საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრებმა ბოსნიის ქალაქ სარაევოში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 5 მედალი მოიპოვა.გუშინწინ მოგებულ სამ ბრინჯაოს მედალს თამაზ ბენდიანიშვილის შეგირდებმა გუშინ თითო ვერცხლი და ბრინჯაო მიამატეს.ჩემპიონ-პრიზიორები დარჩენილ ხუთ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. წინასწარი ინფორმაციით,ხალიჩაზე 5 ქართველი უნდა უნდა გასულიყო,მაგრამ 46 კილოგრამი წონითი კატეგორიის ბადე, რატომღაც ბექა ბუჯიაშვილის გარეშე შეივსო. დანარჩენი 4 ქართველიდან ყველაზე შედეგიანად ლაშა ბითარაშვილმა იჭიდავა. 54 კილოგრამ წონით კატეგორიაში,17 მონაწილედან 15 წილისყრამ პირდაპირ მე-2 წრეში განთესა.მხოლოდ ბითარაშვილსა და შვეიცარიელ მარკო ჰოდელს არ გაუმართლათ.მათი შეხვედრის შემდეგ კი, შვეიცარიელი პირველ წრეში ჩარჩენილი ერთადერთი მოჭიდავე გახდა.მოგვიანებით,დამამშვიდებელი ეტაპის გზა მაინც გაეხსნა, მას შემდეგ,რაც ქართველმა ფინალის საგზური მოიპოვა.ბითარაშვილმა ჰოდელის გზას ბერძენი კიროს ბინენმპაუმი, თურქი აზიზ ეილიკჩი და გერმანელი მანუელ ვოლფერიც გაუყენა,ფინალში კი, რუს ჰუსეინ შახბანოვთან ვეღარას გახდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა. ირაკლი მოსიძემ (63კგ) ჩემპიონატი სომეხი სამველ პეტროსიანის ძლევით გახსნა და პოლონელი რენე პალინსკით გააგრძელა, მაგრამ მეოთხედფინალში მომავალ ფინალისტთან, აზერბაიჯანელ მუხტარ სადულაევთან წააგო.რეპეშაჟში ჯერ ფრანგ ენი ოსმანს აჯობა, მერე - რუმინელ მადალინ მინზალას და კვარცხლბეკის მე-3 საფეხურზე ავიდა. იაკობ პეტრიაშვილს (76კგ) სამეულამდე გადამწყვეტი გამარჯვება დააკლდა. მოსიძის მსგავსად , ისიც მეოთხედფინალიდან დაემშვიდობა ძირითად ბადეს,მაინც აზერბაიჯანელ მოწინააღმდეგესთან წააგო და რეპეშაჟშიც გადაერთო.პარვიზ ახუნდოვთან მარცხამდე იაკობაშვილმა რუმინელი ვლად კარაში ჩამოიცილა.ბრინჯაოს გზაზე კი,პოლონელი მატეუშ ფილიპჟაკს გასცდა და სომეხ გევორგ ამბარცუმიანთან წაიფორხილა.მძიმეწონისანი გენო პეტრიაშვილი ხალიჩაზე ერთადერთხელ გავიდა.პირველსავე წრეში თურქ ენეშ ბანდირმასთან სამსეტიან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა და მას შემდეგ , რაც ფინალამდე თურქიც შეაჩერეს, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსიც დაკარგა.
ოთარ მაღლაკელიძე