საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრებმა, სერბეთის ქალაქ ზრენჯანინში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატი ორი მედლით გახსნა. ემზარიოს ბენტინიდისის შეგირდთაგან, კვარცხლბეკზე რამაზ ზოიძე (58 კგ) და ირაკლი მხეიძე (50 კგ) ავიდნენ.
რამაზ ზოიძეს უმაღლეს ტიტულამდე გადამწყვეტი გამარჯვებაღა დააკლდა – ოქროს მედლისთვის შეხვედრა, თურქ სელიმ კოზანთან წააგო (0:7). ფინალის გზაზე, ზოიძემ მონღოლი ჩოიდოგჟამს ჟამსრანიავი (2:2 3:0), ბელარუსი დენის მაქსიმაუ (8:0), მოლდოველი მაქსიმ საკულტანი (1:3 5:0) და რუსეთის ნაკრების წევრი ურუზბეგ ჩომარტოვი (9:5) ჩამოიცილა. შეგახსენებთ, ზოიძემ ორიოდ თვის წინ, ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ირაკლი მხეიძე, ძირითად ბადეში უნგრელი რიჩარდ ვილჰელმის ძლევის (9:1) შემდეგ, აზერბაიჯანის ნაკრების წევრ მაჰირ ამირასლანოვთან ვეღარას გახდა (4:8 0:4) და მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა ფინალის საგზური მოიპოვა, თავად რეპეშაჟში გადაერთო. ბრინჯაოს გზაზე კი სამი შეხვედრა მოიგო: სამხრეთაფრიკელ ხუან პიერ ბაისთან (3:2), ამერიკელ სპენსერ ლისთან (6:3) და პოლონელ პატრიკ ოლენჩინთან (8:0).
საპრიზო სამეულთან ტარიელ გაფრინდაშვილიც (69 კგ) ძალიან ახლოს იყო, მაგრამ საბოლოოდ, მეხუთე ადგილს დასჯერდა. ძირითად ბადეში ვენესუელელი შალონ ველეგასისა (5:0) და ამერიკელი ჯონ ჯეი ჩავესის (6:0) ძლევის შემდეგ, ნახევარფინალში ირანელ კამრან გასემპურთან ვეღარას გახდა (0:8), “ბრინჯაოს ფინალში” გადაერთო და იქაც წააგო რუსეთის ნაკრების წევრ თემურ ბიჟოევთან (2:7).
დღეს მედლები სულ ხუთ წონით კატეგორიაში გათამაშდა. საქართველოს ნაკრებს კი მონაწილე ოთხ წონაში ჰყავდა. 42 კილოგრამი ქართველების გარეშე ჩაჭიდავდა, ხოლო 85 კილოგრამში, ხალიჩაზე ვაჟა ომარაშვილი გავიდა და პირველსავე წრეში ყირგიზ ბეკსულთან სულთანალიევთან დამარცხდა (0:7).
მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლო დღეს, 25 აგვისტოს, ჩემპიონ-პრიზიორები 46, 54, 63, 76 და 100 კილოგრამებში გამოვლინდებიან. საქართველოს სახელით კი, გიორგი ყაზარაშვილი (54 კგ), ედუარდ ნიკოლიშვილი (63 კგ), გიორგი გიორგობიანი (76 კგ) და გივი მაჭარაშვილი (100 კგ) იჭიდავებენ. 46 კილოგრამ წონით კატეგორიაში, მსოფლიოს პირველობაზე წამსვლელ ქართულ განაცხადში, ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი შმაგი თოდუა იყო შეყვანილი, მაგრამ ტურნირის ბადე, რატომღაც, მის გარეშე შეივსო.