მანუჩარ ცხადაია მსოფლიოს ორგზის პრიზიორია. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა ორი წლის წინანდელ ვერცხლს დღეს თურქეთში კიდევ ერთი ვერცხლი მიამატა.
66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ცხადაიამ სტამბოლში ხუთი მეტოქე დაამარცხა. საფინალო გზას ალჟირელი მოჰამედ სერირის ძლევით შეუყვა, თუმც დასაწყისი არც თუ იოლი ჰქონდა. პირველ პერიოდში 1:3 წააგო და მხოლოდ ამის შემდეგ დაჩაგრა მეტოქე – 3:0, 6:0. შვეიცარიელ პასკალ შტრებელს გაცილებით იოლად მოუმთავრა საქმე. მერვედფინალში, ევროპის წლევანდელ ვიცეჩემპიონს, უნგრელ ტამაშ ლორინცს საკმაოდ დაძაბულ, სამპერიოდიან ბრძოლაში აჯობა.
წილისყრამ ქართველის ბადეში განთესა ჩემპიონობის უმთავრესი ფავორიტი, რუსეთის სახელით მოჭიდავე ამბაკო ვაჩაძე. მისი და ცხადაიას გზები ერთმანეთს ნახევარფინალში კვეთდა, მაგრამ, მოულოდნელად, ვაჩაძე ხალიჩაზე ერთადერთხელ გავიდა – მსოფლიოს პირველობას პირველივე წრიდან დაემშვიდობა, ხორვატ დანიელ იანეჩიკთან წაგებით. პირველსავე წრეში ერთი მოულოდნელი და ამავდროულად, ქართველი გულშემატკივრებისთვის სასიამოვნო შედეგიც დაფიქსირდა - უკრაინის სახელით მოჭიდავე სომეხმა არმენ ვარდანიანმა პორტუგალიელ ჰუგო პასოსთან წაიფორხილა. ვარდანიანიც მანუჩარ ცხადაიას ბადეში იყო და ვინ იცის, იქნებ მწვრთნელები ქართველთან დაპირისპირებასაც უგეგმავდნენ.
მეოთხედფინალსა და ნახევარფინალში საქართველოს 2009 წლის საუკეთესო სპორტსმენმა ორი ადვილი გამარჯვება მოიპოვა. კუბელ პედრო ისააკ მულენს ჰერერას 3:0, 3:0 სძლია, ხოლო ამერიკელ ჯასტინ დაშაუნ ლესტერს – 4:0, 4:0. გადამწყვეტ შეხვედრაში კი ირანელ საეიდ მორად აბდვალისთან ასევე ორ პერიოდში წააგო – 0:1, 0:2.
დღესვე მედლები 55 და 96 კილოგრამ წონით კატეგორიებშიც გათამაშდა. საქართველოს სახელით ლაშა გოგიტაძემ (55 კგ) და ირაკლი ქაჯაიამ (96 კგ) იჭიდავეს, მაგრამ ჩემპიონატს ორივე თითო ჩატარებული შეხვედრით დაემშვიდობა.
გოგიტაძემ პირველსავე წრეში წააგო, უკრაინელ ვუგარ რაგიმოვთან. ქაჯაია კი ტურნირში პირდაპირ მეორე წრიდან – მეთექვსმეტედფინალიდან ჩაერთო და თავისზე ბევრად გამოცდილ მეტოქესთან, ეგვიპტელ მუჰამედ იბრაჰიმ აბდელფათაჰთან დამარცხდა. საქართველოს ნაკრების დებიუტანტმა პირველი პერიოდი მოიგო და უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. ფინალს ვერც რაგიმოვმა და აბდელფათაჰმა უწიეს და ქართველებმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსიც დაკარგეს.
ხვალ მედლები 60, 84 და 120 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდება. საქართველოს დროშის ქვეშ ევროპის მოქმედი ჩემპიონი რევაზ ლაშხი (60 კგ), ვლადიმერ გეგეშიძე (84 კგ) და შოთა გოგისვანიძე (120 კგ) იჭიდავებენ.
ლაშხი ტურნირში მეორე წრიდან - მეთექვსმეტედფინალიდან ჩაერთვება, მსოფლიოს იაპონელ ვიცეჩემპიონთან, რიუტარო მაცუმოტოსთან შეხვედრით. გამარჯვების შემთხვევაში კი ფრანგ ტარიკ ბელმადანსა და სამხრეთკორეელ ჯი-იუნ იანგს შორის საუკეთესოს დაეჭიდება.
გეგეშიძის პირველი მეტოქე ფრანგი მელონინ ნუმონვი იქნება. ამ წყვილში გამარჯვებულის მომავალ მეტოქეს ხორვატი ნენად ზუგაჟისა და შვეიცარიელი ტომას შუპიგერის დაპირისპირება გამოავლენს.
გოგისვანიძე წილისყრამ პირველ წრეში ირანელ ბაშირ ასგარი ბაბაჯანზადესთან დააწყვილა. მათ შორის მოგებული კი სავარაუდოდ, ბელარუსის სახელით მოჭიდავე იოსებ ჩუგოშვილს შეხვდება.
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
მსოფლიოს ჩემპიონატი
სტამბოლი
12 სექტემბერი
55 კგ
1 როვშან ბაირამოვი (აზერბაიჯანი)
2 ელბეკ ტაჟიევი (ბელარუსი)
3 შუჯინ ლი (ჩინეთი)
3 ბეკხან მანკიევი (რუსეთი)
66 კგ
1 საეიდ მორად აბდვალი (ირანი)
2 მანუჩარ ცხადაია (საქართველო)
3 ჰიონ-ვო კიმი (სამხრეთ კორეა)
3 პედრო ისააკ მულენს ჰერერა (კუბა)
96 კგ
1 ელის გური (ბულგარეთი)
2 ჯიმი ალექსანდერ ლიდბერგი (შვედეთი)
3 ჩენკ ილდემი (თურქეთი)
3 რუსტამ ტოტროვი (რუსეთი)
ოთარ მაღლაკელიძე