ინტერვიუები

10:47 | 25.05.2010 | ნანახია [] - ჯერ

ვესლი სნეიდერი: “რეალში” არასდროს დავბრუნდები”

ვესლი სნეიდერმა აწ უკვე გასრულებულ სეზონში ყველა საკლუბო ტიტულის მოგება მოახერხა, თუმცა, მიღწეულს არ ჯერდება და ჰოლანდიის ნაკრებთან ერთად სამხრეთ აფრიკის მუნდიალის მოგებაზეც ფიქრობს.

- ვესლი, ელოდით “ინტერთან” ერთად ამდენ ტიტულს რომ მოიხვეჭდით? თქვენ ხომ გუნდში პირველი სეზონი ჩაატარეთ...
- რა თქმა უნდა, არა. როდესაც მადრიდიდან მილანში ჩავედი, სხვა სახის საფიქრალი მქონდა. უპირველესად, “ნერაძურისთან” უსწრაფესი ადაპტირება დავისახე მიზნად. შემდეგ კი ყველაფერი ავწონ-დავწონე და იმ დასკვნამდე მივედი, “ინტერს” ბევრის მიღწევა რომ შეეძლო. ჩვენ ფენომენალური დაცვის ხაზი გვყავს, მინდვრის შუაგულში მოთამაშეებს ნებისმიერი მეტოქის ჩაკეტვა ხელეწიფებათ, მოწინააღმდეგისთვის ძალიან საშიში და შედეგიანი ფორვარდები რომ გვყავს, ეს მადრიდულმა ფინალმაც დაადასტურა. ერთი სიტყვით, “ინტერი” ნებისმიერ ხაზში დაბალანსებული გუნდია.
- როგორ გგონიათ, რაც მოურინიომ დაგავალათ, ყველაფერი შეასრულეთ?
- სეუ ჟოზე გვეუბნებოდა, რომ “ბაიერნს” შედარებით ზანტი მცველები ჰყავს და მატჩის მსვლელობაში შანსი აუცილებლად მოგვეცემოდა, მთავარი მისი რელიზაცია გახლდათ. ტაქტიკურად შესანიშნავად ვიყავით მომზადებულნი, მოურინიოს წინასაფინალო წინასწარმეტყველება კი ზუსტად ახდა.
- მარკ ვან ბომელის აზრით, გადამწყვეტი მატჩი უფრო ეფექტურმა გუნდმა მოიგო?
- ყველას აქვს უფლება საკუთარი აზრი ჰქონდეს. მე კი ვფიქრობ, რომ ჩვენი წარმატების ახსნა მხოლოდ პრაგმატული ფეხბურთისადმი ერთგულებით არასწორია.
- როგორ გგონიათ, “ინტერმა” დამსახურებულად მოიგო ჩემპიონთა ლიგის თასი?
- ვინმეს საპირისპიროს ფიქრობს? ხომ არ დაგავიწყდათ, ნახევარფინალში ესპანეთის ჩემპიონსა და ტურნირის მოქმედ გამარჯვებულს რომ მოვუგეთ.
- “სანტიაგო ბერნაბეუზე” რამდენიმე სეზონი გაქვთ გატარებული. ეს მომენტი ფინალში თამაშისას დაგეხმარათ?
- საერთოდ, სენტიმენტალური მოგონებები ფეხბურთის თამაშის ხელისშემშლელი პირობაა. ამიტომაც ბოლო დღეები ვცდილობდი, “რეალში” გატარებულ წლებზე არ მეფიქრა. ძალიანაც რომ მეხვეწოს, “რეალში” არასდროს დავბრუნდები.
- ფსიქოლოგიურად არ გაგიჭირდათ არიენ რობენის წინააღმდეგ თამაში?
- ყოველმხრივ შევეცადე, ფინალის მსვლელობისას არიენთან მეგობრობაც დამევიწყებინა. საკლუბო დონეზე ჩვენ მეტოქეები ვართ, მაგრამ მალე მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყება და შევეცდებით ერთობლივი ძალისხმევით ჰოლანდიას მუნდიალი მოვაგებინოთ.

მოამზადა გოჩა კაჭარავამ

 

0.119422