ჭიდაობა

11:19 | 7.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვერცხლ-ბრინჯაოს დღე

 

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა თეირანში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის - “ტახტის თასის” პირველ დღეს 2 მედალი მოიპოვა. 65 კილოგრამ წონით კატეგორიაში კონსტანტინე ხაბალაშვილი ვერცხლს დაეუფლა, ხოლო 97 კილოგრამში დათო ქერაშვილი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

გუშინდელი დღის მთავარი ინტრიგა საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის, ევროპის 5-გზის და მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონ ლუკა კურტანიძის სატურნირო ასპარეზზე დაბრუნება იყო. 41 წლის თავისუფალი სტილით მოჭიდავემ თავისი გადაწყვეტილებით და უშუალოდ ჭიდაობისას ნაჩვენები ახალგაზრდული შემართებით თეირანის დარბაზის ტრიბუნებზე მსხდომი მაყურებლები აღაფრთოვანა. ირანული სააგენტოების ცნობით, კურტანიძემ ახალგაზრდებს შორის ევროპის მოქმედ ჩემპიონთან, თურქ ალი ბონჩიოღლუსთან ლამაზად იჭიდავა და რამდენიმე ეფექტური ილეთიც შეასრულა, მაგრამ ქულებიც ბლომად დაკარგა და საბოლოოდ 10:12 დამარცხდა. მოგვიანებით კი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსიც დაკარგა, რადგან ბონჩიოღლუმ ფინალში ვერ გააღწია.

ლუკა კურტანიძეს ხალიჩაზე დაბრუნება პირველმა მიულოცა ყოფილმა მეტოქემ, ირანის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რასულ აგადი ჰადემმა.

გუშინ ჩემპიონ-პრიზიორები ოთხ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. საქართველოს ნაკრების წევრთაგან, ხაბალაშვილისა და კურტანიძის გარდა საქმეში ბექა ბუჯიაშვილი, ოთარ გოგავა, ლაშა ტალახაძე (ოთხივე 57 კგ) და იაკობ მაქარაშვილიც (74 კგ) ჩაერთნენ, მაგრამ სამეულს მიღმა დარჩნენ.

დღეს მედლები დარჩენილ ოთხ წონაში: 61, 70, 86 და 125 კილოგრამებში გათამაშდება. საქართველოს სახელით კი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (61 კგ), დიმიტრი ბასილაშვილი (70 კგ), სანდრო ამინაშვილი (86 კგ) და დავით მოძმანაშვილი (125 კგ) იჭიდავებენ.

0.116823