის” ფინანსური ამბები და თუ კლუბი გაკოტრდება, უფასოდ შემეძლება სხვაგან გადასვლა. ჯერ კი კონტრაქტი მაკავშირებს “ვიბორგთან”. წინადადებები მაქვს, მაგრამ ყველა კლუბი იმას უცდის, რა მოხდება “ვიბორგში”.
- რომელი კლუბების ვარიანტი გაქვს?
- არის დანიის სუპერლიგიდან, გერმანიის ბუნდესლიგიდან და პოლონეთის ექსტრაკლასადან. პოლონეთს ბოლო ვარიანტად განვიხილავ.
- “ორჰუსს” ზამთარში სურდა შენი შეძენა, მაგრამ ალბათ, ეს უკვე გამორიცხულია.
- დიახ. იანვარში დამირეკეს და თითქოს შევთანხმდით კიდეც, მაგრამ მერე რა მოხდა, დეტალურად არ ვიცი. ჩემში ფული იყო გადასახდელი და როგორც გავიგე, “ვიბორგს” ძალიან ძვირად დავუფასებივარ. “ორჰუსის” ხელმძღვანელობამ კი, მარცხენა მცველის პოზიციაზე სხვა ფეხბურთელი აიყვანა უფასოდ. სხვა საქმეა, რომ არ გამოადგათ და უსუსტესი იყო თავის გუნდში. ახლა კი ჩემი “ორჰუსში” გადასვლა აღარ გამოვა: რაღა აზრი აქვს, ისინიც სასლიგაში არიან.
- თითქმის 5 წელია, რაც “ვიბორგში” ხარ და ალბათ, მოგწყინდა კიდეც.
- აქ გულშემატკივრებისგან სიყვარულს ყოველთვის ვგრძნობდი. მათგან გუნდის წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარების პატივიც მერგო. უბრალოდ, დავიღალე სასლიგაში ყოფნით. როდესაც გავვარდით, იმედი მქონდა, რომ სუპერლიგაში დავბრუნდებოდით, შემადგენლობა ნორმალური გვყავდა, მაგრამ ეს ვერა და ვერ მოვახერხეთ. წასვლა იმიტომაც მინდა, რომ საქართველოს ნაკრებში თამაშის შანსი გამიჩნდეს.
- რამდენ დღეში გაირკვევა “ვიბორგის” გაკოტრება-გადარჩენის საკითხი?
- ალბათ, რამდენიმე დღეში. თუმცა, მე მაინც ვაპირებ აქედან წასვლას. გასარკვევი ეს დარჩა – ჩემში ფული იქნება გადასახდელი თუ უფასოდ წავალ...
- გასაგებია. მსოფლიოს ჩემპიონატზეც ვთქვათ. ვის გულშემატკივრობ?
- დიეგო მარადონას. ანუ, არგენტინის გულშემატკივარი ვარ. ნიგერიასთან კარგად ითამაშეს და ვნახოთ... არგენტინის გარდა, რა თქმა უნდა, დანიასაც ვქომაგობ. იქ ჩემი ყოფილი თანგუნდელები თამაშობენ. იაკობ პოულსენთან ვმეგობრობდი კიდეც.
- დანიაში რა გამოხმაურება მოჰყვა ჰოლანდიასთან წაგებას – ძალიან შემოეყარათ გულზე თუ ჰოლანდიასთან წაგებას, ასე თუ ისე, შეგუებულნი იყვნენ?
- უმეტესობა აღნიშნავს, რომ დანიას მობერებული შემადგენლობა ჰყავს. ალბათ, ასეცაა. მარტინ იორგენსენი ზამთარში გადავიდა დევდარიანის გუნდში – “ორჰუსში”. და უნდა გენახათ, რა ცუდად თამაშობდა. იორგენსენის დიდი “დამსახურებაა”, “ორჰუსი” რომ გავარდა. და დღეს ეს ფეხბურთელი მუნდიალზე თამაშობს, თანაც, ნახევარდაცვაში წამყვანი როლი აკისრია. მე რაც ვნახე ჰოლანდიასთან, ეჭვი მეპარება, დანია ჯგუფიდან გავიდეს.
ილია ნანობაშვილი