სერბეთის ქალაქ ზრენიანინში, ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრების ოთხი წევრი გავიდა ხალიჩაზე და სამმა მედალი მოიპოვა. ბექა პეტრიაშვილი (74 კგ) ფინალში დამარცხდა და ვერცხლი ირგუნა, ხოლო თენგიზ ჩოჩიშვილი (60 კგ) და თედორე ებანოიძე (96 კგ) ბრინჯაოებს დასჯერდნენ.
ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ და ტურნირის ორგანიზატორებმა ინფორმაციის ოპერატიულად გავრცელებით როგორც წესი, თავი არც ამჯერად შეიწუხეს. ისღა დაგვრჩენოდა, დღის შემაჯამებელი მიმოხილვა გულშემატკივართა მიერ პირადად მოპოვებულ და სპორტულ ფორუმებზე ატვირთულ ცნობებზე დაყრდნობით დაგვეწერა, რომ უეცრად, ჩემპიონატის ოფიციალურ ვებგვერდზე შევსებული ბადეები გამოფინეს.
ბექა პეტრიაშვილმა ფინალის გზაზე უკრაინელი ვიტალი ჟუკოვი, ბულგარელი მიროსლავ კიროვი და უნგრელი ბალინტ მოლნარი ჩამოიცილა. სადებიუტო ახალგაზრდულ ევროპირველობაზე უმალ ოქროს მედლის მოგებამდე კი, თურქი აბდულკადირ ოზმენის ძლევა დააკლდა.
ევროპის შარშანდელი ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორმა თენგიზ ჩოჩიშვილმა შედეგის გაუმჯობესების ან განმეორების შანსი მეოთხედფინალში დაკარგა, აზერბაიჯანელ ხაჯი ალიევთან წაგებით. იქამდე ქართველმა მოჭიდავემ მოლდოველი მაქსიმ პეპელიტას ძლევა მოასწრო, ხოლო მას შემდეგ, რაც ალიევი ფინალში გავიდა, ჩოჩიშვილი დამამშვიდებელ ეტაპზე გადაერთო და უნგრელ ჟოზეფ მოლნართან და რუს აბდურახმან ბაგამაევთან მოპოვებული გამარჯვებების შემდეგ კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ავიდა.
თედორე ებანოიძემ პეტრიაშვილის მსგავსად, პირველად იჭიდავა ევროპის ახალგაზრდულ პირველობაზე. ლატვიელ ნიკიტა პეტროვსსა და გერმანელ რობენ მიჩელ ფერდინანდს ძალიან ადვილად გასცდა. ნახევარფინალში კი რუს ბატრაზ გაზაევთან სამსეტიან დაძაბულ ორთაბრძოლაში დამარცხდა და რეპეშაჟის ფინალში გადაერთო, სადაც გაზაევის ჯავრი იტალიელ სტეფანო ტრაპანიზე იყარა.
სამეულს მიღმა ევროპისა და მსოფლიოს მოქმედი პრიზიორი ლაშა ტალახაძე (50 კგ) დარჩა. სერბულ ხალიჩაზე ჭიდაობა საკმაოდ კარგად დაიწყო, მაგრამ სომეხი არტაკ ჰოვანესიანისა და თურქი მუამერ სანჩაკის ჩამოშორების შემდეგ, ნახევარფინალში მოლდოველ გეორგე კოსტინთან ვეღარას გახდა. რეპეშაჟის ფინალში კი გერმანელი მარკ ლუიტლისგან იწვნია მარცხი და ჩემპიონატი მეხუთე ადგილით დაასრულა.
ცნობისთვის, ევროპირველობა ოთხივე ქართველმა მოჭიდავემ მერვედფინალით დაიწყო, მონაწილეთა სიმცირის გამო. 50 კილოგრამ წონით კატეგორიაში მხოლოდ 15 სპორტსმენი მოგროვდა. მათგან 7 ყოფილი საბჭოთა კავშირის წარმომადგენელი. 60 და 74 კილოგრამებში 20-20 მონაწილე შეიკრიბა, ხოლო 96-ში – 16.
22 ივნისს ჩემპიონ-პრიზიორები თავისუფალთა დარჩენილ ოთხ წონაში: 55, 66, 84 და 120 კილოგრამებში გამოვლინდებიან. საქართველოს სახელით ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, დავით ტლაშაძე, დავით მარსაგიშვილი და გენო პეტრიაშვილი იჭიდავებენ.
ოთარ მაღლაკელიძე
თავისუფალი ჭიდაობა
ახალგაზრდები
ევროპის ჩემპიონატი
ზრენიანინი
21 ივნისი
50 კგ
1 ალდარ ბალჟინიმაევი (რუსეთი)
2 კოსტინ ჟედრე (მოლდოვა)
3 მირჯალალ ჰასანზადე (აზერბაიჯანი)
3 მარკ ლუიტლი (გერმანია)
60 კგ
1 უზან ომერი (თურქეთი)
2 ხაჯი ალიევი (აზერბაიჯანი)
3 თენგიზ ჩოჩიშვილი (საქართველო)
3 რაფალ სტატკევიჩი (პოლონეთი)
74 კგ
1 ოზმენ აბდულ კადირი (თურქეთი)
2 ბექა პეტრიაშვილი (საქართველო)
3 ვიტალი ჟუკოვი (უკრაინა)
3 შამილ კატინოვასოვი (რუსეთი)
96 კგ
1 ასლანბეკ ალბოროვი (აზერბაიჯანი)
2 ბატრაზ გაზაევი (რუსეთი)
3 თედორე ებანოიძე (საქართველო)
3 გლებ კუტეი (უკრაინა)