სოფიაში მიმდინარე სამბისტთა მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე დღე საქართველოს ჭაბუკთა და ახალგაზრდული ნაკრებების წევრებისთვის საკმაოდ უხვმოსავლიანი გამოდგა. საქმეში რვა სპორტსმენი ჩაერთო და ექვსი მათგანი კვარცხლბეკზეც ავიდა, მაგრამ უმაღლეს საფეხურს ვერც ერთი მათგანი ვერ შეწვდა.
ჭაბუკთა ნაკრების წევრებმა გუშინდელის მსგავსად, თითო ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ლევან კირკიტაშვილს (65 კგ) მსოფლიოს ჩემპიონობამდე რუსი რამაზან კოჟაკოვის ძლევაღა დააკლდა. მძიმეწონოსანი გიორგი ლაზუაშვილი კი მესამე ადგილს დასჯერდა.
ახალგაზრდული გუნდის წევრთაგან ფინალში ირაკლი ლომიძემ (68 კგ) და უშანგი კოკაურმა (+100 კგ) იჭიდავეს. ლომიძე რუს ელი ილიასოვთან დამარცხდა, ხოლო კოკაური – რუმინელ დანიელ ნატეასთან. გივი ნადარეიშვილი (52 კგ) და თემურ ხაჩიძე (90 კგ) ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ.
ოთარ მაღლაკელიძე