საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა, რომელიც ევროპის ჩემპიონატის A დივიზიონში დასარჩენად იბრძვის, მორიგი მატჩი გამართა და ამჯერადაც მარცხი განიცადა. დავით უსტიაშვილის შეგირდები მასპინძელ ესტონეთს დაუპირისპირდნენ და 52:74 წააგეს.
შეგახსენებთ, რომ ქართველი კალათბურთელები მეცამეტე-მეოცე ადგილებისთვის თამაშობენ და H ჯგუფში ესტონელთა გარდა, მეტოქეებად ბულგარეთი და შვედეთიც ჰყავთ.
თუკი საქართველოს ნაკრები საუკეთესო ორ გუნდს შორის მოხვდება, ელიტაში დარჩენა განაღდებული ექნება, ხოლო უარეს ორეულში გასვლის შემთხვევაში, ქართველები მაჩანჩალა ოთხ გუნდს შორის აღმოჩნდებიან, საიდანაც A დივიზიონში ერთადერთი გუნდიღა დარჩება.
ესტონელებთან შეხვედრას ქართველები დიდი დანაკლისით შეხვდნენ. თითქოს გუნდის ლიდერის ბექა ბურჯანაძის არყოფნა არ კმაროდა, გასულ მატჩში ვერც ტრავმირებულმა გიორგი ცირეკიძემ (საშუალოდ 9.5 ქულა და 4.3 მოხსნა გასულ შეხვედრებში) ითამაშა.
მის არყოფნაში, 13 ქულით 4 მოხსნით და 4 ჩაჭრით ოთარ ფხაკაძე გამოირჩა, რევაზ როგავამ 10 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა, ხოლო შოთა გელაზონიამ 6 ქულას 14 მოხსნა წაამატა.
16 ივლისს საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ბულგარეთს ეთამაშება, რომელმაც დღეს შვედეთს 61:57 სძლია.