ინტერვიუები

10:18 | 22.06.2010 | ნანახია [] - ჯერ

ვესლი სნეიდერი: "შეტევაში ჩართულს დიდი სარგებლობა მომაქვს"

მილანის “ინტერის” შემადგენლობაში, ვესლი სნეიდერმა, გასულ მაისს გასრულებულ სეზონში, ყველა საკლუბო ტიტულის მოგება მოახერხა, თუმცა, მიღწეულს არ ჯერდება და ჰოლანდიის ნაკრებთან ერთად, სამხრეთ აფრიკის მუნდიალზეც წარმატების მოპოვებაზე ფიქრობს. სწორედ სნეიდერის გოლის წყალობით სძლიეს ბენილუქსელებმა იაპონელებს და მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილეთაგან პირველებმა გაინაღდეს მერვედფინალში გასვლა.
- მსოფლიოს ჩემპიონატი ძალიან კარგად დაიწყეთ. როგორი განწყობაა ჰოლანდიის ნაკრებში?
- მოგების შემდეგ, გუნდში ყოველთვის ამაღლებული განწყობაა. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, მუნდიალის კარგი სტარტი. როდესაც ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩის წინ ფლეი ოფში გასვლა გარანტირებული გაქვს, მომდევნო ბატალიებს, ფსიქოლოგიურად უკეთ მდგომარეობაში მყოფი ხვდები.
- ფორმის პიკს მიაღწიეთ, თუ ნარინჯისფრებს თამაშის მომატების რეზერვი კიდევ გაგაჩნიათ?
- მიმდინარე მუნდიალზე, მაღალი მიზნის გადაჭრა გვაქვს დასახული, ამიტომაც, ყოველ მომდევნო მატჩში თამაშს უნდა მოვუმატოთ. მიღწეულზე გაჩერება დამღუპველია. მით უმეტეს, ფლეი ოფში კიდევ უფრო ძლიერ მეტოქეებთან მოგვიწევს დაპირისპირება. გუნდური ასპარეზობაც გასაუმჯობესებელია და პირადად ჩემი თამაშიც.
- მალე არიენ რობენი დაგიბრუნდებათ. რამდენად გააძლერებს იგი ჰოლანდიის ნაკრებს?
- მან ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა გასული სეზონი - მიუნხენის “ბაიერნის” ჭეშმარიტი ლიდერი გახლდათ. რობენი უამრავი ისეთი თვისებითაა დაჯილდოვებული, რომლებიც ნებისმიერ გუნდს და მათ შორის ჩვენს ნაკრებსაც სასიკეთოდ წაადგება. რობენი სწრაფი, ტექნიკური ფეხბურთელია და მარტოსაც ხელეწიფება მატჩის ბედის გადაწყვეტა. არიენი უკვე პრაქტიკულად მზადაა და შესაძლოა, კამერუნთან მატჩის დროს მინდორზეც ვიხილოთ, მაგრამ ჩემი აზრით, უკეთესი იქნება, თუკი რობენი ცოტას კიდევ დაისვენებს, ძალას სრულად აღიდგენს და საქმეში მერვედფინალიდან ჩაებმება. ვგონებ, სამწვრთნელო შტაბშიც ამგვარადვე ფიქრობენ.
- რობენის დარად, თქვენც ჰოლანდიის ნაკრების ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდით...
- საკუთარ თავზე საუბარი უხერხულია, მაგრამ მაინც ვიტყვი, ბოლო დროს კლუბისთვისაც და ნაკრებისთვისაც შეტევაში ჩართულს დიდი სარგებელი მომაქვს. ისე კი, ჩემი თამაში გულშემატკივრების, მწვრთნელების და ჟურნალისტების შესაფასებელია. მე მხოლოდ საერთო საქმის წარმატებით დასაგვირგვინებლად ვზრუნავ. მსოფლიოს ჩემპიონატზე თავი უმაღლესი რანგის პროფესიონალებმა მოიყარეს და მათთან ჭიდილში უნდა დავამტკიცო ჩემი კლასი. ჯერჯერობით, ეს არცთუ ურიგოდ გამომდის, თუმცა, დანიასთან მატჩში გაცილებით უკეთაც შემეძლო თამაში. შესაძლოა, თავი სასტარტო მღელვარებამ იჩინა, მაგრამ უმთავრესი მიზანი, 3 ქულის მოპოვება, შევასრულეთ.
- ავსტრია-შევეიცარიის ევროპის ჩემპიონატი მშვენივრად დაიწყეთ, თუნდაც იტალიასა (3:0) და საფრანგეთთან (4:1) მოგება რად ღირს, მაგრამ მეოთხედფინალური ბარიერი მაინც ვერ გადალახეთ...
- თუკი, ამჯერადაც 8 საუკეთესო ნაკრებთა შორის მოვხვდით, არაფერს დავიშურებთ ნახევარფინალში გასასვლელად, შემდეგ კი ვნახოთ, როგორ გაგვიმართლებს.
- როგორ გგონიათ, ჰოლანდიის ნაკრებში მაღალი რანგის ფეხბურთელების რაოდენობა, იმატებს თუ მცირდება?
- კატეგორიულად ვერ დავეთანხმები ზიგიერთი სპეციალისტის მიერ გამოთქმულ თვალსაზრისს, თითქოს, ჰოლანდიელ მოთამაშეთა საერთო დონე თანდათან იკლებს. ჩვენს ნაკრებში დაბალი კვალიფიკაციის ფეხბურთელი ვერასდროს მოხვდება. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ნარინჯისფერთა უმრავლესობას ხომ ამსტერდამის “აიაქსის” სკოლა გვაქვს გავლილი.

მოამზადა გოჩა კაჭარავამ

0.119344