ჭიდაობა

18:01 | 14.10.2011 | ნანახია [] - ჯერ

ვეტერანებმა მსოფლიოს ხალიჩაზე იყოჩაღეს

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ქართველმა ვეტერანმა სპორტსმენებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე 5 მედალი მოიპოვეს. პოლონეთის ქალაქ რაციბორზში 7-9 ოქტომბერს ჩატარებულ შეჯიბრებაზე, ტრადიციულად, ჩემპიონ-პრიზიორები ვეტერანთა რამდენიმე ასაკობრივ ჯგუფში გამოვლინდნენ.
60-წლამდელთა შორის მოჭიდავე გრიგოლ რობაქიძემ (58 კგ) მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა. 65-წლამდელებში ზაურ ხუბაშვილი (58 კგ) და ესტატე გოგლიჩიძე (130 კგ) კვარცხლბეკის მეორე საფეხურზე ავიდნენ. ყველაზე უფროსთა ჯგუფში, სადაც 65 წლის და უფროსი ექსსპორტსმენები შეიყარნენ, ქართველები ორ ოქროს დაეუფლნენ. მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ: 70 წლის ომარ მელაშვილი (58 კგ) და 67 წლის შალვა გაფრინდაშვილი (76 კგ).
15-16 ოქტომბერს, მსოფლიოს ჩემპიონ-პრიზიორებს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვეტერანებიც გამოავლენენ. ჩემპიონატს ალბანეთის დედაქალაქი ტირანა უმასპინძლებს.

ოთარ მაღლაკელიძე
 

0.115179